ევრობასკეტი 2013

საქართველოს მეტოქეები

გუშინ ევროპის 2013 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა მოეწყო: საქართველოს ეროვნული ნაკრები მეოთხე ჯგუფში იასპარეზებს ბოსნია-ჰერცეგოვინის, ლატვიის, ჰოლანდიის და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად.

ლიტვაში, წლევანდელ ევროპირველობაზე წარმატებული თამაშის შემდეგ ჩვენი გუნდი პირველ კალათაში იყო განთესილი სერბეთის, თურქეთის, გერმანიის, ფინეთის და ხორვატიის ნაკრებებთან ერთად. შესარჩევი მატჩები გაისად 15 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ევრობასკეტს 2013 წელს სლოვენია უმასპინძლებს. სლოვენიელთა გარდა კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე თამაში უკვე გაინაღდეს ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებმა საფრანგეთმა, ესპანეთმა და დიდი ბრიტანეთის ნაკრებმა, ასევე საბერძნეთმა, ლიტვამ, რუსეთმა და მაკედონიამ. მათ ეს უფლება ოლიმპიადის საკვალიფიკაციოში მონაწილეობით დაიბევეს.

 

კომენტარები