მიხეილ სააკაშვილმა ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი შეიწყალა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელის მთვარობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე მიიღო.
„2011 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე - ჰუმანური მოსაზრებების, ასევე ფუქსისა და ფრენკელის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება მათი შეწყალების შესახებ“ - განაცხადა პრესსპიკერმა.
ისრაელის მოქალაქეები - რონ ფუქსი და ზეევ ფრენკელი ქართველმა სამართალდამცველებმა 2010 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ისინი თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის მიცემისთვის დამნაშავედ სცნო და მათ პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ ფუქსის პატიმრობის ვადად 7 წელი, ფრენკელის კი - 6 წელი განსაზღვრა. ამის გარდა, მსჯავრდებულებს 100 ათასი და 500 ათასი ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.
2011 წლის ზაფხულში ბიზნესმენების ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. მანამდე, აპრილში პრეზიდენტ სააკაშვილს პატიმრების შეწყალების თხოვნით ფუქსისა და ფრენკელის ოჯახის წევრებმა მიმართეს. შვილები მოთხოვნის მიზეზად მშობლების ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდნენ.




