ტელეკომპანია მაესტრო

ვნებათაღელვა მაესტროს გარშემო გრძელდება

ტელეკომპანია ”მაესტროს” შენობაში და მის გარეთ ვნებათაღელვა გრძელდება. ტელევიზიის ჟურნალისტები მოითხოვენ ეროსი კიწმარიშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად დატოვოს ტელე-კომპანიის შენობა. თავის მხრივ კიწმარიშვილმა მოითხოვა ტელე-კომპანიის შენობა დატოვოს მამუკა ღლონტმა . კიწმარიშვილი აცხადებს, რომ” ღლონტი მისი ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლებულია”. თავის მხრივ, ღლონტი და ”მაესტროს” სხვა დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ კონტრაქტი კიწმარიშვილის მიერ დაფუძნებულ მმართველ კომპანიასთან დღეიდან გაწყვეტილია. ისინი კიწმარიშვილს ”სხვის ქონებაში შეჭრაში” ადანაშაულებენ. ტელე-კომპანიასთან დილიდან მობილიზებულია პოლიცია. იქ დღის მანძილზე მიდიოდნენ ”მაესტროს” მხარდამჭერები: სხვა მედია საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები , ასევე პოლიტიკოსები. მათი მხრიდან ხშირად ისმოდა ბრალდება ხელისუფლების მისამართით, თითქოს ხელისუფლება ეროსი კიწმარიშვილის გამოყენებით ებრძვის მაესტროს. ანალოგიური პრეტენზია ხელისუფლების მიმართ გამოხატა ”მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმაც. თავის მხრივ კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ 30 ნოემბრის აჟიოტაჟს საბაბი დამფუძნებლემა მისცეს და მომხდარით ”სააკაშვილი გაახარეს”. ”ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ არ სცნობს დამფუძნებლების გადაწყვეტილებას მმართველ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე და დამფუძნებლებს მის მიერ ”მაესტროში მიზიდული თანხების” არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ამასთან, კიწმარიშვილმა დაადასტურა, რომ 2009 წელს ბიძინა ივანიშვილისგან ნამდვილად მიიღო 564 450 ლარი.

ვნებათაღელვა დილით დაიწყო, როცა კიწმარიშვილი თანმხლები პირებით ”მაესტროში” მივიდა და შენობაში ღობეზე გადაძვრომის გზით შეაღწია. ეს მოხდა მას შემდეგ რაც ტელე-კომპანიის დამფუძნებლებმა ის, როგორც ”მაესტროს” მმართველი კომპანიის წარმომადგენელი ტელევიზიის შიდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულეს. მანამდე, კიწმარიშვილმა მოუწოდა ”მაესტროს” ჟურნალისტებს ”დაეძლიათ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენით შექმნილი ეიფორია და ობიექტურად, ბალანსის დაცვით გაეშუქებინათ მოვლენები.” კიდევ უფრო ადრე ივანიშვილმა ღიად გამოხატა რომელიმე ტელე-კომპანიის ერთ ლარად შეძენის სურვილი და თან მკვეთრად გააკრიტიკა ეროსი კიწმარიშვილი, თქვა რომ არ ითანამშრომლებდა მასთან. ამის მიუხედავად კიწმარიშვილმა ივანიშვილთან მისასვლელი გზის დატოვება სცადა და განაცხადა , რომ მზად იყო მასთან მოსალაპარაკებლად , მათ შორის ”მაესტროს” საკითხზე. მაგრამ , ივანიშვილის და კიწმარიშვილის თანამშრომლობა არ გამოვიდა. გავიდა დრო და კიწმარიშვილმა ივანიშვილს ურჩია ”პოლიტიკაში არ დაიწყოს თავის დამკვიდრება მკითხაობით”.

30 ნოემბერს გავრცელდა ცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციაში გაატარა ”მაესტროს” წარმომადგენლის ლევან ჩიკვაიძის განცხადება ”მაესტროს” რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შესახებ. შედეგად გიორგი გაჩეჩილაძის ( ”უცნობის”) საკუთრებაში არსებული წილს - 25 პროცენტს - არხის სხვა პატრონები - მამუკა ღლონტი, ლევან ჩიკვაიძე, გიორგი ებრალიძე და ეკატერინე აკობია ყიდულობენ. თუმცა ოფიციალურად ეს წილი მათ საკუთრებაში 2012 წლის დეკემბრამდე გადავა, მანამდე კი ”უცნობის” წილი სამართავად ”მაესტროს” გენერალურ დირექტორს ილია კიკაბიძეს გადაეცემა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა ტელეკომპანია ”მაესტროში” განვითარებული მოვლენები ბიძინა ივანიშვილს უკავშირდებოდეს. ”ასეთი დასკვნის გამოტანა ლოგიკურია იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც ივანიშვილის მიერ “მაესტროს” ყიდვის სურვილს უკავშირდებოდა. ივანიშვილის მხრიდან საუბარი იყო თანხაზე და ახლაც მიდის საუბარი თანხაზე თანამფლობელებისა თუ თანამმართველების მხრიდან. რა ტონალობითა და რა ფორმით, ეს განსასჯელად საზოგადოებისთვის მიმინდია”, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა .

საღამოს ”მაესტროს” პირდაპირ ეთერში ჩართვისას ეროსი კიწმარიშვილმა თქვა : ”მაესტროს დამფუძნებლებს ფული მოუნდათ, მეტი ფული და მე მათ არ მივეცი საშუალება ჩემი გადაგდებით იშოვონ მეტი ფული.” მამუკა ღლონტმა ნათქვამზე საპასუხოდ ”მაესტროს” პირდაპირ ეთერშივე აღნიშნა : ” სანამ მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს მმართველი ”მაესტროს” წილი არ გაიყიდება.” ”მაესტრიდან” გავრცელებული ცნობით მამუკა ღლონტი და ეროსი კიწმარიშვილი ტელე-კომპანიის შენობაში სხვა და სხვა ოთახეში არიან ჩაკეტილები . ტელე-კომპანიის ჟურნალისტები მთელი  დღის მანძილზე მოუწოდებდნენ  კიწმარიშვილს  დაეტოვებინა შენობა და  მათთვის მიეცა მუშაობის საშუალება.  ”მაესტროში” განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილიც,  მან  თქვა, რომ დაუშვებელია ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა. 

კომენტარები