ტელეკომპანია მაესტრო

მაესტრო ეროსი კიწმარიშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს

ტელეკომოპანია ”მაესტრო” ეთერში გავიდა, თუმცა ტელე- კომპანიასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, შენობასთან მისულები არიან სხვა მედია საშუალებების და აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენლები. ტელე-კომპანიის მიერ გავრცელებული ცნობით , თანამშრომელთა ნაწილი შესულია შენობაში, ნაწილს კი სამსახურში შესვლის საშუალება არ ეძლევა. ”მაესტროს” შენობაში რჩება ეროსი კიწმარიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად. მან დღეს დილით, დაახლოებით 7 საათზე ღობეზე გადაძვრომის გზით შეაღწია ტელე-კომოპანიის შენობაში და განაცხადა, რომ სამსახურებიდან დაითხოვა არხის მთავრი პროდიუსერი, გენერალური დირექტორი და სხვა პირები. მომხდარის გამო არხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია. სამსახურში მისულ ჟურნალისტებს არ მიეცათ მუშაობის დაწყების საშუალება, რის გამოც ”მაესტროს” ეთერი დილიდან გათიშული იყო. არხის დამფუძნებლებმა ( კიწმარიშვილმა დღეს დილით თქვა , რომ ეს პირები სამსახურიდან დაითხოვა) განაცხადეს, რომ ”მაესტრო ” წყვეტს ყველანაირ კავშირს კიწმარიშვილის მიერ დაფუძნებულ მმართველ კომპანიასთან , მაგრამ კიწმარიშვილი ამბობს, რომ მმართველ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი 3 წლიანია და ის ძალაშია.

ტელე-კომპანიის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ”მაესტროს” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ დაახლოებით ერთ საათში ”მაესტრო” მიმართავს პროკურატურას და მოითხოვს კიწმარიშვილის და მისი თანმხლები პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, რადგან გაბუნიას სიტყვებით კიწმარიშვილი”უკანონოდ გადაძვრა და შეიჭრა სხვის ქონებაში.” ამასთან, ადვოკატის თქმით , კიწმარიშვილს, როგორც ”მმართველი კომპანიის დამფუძნებელს არ ჰქონდა უფლება გაეთავისუფლებინა არხის გენერალური დირექტორი და სხვა პირები.” გაბუნიამ აღნიშნა ისიც, რომ ბოლო კვირებში ისედაც მიდიოდა პროცესი კიწმარიშვილის კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტისკენ და მოცემული მომენტში ეს კონტრაქტი უკვე გაწყვეტილია. კონტრაქტის გაწყვეტის საბაბად დამფუძნებლები აცხადებენ, რომ კიწმარიშვილის მხრიდან ”ადგილი ჰქონდა ტელე-კომპანიის შიდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობას.”

თავის მხრივ ეროსი კიწმარიშვილი არ სცნობს დამფუძნებლების მხრიდან მმართველი კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ მოითხოვს კომპანიის ფინანსურ რევიზიას. კიწმარიშვილის განცხადებით: ” თანხები , რომელიც მან ტელე-კომპანიისთვის მოიზიდა არამიზნობრივად არის გამოყენებული.” ადვოკატმა გაბუნიამ კი მაესტროს ეთერში თქვა, რომ ეს თანხები კიწმარიშვილს არ მოუზიდავს , ”ეს თანხმები მაკა ასათიანმა გაიღო”.

”მაესტროში ” განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და განმარტა, რომ მიღებული შეტყობინების შემდეგ საპატრულო პოლიცია ადგილზეა და მის მიზანს წარმოადგენს მხარეებს შორის არ მოხდეს ფიზიკური შეხლა-შემოხლა. განცხადება გააკეთა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამაც, მან მოუწოდა დამფუძნებლებს სამართლებრივი გზით გადაწყვიტონ დავა და უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის თავისუფალი გარემო პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად.

 

 

 

 

კომენტარები