სამეფო ოჯახი

ახალშობილ მუხრან ბატონს ბაბუა ტახტის მემკვიდრედ არ აღიარებს

ბაგრატიონთა ოჯახში კვლავ უთანხმოებაა. 27 სექტემბერს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, ვაჟი – გიორგი შეეძინათ. მონარქისტები იმედოვნებდნენ, რომ სწორედ ახლადდაბადებულ ბაგრატიონს შეეძლო აქამდე არსებული დაპირისპირების აღმოფხვრა ბაგრატიონთა ორ შტოს – გრუზინსკებსა და მუხრანელებს შორის. მათ ქორწინებას მონარქიული იდეის პრესტიჟი უნდა აემაღლებინა. თუმცა გიორგის გაჩენამ არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავა. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი შვილიშვილს, თავის კანონიერ მემკვიდრედ არ აღიარებს, რადგან სიძემ – დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა – არარსებულ სამეფო ტახტზე სიმამრის უპირატესობა არ ცნო.

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, საკუთარი კანცელარიის მიერ გავრცელებულ წერილში განმარტავს, რომ ორი შტოს შერიგებასთან დაკავშირებით, აქამდე საზოგადოებას არასწორი წარმოდგენა ჰქონდა. მისი კანცელარია აცხადებს, რომ ბატონიშვილ ნუგზარს არასდროს უცვნია თანასწორად მუხრანელები და ამ უპირატესობას – როგორც თავად ამბობს – ხელის სათხოვნელად მისული დავით მუხრანელიც აღიარებდა. კახელი ბაგრატიონების წარმომადგენლის ნუგზარ გრუზინსკის „უპირატესობა თანასწორთა შორის” საქართველოში მცხოვრებმა ყველა ბაგრატიონმა 2006 წელს სპეციალური მემორანდუმით აღიარა. ამ დოკუმენტის ხელმომწერთა ერთ-ერთი არგუმენტი იყო რუსეთის სამეფო კარის 1801 წლის „წყალობა”, სადაც იმპერატორმა „უგანათლებულესი თავადის” წოდება მხოლოდ „ბატონიშვილ” ნუგზარის წინაპრებს მიანიჭა. 

ბატონიშვილის კანცელარია აცხადებს, რომ პატრიარქთან შეხვედრის დროს, ნუგზარ გრუზინსკიმ სასიძოს თანდასწრებით მოითხოვა, დინასტიურ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, ქორწილამდე გაფორმებულიყო საქორწინო ხელშეკრულება ან ჯვრისწერის ცერემონიალში დაცული ყოფილიყო ტახტის მემკვიდრის, ბატონიშვილი ანას უპირატესობა მისი მომავალი მეუღლის მიმართ. დოკუმენტში უნდა აღნიშნულიყო დასაქორწინებელთა სტატუსები, შესაბამისად, ამ ქორწინებიდან შობილი შვილიც სამეფო სტატუსს მიიღებდა დედის მხრიდან. 

მიზეზთა გამო, საქორწინო ხელშეკრულება არ დაიდო, შესაბამისად, ახალშობილი ყრმა გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელია და არა გრუზინსკი. ეს ნიშნავს, რომ გრუზინსკების დინასტიას აგრძელებს ანას პირველ ქორწინებაში შობილი შვილი – ირინე ბაგრატიონ-გრუზინსკი. ირინეს მამას, ანას პირველ მეუღლეს, გრიგოლ მალანიას ბატონიშვილმა ნუგზარმა თავადობა უბოძა და მის შვილებს საკუთარი გვარი მისცა. 

ბაგრატიონებს შორის დაპირისპირება არახალია. ყველაფერი 1466 წელს დაიწყო, როცა მეფე გიორგი მერვემ თავისი ნებით უარი თქვა ერთიანი ქვეყნის მეფობაზე და კახეთის პირველი მონარქი გახდა. ქართლში მისი შვილი კონსტანტინე ავიდა ტახტზე, იმერეთში კი მათი ბიძაშვილი – ბაგრატი. 

დღეს ბაგრატიონთა სამი შტო აცხადებს სამეფო ტახტზე პრეტენზიას. მე-18 საუკუნეში ქართლ-კახეთში გამეფებულ კახელ ბაგრატიონთა შთამომავლები თავს ბაგრატიონ-გრუზინსკებს უწოდებენ. ბაგრატიონ-მუხრანსკებად რუსეთში გაქცეული ქართლის მეფის, ვახტანგ მეექვსის შთამომავლები იწოდებიან. იმერული სამეფო ტახტის მემკვიდრეობაზე პრეტენზია კი თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითში მცხოვრებ ბაგრატიონებს აქვთ.  

მუხრანული შტო თავის პრეტენზიებს იმით ამყარებს, რომ ქართლის სამეფო სახლი კახეთისა და იმერეთისაზე უპირატესი იყო. სწორედ კონსტანტინე მეორემ და მისმა მემკვიდრეებმა შეინარჩუნეს ერთიანი საქართველოს მეფეთა სრული ტიტულატურა და ნუმერაცია. 1466 წლის შემდეგ, კახეთში ხელახლა გამეფებული გიორგი არა მერვედ, არამედ გიორგი პირველად, კახეთის პირველ მეფედ იწოდებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეოცე საუკუნეში ევროპულმა მონარქიებმა სწორედ მუხრანელთა ოჯახი აღიარეს სამეფო სახლად. თუმცა მუხრანელები კონსტანტინე მეორის შტოს პირდაპირ არ ეკუთვნიან. კონსტანტინე მეორეს შთამომავალს, მეფე როსტომს შვილი არ ჰყავდა, მან მემკვიდრედ მუხრანის ბატონი ვახტანგი – შემდგომში ვახტანგ მეხუთე დატოვა. ამასთან, მუხრანელი ბაგრატიონების სამეფო შტომ არსებობა მას შემდეგ  შეწყვიტა, რაც ვახტანგ მეექვსე საქართველოდან წავიდა. საქართველოში დარჩენილი მისი თანამოგვარეები, რუსეთის იმპერიაშიც დაბალი რანგის ტიტულით სარგებლობდნენ.  

1930 წელს ემიგრაციაში წასულმა, მუხრანელთა ქვედა შტოს წარმომადგენელმა, გიორგი მუხრანელმა, ქალიშვილი ლეონიდა რუსეთის სამეფო ოჯახის მეთაურს ვლადიმირ კირილეს ძეს მიათხოვა. ვლადიმირისთვის აუცილებელი იყო ლეონიდასა და მუხრანელთა სამეფო წარმომავლობის საყოველთაო აღიარება – რუსეთის სამეფო კარზე არსებული წესის მიხედვით, სამეფო ტახტის მემკვიდრე იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა კანონიერად, თუ მისი დედაც სამეფო შტოს წარმომადგენელი იქნებოდა. თავდაპირველად ესპანეთისა და რუსეთის სამეფო სახლებმა მუხრანელთა შტო სწორედ ვლადიმირის გავლენით აღიარეს უპირატესად. ამას მოჰყვა შემდგომი აღიარებებიც.  

მიუხედავად ამისა, ესპანური მონარქიის დამოკიდებულება მუხრანელებთან ერთგვარი არ ყოფილა. 1946 წელს, ლეონიდას ძმა, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი დაქორწინდა მეფე ალფონსო მეცამეტეს ძმისწულზე, დონა მარიაზე. ვლადიმირმა ესპანეთის სამეფო სახლს მისცა რეკომენდაცია, მიეღოთ ქორწინება დინასტიურად – რაც ბარსელონას გრაფმა და ესპანეთის სამეფო სახლის მეთაურმა, დონ ხუანმა არ გააკეთა. ამ გვარიდან შობილი ერთადერთი შვილი ესპანური სამეფო მემკვიდრის სტატუსით არ სარგებლობდა. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნუგზარ გრუზინსკიმ დაიწყო ბრძოლა საკუთარი სტატუსის დაკანონებისათვის. მან თხოვნით მიმართა მონარქიულ საზოგადოებებსა და მუხრანელთა ოჯახს, გაესწორებინათ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში დაშვებული შეცდომა და სწორედ მისი გვარი ეღიარებინათ უპირატესად. ეს ძალიან საშიში იყო ვლადიმირ კირილის ძის შთამომავლებისათვის, რადგან  თუ ევროპული მონარქიები და ბაგრატიონ-მუხრანელთა ოჯახიც ნუგზარ გრუზინსკის ოჯახს აღიარებდნენ სამეფო შტოდ, მაშინ ისინი კარგავდნენ სამეფო ოჯახის სტატუსს. ვლადიმირისა და ლეონიდას ქორწინებას რომანოვების გვარის წარმომადგენლები ისედაც არ მიიჩნევენ კანონიერად. შესაძლოა, სწორედ ამ მოცემულობით ავხსნათ დავით მუხრანელის მიერ საქორწინო ხელშეკრულებაზე ხელის არმოწერა. 

რასაკვირველია, ნუგზარ გრუზინსკის ოჯახური საქმეები ქართული საზოგადოების ყურადღებას ნაკლებ მიიპყრობდა, რომ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერა, რომელმაც საპნის ოპერა პოლიტიკურ თემად აქცია. თუმცა იერარქთა ფანტაზიებს ქართული საზოგადოება ენთუზიაზმით არ შეხვედრია. 

კომენტარები