ევროპარლამენტი

ევროპარლამენტი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია

ევროპარლამენტმა  დღევანდელ პლენარულ სხდომაზე   დაამტკიცა რეზოლუცია , რომელშიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებად არის აღიარებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. რეზოლუციას 527-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 230. რეზოლუციის ტექსტი შეიცავს მოწოდებას რუსეთის მიმართ, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დაასრულოს მეზობელი  ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია. 

ევროპარლამენტის დღევანდელ რეზოლუციასთან დაკავშირებით ”ტაბულა ”  ბრიუსელში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას დაუკავშირდა. საქართველოს  წარმომადგენლის  სალომე  სამადაშვილის განმარტებით,  რეზოლუციის ტექსტი აფიქსირებს, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა და ევროკავშირის დამაარსებელი ხელშეკრულების, კერძოდ მისი 49-ე მუხლის თანახმად,   აქვს უფლება განაცხადოს პრეტენზია ევროკავშირის წევრობაზე.   

სამადაშვილის თქმით,  ევროპარლამენტის  17 ნოემბრის რეზოლუცია  არის გამორჩეული სხვა დოკუმენტებისგან, რადგან   მართალია  სხვა დოკუმენტებში აფხაზეთი და  ცხინვალის რეგიონი მოხსენიებულია  ოკუპირებულ ტერიტორიებად,  მსგავს დოკუმენტში   აქამდე არასდროს ყოფილა ჩანაწერი : ” ეს ტერიტორიები გამოცხადდეს   რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად ”.

” ევროპარლამენტმა  განსაზღვრება მისცა ამ ტერიტორიების სტატუსს დღევანდელი მდგომარეობით და  ძალიან მნიშვნელოვანია  რეზოლუციის ტექსტში მითითებული ფრაზა - ოკუპირებულია რუსეთის მიერ.”- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა . მან განმარტებას  დასძინა, რომ რეზოლუციაში  ხაზგასმულია  საქართველოში განხორციელებული ეთნიკური წმენდა ქართველების წინააღმდეგ  ,  ნათქვამია, რომ საჭიროა მომხდარის  გამოძიება და ეთნიკური წმენდის შედეგების შეფასება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.   ასევე,  სალომე სამადაშვილის თქმით,  რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს უკან წაიღოს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე.   ევროპარლამენტის რეზოლუციაში  საუბარია ევროკავშირსა  და საქართველოს შორის ურთიერთობის პერსპექტივაზეც, გამოთქმულია სურვილი დაჩქარდეს ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დასრულება და  სწრაფად  დაიწყოს  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები. რეზოლუციის ტექსტში საქართველო, თავისი რეფორმებით,  მოხსენიებულია აღმოსავლეთის პარტნიორობის ყველაზე წარმატებულ  მაგალითად.   

წინასწარ გავრცელებული ცნობებით, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში უნდა შესულიყო შესწორება - ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის  შეჩერების ფაქტიდან გამომდინარე  - და რეზოლუციას უნდა მოეწოდებინა საქართველოს ხელისუფლებისთვის შეეწყვიტა პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა.  სალომე სამადაშვილს ”ტაბულამ” ჰკითხა  შევიდა თუ არა  კენჭისყრის წინ მსგავსი შესწორება  რეზოლუციის  ტექსტში?

”შესწორება გასულ კვირაში მართლაც შეიმუშავა სოციალისტების ლიდერმა ჰანეს სვობოდამ.   შესწორების მისეულ  ვარიანტში საუბარი იყო ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეჩერებაზე. მაგრამ, სვობოდამ, როგორც ავტორმა  ორიოდე დღის წინ   უკან  გაიწვია    საკუთარი შესწორება , თან  განმარტა, რომ ის ეფუძნებოდა არასწორ ინფორმაციას.  თუმცა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მანვე ევროპარლამენტს მაინც  შესთავაზა ზეპირი სახის შესწორება.    მისი შეთავაზება გულისხმობდა რეზოლუციის ტექსტში შესულიყო მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი შეწყვიტოს  ოპონენტებზე დისპროპორციული ზეწოლა. ეს მიუღებელი აღმოჩნდა პარლამენტარების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, მათ ფეხზე წამოდგომით გააპროტესტეს რეზოლუციის ტექსტში აღნიშნული შესწორების შეტანის მოთხოვნა. როცა წინააღმდეგობას გამოხატავს 40 დეპუტატი შესწორება ავტომატურად იბლოკება. ამ შემთხვევაში წინააღმდეგი გაცილებით მეტი იყო. დეპუტატების უმრავლესობას მიჩნია, რომ საქართველოში მსგავსი პრობლემა არ დგას.”- უთხრა ”ტაბულას” სალომე სამადაშვილმა. მისივე  განმარტებით ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტიდან,  კენჭისყრამდე  ამოიშალა  სოციალისტების   მოთხოვნით  ინიცირებული ფრაზაც იმის შესახებ, რომ საქართველოში იდევნებიან იურისტები. ” ეს შენიშვნაც უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული. რეზოლუციის ტექსტში ჩაიდო დამატებითი მუხლი, რომლითაც ევროპარლამენტი მიესალმება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე რუსეთ-საქართველოს შეთანხმებას,  რაც  ამტკიცებს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას. ” - აღნიშნა სამადაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს 17 ნოემბრის რეზოლუციას ისტორიული უწოდა. "საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისთვის, საბოლოო დეოკუპაციისთვის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის, რეზოლუციაში კიდევ ერთხელ  აღინიშნა, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ოკუპაციას. ევროპის პარლამენტის მიერ  მიღებულ დოკუმენტში საქართველო აღიარეს ევროპულ სახელმწიფოდ და თქვეს, რომ მას აქვს უფლება გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წვერი, ეს არის შედეგი იმისა, რომ საქართველო იზრდება ეკონომიკურად. დღევანდელი დოკუმენტი ქმნის საფუძველს საქართველოს გამთლიანებისთვის"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.   

კომენტარები