საქართველო NATO-ში

საქართველო-NATO: ადგილზე ნაბიჯით იარ

„დღეს საქართველო უფრო ახლოსაა ალიანსთან, ვიდრე 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის წინ”, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 10 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოს ალიანსის წევრი 28 ქვეყნის ელჩთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში NATO-საქართველოს კომისიისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომები გაიმართა. ალიანსის წარმომადგენლები, ქვეყნის პირველი პირების გარდა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

„ჩვენი ყოველწლიური შეფასება ნათლად მიუთითებს, რომ საქართველომ ნამდვილად ბევრი რეფორმა განახორციელა. პროგრესი ცხადია, თუმცა, ბუნებრივია, გარკვეული სამუშაო ჯერ კიდევ გასატარებელია”, – განაცხადა თბილისში ყოფნისას ანდერს ფოგ რასმუსენმა. 

მას გაუჭირდა შეფასება, თუ როდის შეიძლება გახდეს საქართველო ალიანსის წევრი. რასმუსენის განცხადებით, ეს ქვეყანაში რეფორმების განხორციელებაზეა დამოკიდებული. რასმუსენისთვის ჯერჯერობით უცნობია, რას უნდა ელოდოს საქართველო მომავალ წელს ალიანსის ჩიკაგოს სამიტისგან. გენერალური მდივნის თქმით, სამიტის დასკვნით დოკუმენტში „ალბათ აღინიშნება პროგრესი, რომელსაც NATO საქართველოში რეფორმირების კუთხით ხედავს”.

რასმუსენმა დაადასტურა, რომ ძალაში რჩება 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მისი თქმით, NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად მუშაობა მიმდინარეობს.

ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების განმტკიცებისკენ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებისა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები „მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება იმისა, თუ რამდენად ძლიერია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები”. 

რასმუსენის თბილისში ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ ავღანეთის მისიაში მონაწილეობის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადებით, საქართველო ავღანეთში კიდევ ერთ ბატალიონს გაგზავნის. დღეისთვის ISAF-ის ოპერაციაში 950 ქართველი სამხედრო მონაწილეობს. ამ გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთში ყველზე დიდი კონტინგენტი ეყოლება. 

ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ქართველ სამხედროებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამ მისიაში ქვეყნის მონაწილეობა „NATO-ს წევრობისთვის მომზადების მთავარი ნაწილია”. „ამრიგად, თქვენ არა მხოლოდ დაეხმარეთ ავღანეთს ფეხზე დამდგარიყო, არამედ  დაეხმარეთ საქართველოს, რომ ალიანსის წევრობასთან დაახლოებულიყო”, – მიმართა სამხედროებს რასმუსენმა.  

თუმცა, როგორც გენერალურმა მდივანმა 9 ნოემბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ჩვენს ოპერაციაში წვლილსა და NATO-ს მომავალ წევრობას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. ეს მხოლოდ ერთი ფაქტორია, თუმცა არის ბევრი ელემენტი და გაწევრიანებამდე მათი შესრულება აუცილებელია”. 

გენერალურმა მდივანმა კვლავაც დაადასტურა, რომ „მესამე ქვეყნები” საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესს ხელს ვერ შეუშლიან. მისი განცხადებით, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. კონფლიქტების მოსაგვარებლად „კონსტრუქციული დიალოგია” აუცილებელი. იგი მიესალმა საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე.  

როგორც NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ქვეყანას NATO-ს წევრობამდე „ჯერ კიდევ გრძელი და არცთუ იოლი  გზა აქვს გასავლელი”. მიხეილ სააკაშვილის თქმით, „საქართველოს სვლას ამ გზაზე უკან ვეღარავინ შეაბრუნებს”. საქართველოს სწრაფვას NATO-სკენ მან საერთო-სახალხო უწოდა და აღნიშნა, რომ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც მხარს არ უჭერენ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, პერსპექტივები არ აქვთ. 

თბილისში ვიზიტისას NATO-ს ოფიციალურ პირებს არ უსაუბრიათ საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაზე. ალიანსთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ამჟამად NATO-საქართველოს კომისიის ფორმატში ხორციელდება, რომელიც 2008 წლის სექტემბერში შეიქმნა. ამავე წლის დეკემბრიდან, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, საქართველო ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამებს ახორციელებს. 

2009 წლის აპრილში, NATO-ს სტრასბურგი-კელის სამიტზე, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადებითად შეფასდა. NATO-ს ლიდერებმა ძალაში დატოვეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, თუმცა შემაჯამებელ დოკუმენტში აღნიშნეს, რომ ქვეყნის ალიანსში გასაწევრიანებლად MAP-ი აუცილებელ ეტაპად რჩება. 2010 წლის ნოემბერში, ლისაბონის სამიტზე, NATO-ს წევრებმა ბუქარესტსა და სტრასბურგ-კელში მიღებული გადაწყვეტილებების ერთგულება დაადასტურეს. 

მომავალ წელს, ჩიკაგოს სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების მოთხოვნით გასულ თვეში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი, მაიკ ტერნერი გამოვიდა. 

საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის დაჩქარებას მხარი დაუჭირა ატლანტიკური საბჭოს სამუშაო ჯგუფმა, რომლის თანათავმჯდომარეები სენატორები ჯინ შაჰინი და ლინდსი გრეჰემი არიან. მოხსენებაში „პოლიტიკური საგზაო რუკა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისაკენ” მათ აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდეს, ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს თანამშრომლობის გააქტიურების ახალი პაკეტი  შესთავაზოს. კერძოდ, ხაზი გაუსვას, რომ „NATO-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული გეგმა ის მექანიზმებია, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, საბოლოო ჯამში წევრობას მიაღწიოს”. 

თბილისში მომავალი სამიტისგან საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მკაფიო მხარდაჭერას ელიან – შესაძლოა არა MAP-ის ფორმატში, არამედ ინტეგრაციის სხვა მექანიზმების მეშვეობით. 

კომენტარები