ქართული მხატვრობა

გზისპირა სივრცე და გალერისტი ქალი

ინ­ტერ­ვიუ დე­დი­კა ბუ­ლი­ას­თან

მოკლე ისტორიული ექსკურსისთვის: რომელ წელს გაიხსნა გალა გალერეა და როგორი იყო მისი გახსნის წინაისტორია?

გალერეა წელს დეკემბერში, უკვე სამი წლის ხდება. ის 2008 წლის ბოლოს გაიხსნა. წინ კი დაახლოებით 15 წლის ისტორია უძღოდა, რაც დაკავშირებულია ჩემს პირად, როგორც არტ-დილერის, გამოცდილებასთან. ამ ხნის განმავლობაში, მხატვრებთან უშუალო თანამშრომლობის შედეგად, თანდათან ჩამომიყალიბდა შეხედულებები, თუ ვისთან მაინტერესებდა მუშაობა. მაშინ ვერც კი ვიოცნებებდი, რომ საკუთარი სივრცე, საკუთარი გალერეა მექნებოდა. ეს ფართი 2003 წელს შევიძინე. მე და ხათუნა მელიქიშვილი გალა გალერეის დამფუძნებლები ვართ. ირინა ჯორჯაძე იქნება ახლა გალერეის დირექტორი და ქეთო ხარატიშვილი მთავარი მენეჯერის პოზიციას დაიკავებს. ორივე ხელოვნებათმცოდნეა და დიდი წვლილი მიუძღვით გალერეის მუშაობის და ექსპოზიციების ჩამოყალიბებაში.

მის გახსნას ხუთი წელი დასჭირდა?

გარდა იმისა, რომ სივრცეს მომზადება სჭირდებოდა, სხვა ფაქტორებიც იყო, რაც ხელს გვიშლიდა. ბოლოს, როდესაც გალერეა გაიხსნა, პირველი გამოფენა იყო “კლასიკოსები და მომავალი კლასიკოსები”. აქ წარმოდგენილი იყო ქართული მოწინავე მხატვრობის ერთგვარი რეტროსპექტივა 20-იანი წლებიდან დღემდე. ამ გამოფენის შემდეგ ვახო ბუღაძის პირველი სოლოგამოფენა მოეწყო. მე ყოველთვის მაინტერესებდა და მაინტერესებს ისეთი მხატვრები, რომლებიც არა უბრალოდ, ლამაზ ნახატებს ქმნიან, არამედ მოაზროვნე მხატვრები არიან. ეს კი სალონს მიჩვეული დამთვალიერებლისთვის ხშირად ძნელად ასატანია. 

 ჩემი აზრით, მხატვრების პერსონალურ წარმოჩენაზე უფრო მუშაობთ, ვიდრე პროექტებზე.

გამოფენები, რომლებიც ჩვენთან კეთდება, ემსახურება თანამედროვე ხელოვნების განვითარებას საქართველოში. ვთანამშრომლობთ, მაგალითად, ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენა არტისტერიუმთან. შარშან ამ პროექტის ფარგლებში ვაჟიკო ჩაჩხიანის გამოფენა იყო ნაჩვენები, წელს კი, ნიუ იორკული გამოფენის შემდეგ, ოლეგ ტიმჩენკო გამოიფინება. ძალზე საინტერესო აღმოჩნდა ამ მხატვრის სივრცესთან დამოკიდებულება, არადა ჩვენთან ელემენტარულად სივრცეებიც არ არის იმისათვის, რომ მხატვარმა გაითვალისწინოს თუ რამდენად აუცილებელია სივრცესთან სერიოზული მუშაობა.

 ვაჟიკო ჩაჩხიანის გამოფენა მთლიანად არაკომერციული იყო. ასევე ახსენეთ ვახო ბუღაძის გამოფენა, რომელიც საკუთარი პროფესიონალური დატვირთვის გამო, მაყურებლისთვის შეიძლება ადვილი მისაღები არ იყოს. როგორ ახერხებთ იმას, რომ ხელს უწყობდეთ ახალს, ინოვაციურს, ექსპერიმენტულს და, ამავე დროს, გალერეას კომერციული ინტერესიც შეუნარჩუნოთ?

ვახო ბუღაძის გამოფენა არ იყო ექსპერიმენტული. ის იყო კარგად მოფიქრებული და გააზრებული. მე მყავს დამთვალიერებლების და მყიდველების წრე, რომელიც მენდობა და იცის, რომ ამ მხატვრების შეძენით ნამდვილად მნიშვნელოვან ინვესტიციას აკეთებს. ვახო ბუღაძის მთელი გამოფენა გაიყიდა. დარჩა მხოლოდ რამდენიმე გრაფიკა. მაგრამ ჩვენც ძალიან მოვინდომეთ და ვიმუშავეთ ამაზე. ასევე მინდა გავიხსენო კოტე ჯინჭარაძის გამოფენა, საიდანაც მოულოდნელად, ქუჩიდან შემოსულმა ერთმა ტურისტმა 18 ნამუშევარი შეიძინა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კოლაჟები იყო და არა ფერწერა. აშკარად მოეწონა ისინი საკუთარი ინტერიერისთვის. ჩვენი გალერეა მალე დაიწყებს ინტერიერისთვის ხელოვნების ობიექტების წარმოებას, გვაქვს ასეთი გეგმა, როგორც შიდა, ასევე გარე სივრცისთვის და ეს ნამუშევრები ყველა საავტორო იქნება, ჩვენი გალერეის მხატვრების.

 კიდევ რომელ გამოფენებს გაიხსენებდით, როგორც ყველაზე წარმატებულს კომერციულად?

გამოფენა არ არის კომერცია. გამოფენა არის გალერეის სახე. ის ემსახურება მხატვრის და მისი შესაძლებლობის წარმოჩენას, მის ჩვენებას და პოპულარიზაციას. აქ ჩანს თუ როგორ მუშაობს მხატვარი სივრცესთან. გალა გალერეისთვის მთავარი არის ექსპოზიცია, რა თქმა უნდა, ნამუშევრების ხარისხთან ერთად. სივრცესთან მუშაობა იმას გულისხმობს, რომ სულაც არ არის აუცილებელი გამოფენა შევსებული იყოს სურათებით. შეიძლება 2-3 ნამუშევარი ჩამოკიდო და ამას ერქვას ექსპოზიცია. 

 შეიძლება, რომ კონცეპტუალური, ვთქვათ, ფოტონამუშევარი, ინსტალაცია ან ვიდეო აქ გაიყიდოს?

ჯერ არა. აქ ამის სიტუაცია არ არის, თანამედროვე ფერწერასაც კი არ ყიდულობენ. მყიდველებს უფრო სალონები ან საკომისიო მაღაზიები იზიდავთ. და, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დიდხანს იქნება ასე. კოტე სულაბერიძე, კოკა რამიშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, მიშა შენგელია – ყველა გასულია უცხოეთში, ყველა კარგად იფინება და იყიდება იქ. მიუხედავად ყველაფრისა, გალა გალერეამ წელს პირველად მთლიანად შეინახა საკუთარი თავი და ახალი კოლექციაც მოაგროვა. ხშირად ჩვენ თვითონ ვყიდულობთ, რადგან, ვინ იცის, იქნებ ერთხელ პატარა მუზეუმიც გავხსნათ.

უშანგი ხუმარაშვილი არ არის გასული, თუმცა, მგონი, ცხრამეტი პერსონალური გამოფენა ჰქონდა აქ.

არ არის გასული და აუცილებლად მოხდება ეს. ის ძალიან ძლიერი მხატვარია, აბსტრაქციონიზმის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია აქ. შარშან, ვახო ბუღაძემ ცალკე გამოფენაც კი მიუძღვნა მას – ტილოებზე, ყველგან უშანგი იყო გამოსახული; ზურა გიკაშვილმა ვიდეონამუშევარი გააკეთა. უშანგი პირველად სწორედ ჩვენს გალერეაში წარმოდგა ახალი სახელით – უშანგი ხუმა, რაც მას ძალიან მოსწონს ბოლო დროს და უკვე ამ სახელით იფინება.

რა შეიძლება კიდევ ხელს უწყობდეს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას საქართველოში?

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მედიას, პრესას. ჩვენს შემთხვევაში პრესა თვითონ იჩენს ინტერესს. გალერეები კი თითქოს ნაკლებად ზრუნავენ ამაზე და მათთან თანამედროვე ხელოვნება ხშირად შერეულია სალონთან. ჩვენ გვინდა, რომ მომავალში კატალოგების და ბუკლეტების გამოცემასაც გავუკეთოთ სისტემატიური ორგანიზება. გზისპირას, ქალაქის მაგისტრალზე რომ ვართ, ესეც მომგებიანია, ყველა ხედავს ჩვენს გალერეას. ახლა ქუჩის ფირნიშზე უშანგი ხუმარაშვილის ნახატია, მასში ისეთი ყვითელია აღებული, რომ ყურადღებას იქცევს. გალა გალერეამ წლევანდელი სეზონი სწორედ მისი გამოფენით დაიწყო, შემდეგი კი უკვე ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა “პრიალა” იქნება, არტისტერიუმის ფარგლებში. 

კომენტარები