საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა განმარტება გააკეთა EurActiv-ის პოლონეთის ბიუროსთან მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს იმ ნაწილზე, სადაც მას ჰკითხეს აპირებს, თუ არა გახდეს პრემიერ-მინისტრი.
პრესსპიკერის თქმით, ინტერვიუს ეს ნაწილი არასრულია და ზუსტად არ გადმოსცემს იმას, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა ჟურნალისტთან. მისი თქმით, პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ სად იქნება ის 2013 წლის შემდეგ, არამედ ის, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა 2 წლის შემდგომ და როგორ გაგრძელდება რეფორმები. `პრეზიდენტი ორიენტირებულია საქართველოს განვითარებასა და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ბოლო წლებში დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი თავისი მომავალი - პირადი კარიერის თემაზე კომენტარს არ აკეთებს, ამიტომაც, გვსურს განვმარტოთ, რომ ნებისმიერი სახის საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არის ჩვეულებრივი სპეკულაცია”, - აცხადებს მანანა მანჯგალაძე.
EurActiv-ის გამოქვეყნებულ ინტერვიუში პრეზიდენტი ამბობს: `2013 წელს პარლამენტმა მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა მიიღოს. ჩვენი ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებს და პრემიერ-მინისტრიც არის მნიშვნელოვანი, თუმცა მთლიანად პარლამენტზე დამოკიდებული. ეს არცთუ ისე საინტერესო პოზიციაა ადამიანისთვის, რომელიც ახლა პრეზიდენტია~.




