ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 10 ნოემბერს შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, რომელზეც აღნიშნა, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები „მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება იმისა, თუ რამდენად ძლიერია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები“. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ქვეყნის შიდა დემოკრატიული რეფორმები იქნა განხილული.
„საქართველო უკვე არის ნატოს ძლიერი პარტნიორი და მე მოუთმელად ველი იმ დღეს, როდესაც თქვენ ჩვენი ალიანსის ძლიერი წევრი იქნებით“, – განაცხადა რასმუსენმა. მანვე აღნიშნა, რომ წევრობა მუშაობას და რეფორმებს მოითხოვს და ნატო მზად არის საქართველოს ამ კუთხით დაეხმაროს. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინზე დავით ბაქრაძემ უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ვიზიტს თბილისში .” საბჭოს გასვლითი სხდომა პარტნიორ ქვეყანაში ყოველთვის ასახავს იმ განსაკუთრებულ ურთიერთობას, რომელიც არსებობს ნატო-სა და ამ პარტნიორ სახელმწიფოს შორის. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოში იმართება ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს გასვლითი სხდომა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველო უფრო ახლოსაა ნატო-სთან, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა. საქართველო უფრო ახლოსაა ნატო-სთან, ვიდრე იგივე ბუქარესტის სამიტის წინ იყო სამი წლის წინ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ და გამოთქვა იმედი, რომ ნატოს ჩიკაგოს სამიტი (2012 წლის მაისში) იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა აღინიშნოს საქართველოს და ნატოს ურთიერთობებში არსებული პროგრესი.





