საქართველო-ნატოს ურთიერთობა

ნატოს გენერალური მდივნის და ნატოს ელჩების შეხვედრები თბილისში

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და ნატოს ელჩები თბილისში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებული განმარტებების თანახმად , სამოქალაქო სექტორთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო–რუსეთის ურთიერთობებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივ პროექტებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს დიპლომატიური გზით კონფლიქტების მოგვარებას. ასევე საუბარი იყო სასამართლო სისტემის, საკონსტიტუციო რეფორმის, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ელჩებს მიაწოდეს ინფორმაცია ამ სფეროებში არსებული მდგომარეობის შესახებ, ასევე ციხეებსა და მედიაში არსებულ პრობლემებზე. გავრცელებული ცნობებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა და ნატოს ელჩებმა მოისმინეს მოსაზრებები ავღანეთის მისიაში საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტის მონაწილეობაზე და დაინტერესდნენ, თუ როგორ აფასებს საქართველოს ამ მისიას მოსახლეობა. ინფორმაციის გაცვლა მოხდა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხების გარშემოც.

პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას დაესწრნენ: ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ლევან ვეფხვაძე, გია თორთლაძე, მამუკა კაციტაძე, გურამ ჩახვაძე. ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუმარტეს, რომ აპირებდნენ ყურადღების გამახვილებას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე, უსაფრთხოებისა და მომავალი არჩევნების საკითხებზე.

დღესვე ნატოს გენერალური მდივანი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შეხვდა ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართველ ჯარისკაცებს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი სტუდენტებს. ავღანეთიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებთან შეხვედრას დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალია, მან განაცხადა, რომ ნატო-ს სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობა ადასტურებს ქვეყნის მზადყოფნას, იყოს ალიანსის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა და დასძინა: "ჩვენი სამხედროები იღებენ გამოცდილებას, რითაც სერიოზულად აძლიერებენ ქართულ შეიარაღებულ ძალებს. ჩვენ უკვე განვახორციელეთ მეოთხე როტაცია ამერიკის სარდლობის ქვეშ; ამჟამად მიმდინარეობს მეხუთე ბატალიონის მომზადების წვრთნები" .  ჯარისკაცებთან შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ  ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის საქართველო  ავღანეთში ხდება  ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი. ” საქართველოს მთავრობაა მზადაა ავღანეთში გააგზავნოს  დამატებით კიდევ ერთი ბატალიონი , ნატო მადლიერია  ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს ამ მნიშვნელოვანი წვლილის გამო, ქართველი ჯარისკაცები  იქ არა მარტო უზრუნველყოფენ საერთაშორისო უსაფრთხოებას, ხელს უწყობენ ნატოსთან საქართველოს დაახლოებას”- განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა. 

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან შეხევედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის მნიშვნელობაზე. "წინ გელით საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მკაფიო საარჩევნო კოდექსს საჭიროებს, რათა ყველა კანდიდატმა დაუბრკოლებლად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ დემოკრატია მხოლოდ საარჩევნო ყუთი არ არის. ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ყველა შრე უნდა იყოს ჩართული, პოლიტიკა მხოლოდ პოლიტიკოსებს არ უნდა ჩავაბაროთ", - უთხრა სტუდენტებს ნატოს გენერალურმა მდივანმა და მათ მომავალ არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. რასმუსენმა სტუდენტებს უთხრა ისიც, რომ ნატო ” დაჟინებით მოითხოვს” , დაცული იყოს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ”ჩვენ მტკიცედ ვდგავართ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარების გზაზე და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები, მათ შორის - ადამიანის უფლებათა დაცვა", - განაცხადა რასმუესნმა სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტის შეკითხვაზე საპასუხოდ, სტუდენტმა კი ნატოს გენერალურ მდივანს ჰკითხა , რას აკეთებენ ნატო და ალიანსის წევრი ქვეყნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დასაცავად.

 

 

 

 

 

 

კომენტარები