საქართველო-ნატოს ურთიერთობა

ნატოს საბჭო თბილისს პირველად 3 წლის წინ ეწვია

ნატოს - ჩრდილო ატლანტიკური საბჭო - ალიანის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. ის თავის მეორე ვიზიტს ახორციელებს საქართველოში. საბჭო საქართველოს პირველად 2008 წლის სექტემბერში ეწვია . ნატოს წვერი სახელმწიფოების ელჩებმა , გენერალური მდივნის იააპ დე ჰოოპ სხეფერის მეთაურობით, საბჭოს სხდომა თბილისში მაშინ გამართეს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს საქართველოში ჯარების უკანდახევას მოუწოდება.

ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომა თბილისში, 2008 წლის 15 სექტემბერს შედგა, იმავე დღეს მოეწერა ხელი დოკუმენტს ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შესახებ. კომისია წარმოადგენს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ზედამხედველობის მთავარ მექანიზმს, რაც ასევე მოიცავს იმ რეფორმების მიმდინარეობაზე დაკვირვებას , რომლებსაც საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს. პროგრამის შესრულებას ალიანსი ყოველწლიურად აფასებს.

ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის გადაწყვეტილება ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2008 წლის 19 აგვისტოს , ბრიუსელში გამართულ შეკრებაზე მიიღეს, სადაც განაცხადეს: ” ნატო ვერ გააგრძელებდა რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას, სანამ საქართველოს დიდი ნაწილი მის მიერ ოკუპირებულია.”

2008 წლის სექტემბერში თბილისში , ნატოს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოში ადგილი ჰქონდა ძალის არაპროპორციულ გამოყენებას და რომ ამასთან ერთად ადგილი ჰქონდა ცეცხლის შეწყვეტის 6 პუნქტიანი შეთანხმების დარღვევას. ”მიუხედავად რთული მდგომარეობისა ჩვენ ველით, რომ საქართველო გააუმჯობესებს დემოკრატიულ რეფორმებს”- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. საქართველოს პრეზიდენტმა მაშინ ”ისტორიული მომენტი” უწოდა საქართველოში ნატოს საბჭოს შეკრებას და გამოთქვა იმედი, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა სერიოზულად გააღრმავებდა ნატოსა და საქართველოს ურთიერთობას. 2008 წლის სექტემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა საქართველოში ნატოს ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, ის ” არსებულ პირობებში არადროულად” შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოს დედაქალაქში ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოს სხდომის გამართვა არ პასუხობდა რეგიონში სტაბილიზაციის ინტერესებს.

საქართველოში ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს რიგით მეორეს ვიზიტს ნატოს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა წინასწარ უწოდა ”ძალიან მნიშვნელოვანი” და აღნიშნა, რომ თბილისში დაგეგმილი ღონისძიება ხაზს უსვამს საქართველო- ნატოს გამორჩეულ ურთიერთობას. ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ 3 წლის წინანდელი ვიზიტის შემდეგ , ნატო-საქართველოს ურთიერთობაში, ასევე საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმირებაში და ზოგადად ქართულ საზოგადოებაში, მნიშვნელოვანი პროგრესი მოხდა.

 

კომენტარები