საქართველო – ბოლოდან მე-19 თვითმკვლელობათა რეიტინგში

ათ ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სუიციდის სკალა გამოაქვეყნა. როგორც გაირკვა, მსოფლიოში ყველაზე სუიციდური ქვეყანა ლიტვაა. ათეულში მოხვდა სამხრეთ კორეა, იაპონია, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი. მონაცემების მიხედვით, სამხრეთ კავკასიაში თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოშია. თუმცა, ეს განგაშის განსაკუთრებულ საფუძველს არ იძლევა: საერთო რეიტინგში საქართველო 107 ქვეყანას შორის 88-ე ადგილს იკავებს. თვითმკვლელობათა რიცხვით მნიშვნელოვნად გვისწრებენ ევროპის ქვეყნები, აშშ და სხვა.
 
თუმცა, არც პრობლემის უგულებელყოფა შეიძლება. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში 6000-მდე ადამიანმა მოიკლა თავი. 2010 წელს 593-ს ჰქონდა სუიციდის მცდელობა, 292-მა ადამიანმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დასავლეთის ქვეყნებში თვითმკვლელთა შორის ქვრივი და დაუოჯახებელი, ხანშიშესული მამაკაცები ჭარბობენ. საქართველოში კი დაოჯახებული ადამიანების სუიციდის რიცხვი გაიზარდა. თვითმკვლელთა უმეტესობა შუახნის მამაკაცია. რამდენიმე ათეულ შემთხვევაში სუიციდიანტი 16-25 წლის ახალგაზრდაა.
 
უკანასკნელ წლებში თვითმკვლელობების რიცხვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა, ასაკი კი 5-6 წლით გაახალგაზრდავდა. ყოველწლიურად დაახლოებით მილიონი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. 15-44 წლის ადამიანებში სუიციდი სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა სამეულშია.
 
თვითმკვლელობა, როგორც ფენომენი, ყოველთვის იწვევდა მკვლევართა ინტერესს. ისტორიაში სუიციდის ფაქტები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდეა აღწერილი. როგორც წესი, სიცოცხლეს დადებით კონტექსტში მოიხსენიებენ, სიკვდილი კი ტრაგიკულ მოვლენად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, სუიციდის სტატისტიკა მოწმობს, რომ ზოგიერთისთვის სიკვდილი სიცოცხლისაგან თავის დაღწევის საშუალებაა. როგორც ფსიქოლოგები და სოციოლოგები ამტკიცებენ, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს.
 
ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ყველა სუიციდს სამი ურთიერთდაკავშირებული არაცნობიერი მიზეზი უდევს საფუძვლად: შურისძიება-სიძულვილი (მკვლელობის სურვილი); დეპრესია-სასოწარკვეთა (სიკვდილის სურვილი) და ცოდვიანობის განცდა (სურვილი, რომ მკვდარი იყოს).
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სუიციდის გამომწვევი ძირითადი რისკ-ფაქტორია ფსიქიკური დარღვევები, რომელთა შორისაც ყველაზე გავრცელებული დეპრესიაა. თვითმკვლელთა 30-70% სწორედ დეპრესიით იტანჯება. აზიურ ქვეყნებში კი სუიციდის მიზეზი ფსიქოლოგიური, სოციალური, ბიოლოგიური, კულტურული და გარემო ფაქტორები ხდება.
 
თვითმკვლელობის ტიპების მიხედვით, ადამიანმა სუიციდი შეიძლება ჩაიდინოს: ადამიანური ურთიერთობებისა და სოციალური ფაქტორების (ეგოისტური); ეკონომიკური ფაქტორების (ანომიური); სხვა ადამიანის სიყვარულის (ალტრუისტული); გარშემომყოფთა ყურადღების მიპყრობის ან გარემოს მიმართ პროტესტის გამოხატავის მიზნით (ფატალისტური).
 
რიგ შემთხვევებში, თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას ადამიანი გაუცნობიერებლად, აფექტის მდგომარეობაში ყოფნისას იღებს, შესაბამისად – მისი გადარწმუნება შესაძლებელია. წინასწარ განზრახული ანუ კარგად დაგეგმილი სუიციდის შემთხვევაში კი ადამიანს თვითმკვლელობა გადაწყვეტილი აქვს. მას შედეგიც გაცნობიერებული აქვს. აღსანიშნავია, რომ ხშირად ამის შესახებ ახლობლებს წარმოდგენაც კი არ აქვთ. ზოგჯერ სუიციდი შანტაჟის ერთ-ერთი საშუალებაა. ადამიანი სუიციდის იმიტაციას აწყობს, რათა ამ გზით გარშემომყოფებზე გავლენა მოახდინოს.
 
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ხშირად ადამიანები ასეთი ქცევით საკუთარი პრობლემებისაკენ გარშემომყოფთა ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. არაერთი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ ადამიანი თვითმკვლელობას მაშინ მიმართავს, როცა სოციალური ურთიერთობების დეფიციტს განიცდის. განსაკუთრებით მაშინ, როცა პრობლემა მოულოდნელად წარმოიქმნება – მაგალითად, სამსახურს კარგავს ან ოჯახი ენგრევა.
 
სხვათა შორის, კვლევები აჩვენებს, რომ თვითმკვლელობის მაჩვენებელსა და თვითმკვლელის პროფესიას შორის გარკვეული კავშირი არსებობს. აღმოჩნდა, რომ სპეციალობებს შორის სუიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექიმებშია. ყოველწლიურად დაახლოებით 300-400 ექიმი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. ქალი და მამაკაცი ექიმების თვითმკვლელობის მაჩვენებელი თანაბარია. სუიციდის მაჩვენებლით, სპეციალობებს შორის მეორე იურისტის პროფესიაა.
 
ზოგადად, ცხოვრების წესი სიცოცხლისადმი დამოკიდებულებას დიდწილად განსაზღვრავს. მაგალითად, კვლევებით დამტკიცებულია, რომ თამბაქოს, სუიციდურ აზრებსა და თვითმკვლელობის მცდელობას შორის მჭიდრო კავშირია. მკვლევრებმა ისიც დაასკვნეს, რომ იმ მწეველების სუიციდის რისკი ორჯერ იზრდება, ვინც დღეში 24 ღერამდე სიგარეტს ეწევა. 25 ღერზე მეტის შემთხვევაში კი რისკი დაახლოებით 4-ჯერ მაღალია.  
 
ფსიქიატრის, ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, საქართველოში თვითმკვლელთა უმრავლესობას ოჯახის წევრები ჯანმრთელად მიიჩნევდნენ და სუიციდურ ნიშნებს ვერ ამჩნევდნენ. ეს ადამიანები ზოგჯერ თვითმკვლელობაზე ღიადაც საუბრობენ – „ერთი შეხედვით, ბანალური ფრაზაც კი – „ცხოვრებამ ფასი დაკარგა, უაზროა” – შეფარული დეპრესიული ფონის არსებობაზე მიუთითებს, მაგრამ გარშემომყოფნი დარწმუნებულები არიან, რომ იგი სუიციდს არასდროს მიმართავს”.  
არსებობს გარკვეული ინდიკატორები, რომლებიც მიუთითებენ, რომ კონკრეტული პირის თავს ყველაფერი რიგზე არ არის. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი მოულოდნელად ქცევის წესს იცვლის: სვამს, ეწევა, ნარკოტიკს მოიხმარს, ბევრს ჭამს, სიცოცხლისთვის საშიშ ექსტრემალურ სიტუაციებს ხელოვნურად ქმნის. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ფსიქოლოგიურად დამარცხებული ადამიანი სიკვდილისაკენ ლტოლვას სრულიად ვერ აცნობიერებს, რადგან მისი ქცევა ქვეცნობიერიდან მომდინარეობს.
 
ამას გარდა,  ალბათ შეგიმჩნევიათ ადამიანები, რომელთაც დროთა განმავლობაში ხასიათი შეეცვალათ; გარეგნობას, ჰიგიენას და ჯანმრთელობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ; ინტერესი დაკარგეს თავიანთი საქმის, ზოგადად, ცხოვრების მიმართ; მუდმივად დაღლილები არიან; უჭირთ კონცენტრირება – ეს სიმპტომები, შესაძლოა, ემოციური სფეროს დარღვევების ბრალია.
 
მას, ვისაც მსგავსი ტიპის დარღვევები აქვს, სტრესთან გამკლავება უჭირს, რამაც, ექიმ-ფსიქიატრების აზრით, შესაძლოა, პაციენტი თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სუიციდისადმი მიდრეკილი ადამიანები, ცხოვრებაში სხვებზე მეტ სტრესს სულაც არ განიცდიან, მაგრამ  მათ ხასიათის გარკვეული პათოლოგია აქვთ, რის გამოც პრობლემებთან გამკლავებას ვერ ახერხებენ.
 
სუიციდური აზრების, გეგმების ან ქცევის მქონე ადამიანებს გარშემომყოფთა ყურადღება და სპეციალისტთა დახმარება განსაკუთრებით სჭირდებათ. როგორც ექიმ-ფსიქიატრები ირწმუნებიან, დროული ფსიქოთერაპიული ჩარევა ხშირად დადებით შედეგს იძლევა. 

კომენტარები