ტუნისი

ტუნისელი ისლამისტების გამარჯვება

წლის დასაწყისში, ტუნისი ახლო აღმოსავლეთისათვის დიქტატორული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში მისაბაძი მაგალითი გახდა. ახლაც, დემოკრატიის ტრანზიციისაკენ სერიოზული ნაბიჯები პირველმა გადადგა. კვირას, 23 ოქტომბერს, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე თავისუფალი არჩევნები ჩატარდა. შედეგად, დამფუძნებელი კრება აირჩიეს. აღნიშნულ 217-ადგილიან ორგანოს სპეციალური როლი ეკისრება – კონსტიტუციის ხელახალი დაწერა, დროებითი მთავრობის არჩევა და ერთი წლის ვადაში საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

ტუნისის კვირის არჩევნებს ქვეყნის პოლიტიკის ხელახლა დაბადებას უწოდებენ. 42 წლის განმავლობაში პირველად ჩატარებულ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობა მოსალოდნელზე უფრო მაღალი იყო. 4.1 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩევლიდან ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში 90% მონაწილეობდა.

 არჩევნებს თვალყურს 14 ათასზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი ადევნებდა. მათი განცხადებით, ის მთელ მათ საარჩევნო პრაქტიკაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ეგვიპტეს, ლიბიასა და სხვა ქვეყნებს, რომლებსაც რევოლუციისშემდგომი არჩევნები ჯერ კიდევ წინ აქვთ, ტუნისმა დაუმტკიცა, რომ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, დიქტატურული ათწლეულების შემდეგაც კი შესაძლებელია.

 გამოქვეყნებული შუალედური შედეგებით, არჩევნებში ზომიერი ისლამისტური ალ-ნაჰდას პარტია ლიდერობს. მან 218-ადგილიან ეროვნულ ფორუმში დაახლოებით 40%, შესაბამისად, 51 მანდატი მოიპოვა, ეს შედეგი დანარჩენ 87 პარტიასთან შედარებით განუზომლად წინ აყენებს. პარტია 10 წელია რაც შეიქმნა, მისი წევრები, გადაყენებული ლიდერის, ზინ ელ-აბიდინ ბენ ალის რეჟიმის დროს რეპრესიებისა და წამების მსხვერპლნი იყვნენ.

დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს, ძირითადად, სეკულარული პარტიები წარმოადგენენ. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებზე ხმათა რაოდენობა შემდეგნაირად განაწილდა: ადამიანის უფლებათა დამცველი მონზეფ მარზოუკის ლიდერობით, მემარცხენე-ცენტრისტულმა სეკულარულმა რესპუბლიკურმა კონგრესმა (CPR) 19 მანდატი აიღო; შრომისა და თავისუფლების დემოკრატიულმა ფორუმმა (Ettakatol) – 11 მანდატი; Aridha-მ – 14 მანდატი; ძველ რეჟიმთან თანამშრომლობის გამო, პროგრესულმა დემოკრატიულმა პარტიამ (PDP) მოსალოდნელი 20%-ის ნაცვლად – მხოლოდ 5%, შესაბამისად, 5 მანდატი; დანარჩენმა პარტიებმა – 20 მანდატი; 18 მანდატი საზღვარგარეთ მცხოვრები ტუნისელებისთვისაა შენახული.

ალ-ნაჰდას წარმომადგენლების განცხადებით, ისინი არჩევნებში მონაწილე ყველა წარმატებულ პარტიასთან ალიანსს შექმნიან – რომ თანამშრომლობის მაგალითი უჩვენონ დიდი სოციალური ძვრებისა და გაურკვევლობის მდგომარეობაში მყოფ რეგიონს.

ათწლეულების განმავლობაში ტუნისი რეპრესიული მთავრობით ცნობილი იყო. თუმცა, ამასთან ერთად, ქალთან და ოჯახთან დაკავშირებით პროგრესული კანონმდებლობა ჰქონდა. პროსეკულარულად განწყობილი ტუნისელები შიშობენ, რომ ზომიერი ისლამისტური ალ-ნაჰდას გამარჯვება ამ ყველაფერს შეცვლის და ქვეყანას შარიათის კანონებამდე მიიყვანს. მათ დასამშვიდებლად, გამარჯვებულმა ალ-ნაჰდას პარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ ძალაუფლების მონოპოლიზაციას და დღის წესრიგის ფუნდამენტურად შეცვლას არ აპირებს. მისი ლიდერის, რაჩიდ განუჩის თქმით, ისინი პარტიის განვითარებას თურქეთის ზომიერი ისლამისტური სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP-ს) მოდელით გეგმავენ. ალ-ნაჰდას ლიდერები, წარმატების მიზეზად სწორედ ლიბერალური იდეოლოგიისა და რელიგიური კონსერვატიზმის ოპტიმალურ შერწყმას მიიჩნევენ.

არჩევნების შედეგებს ახლო აღმოსავლეთის ისლამისტები მიესალმნენ. მათ ალ-ნაჰდას გამარჯვება, ისლამისტური მოძრაობის დემოკრატიასთან თავსებადობის მტკიცებულებად მიიღეს.

ზომიერი ისლამისტური ალ-ნაჰდას პარტიის გამარჯვებას ისეთ სეკულარულ საზოგადოებაში, როგორიც ტუნისია, რეგიონის რელიგიურ პარტიებზე დიდი გავლენა ექნება. მით უმეტეს, მომდევნო თვის ბოლოს ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. ტუნისის შუალედური არჩევნები მეზობელ ლიბიაში მიმდინარე მწვავე მოვლენებსაც ემთხვევა: 42-წლიანი დიქტატურის შემდეგ გადააყენეს ძველი ლიდერი მუამარ კადაფი, ახალი ლიდერების განცხადებაში კი მკვეთრად ისლამისტური ტონი გაისმა.

 ახლო აღმოსავლეთში ისლამისტური პარტიების აღმავლობა გარდაუვალია. მთავარი ისაა, რომ ამ პარტიებმა უარი თქვან ძალადობაზე, მიიღონ დემოკრატია და აღიარონ ადამიანის უფლებები. ჯერჯერობით ტუნისის უდიდესი ისლამური პარტია ამას აკეთებს. თუ მისი წარმატება სეკულარისტმა ტუნისელებმა და დასავლურმა დემოკრატიებმა აღიარეს, ეს ზომიერი მოდელი, მომავალში ეგვიპტისა და ლიბიისთვისაც მიმზიდველი იქნება.

კომენტარები