კონგრესმენი ტერნერი რუსეთის WTO-ში მიღების წინააღმდეგია

კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელიცაა, Heritage Foundation-ში გამოსვლისას, აშშ-ის გადატვირთვის პოლიტიკა გააკრიტიკა და  ვრცლად ისაუბრა საქართველოზე. ტერნერის თქმით, ამჟამინდელი ადმინისტრაცია მოკავშირეს უგულვებელყოფს, რათა რუსეთის განაწყენება აირიდოს თავიდან. მაიკ ტერნერმა ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ს  ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო.

`ჩვენი ქართველი მოკავშირეების 1000-ზე მეტი ჯარისკაცი იბრძვის აშშ-ის და ნატოს სამხედრო ძალების გვერდით ავღანეთში. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ნატოს არაწევრ  სახელმწიფოთაგან საქართველოს  სამხედროების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი ჰყავს გაგზავნილი ავღანეთში.   საქართველოს  ჰქონდა  არათანაზომადად დიდი მხვერპლიც~ - განაცხადა ტერნერმა.  ამის მიუხედავად, ტერნერის თქმით,  ადმინისტრაციას, ფაქტობრივად, გაყინული აქვს  საქართველოსთვის იარაღის მიყიდვა. ტერნერმა შემდეგ სიტუაციაზე ითხოვა დაფიქრება: `თუ შენ ხარ ქართველი ჯარისკაცი და ავღანეთში იბრძვი ნატოსთან ერთად, ჩვენ შენ მოგყიდით ცეცხლსასროლ და სხვა მსგავსი სახეობის იარაღს. და მაინც, თუ შენ ხარ იგივე ქართველი ჯარისკაცი და საკუთარ სამშობლოს იცავ, ჩვენ შენ არ მოგყიდით თავდაცვით შეიარაღებას. მოკავშირეს ასე არ უნდა მოექცე~ - თქვა ტერნერმა. მისი თქმით, აშშ-ს ადმინისტრაციამ გარკვევით უნდა განუცხადოს საქართველოს, რომ დათანხმდება მიყიდოს თავდაცვითი შეიარაღება. აღსანიშნავია, რომ 7 ოქტომბერს მაიკ ტერნერმა თქვა, რომ აშშ-მ  მოიწონა იარაღის კომერციული მიყიდვა საქართველოსთვის.

კონგრესმენმა აღნიშნა ისიც, რომ აშშ-მ  სრულად და აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი ნატოს მომდევნო, 2012 წლის სამიტზე, საქართველოს გაწევრიანების პროცესში ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ალიანსის მხრიდან. `საქართველო იბრძვის ნატოსთან ერთად დღეს და ნატოს მოვალეა საქართველოს გზა გაუკვალოს წევრობისკენ~ - განაცხადა ტერნერმა. მან WTO-ში რუსეთის შესაძლო გაწევრიანებაზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ აშშ ქართველ მოკავშირეებს მარტოს ტოვებს ამ საკითხში. ტერნერის თქმით, წარმომადგენელთა პალატა არ უნდა დათანხმდეს ჯექსონ-ვენიკის შესწორების გაუქმებას და აშშ-მ მხარი არ უნდა დაუჭიროს რუსეთის მიღებას სავაჭრო ორგანიზაციაში.

კომენტარები