NATO და საქართველო

MAP-ი საქართველოსთვის?

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაიკ ტერნერმა, საქართველოსთვის ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას მხარი დაუჭირა. 
„NATO-ს კარი ღია უნდა იყოს ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც ალიანსის ფასეულობებს იზიარებს და მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს ალიანსის პრინციპებისა და უსაფრთხოების დაცვაში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ტერნერმა 7 ოქტომბერს ბუქარესტში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში გააკეთა.  

მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ავღანეთის ოპერაციაში, ასევე შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია დემოკრატიულ გარდაქმნებსა და ეკონომიკურ განვითარებაში. 
ტერნერის განცხადებით, „დადგა დრო, მოკავშირეებმა  დაადასტურონ, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია”. მისი თქმით, საქართველოს ხალხსა და მთავრობას სჭირდება „ამბიციური რეფორმების წახალისება, უსაფრთხოებისთვის იმ გამოწვევების ფონზე, რასაც ისინი დღეს აწყდებიან”. 

„ამიტომაც, ჩვენ მხარს ვუჭერთ 2012 წლის მაისში, NATO-ს ჩიკაგოს სამიტზე, საქართველოსთვის სრული და საბოლოო წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას”, – განაცხადა ტერნერმა. 
გარდა ამისა, ამერიკელი კონგრესმენის განცხადებით, აშშ-მა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის შეიარაღების კომერციულ მიყიდვას. მან NATO-ს ქვეყნებს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. „ძლიერი საქართველო NATO-ს ყველა წევრის ინტერესებშია”, – აღნიშნა ტერნერმა. 
 
2008 წელს, ალიანსის ბუქარესტის სამიტზე, NATO-ს წევრებმა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. სამაგიეროდ, სამიტის კომუნიკეში აღინიშნა, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. მას შემდეგ NATO-მ საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი ფორმატი – ყოველწლიური სამოქმედო გეგმა – შეიმუშავა. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულება, ალიანსმა კიდევ ერთხელ გასულ წელს, ლისაბონის სამიტზე დაადასტურა. 
 
თბილისში ტერნერის განცხადებას მიესალმებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ ვაშინგტონი ორგანიზაციის სხვა წევრებსაც დაარწმუნებს, რომ მომავალ სამიტზე საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადონ. ამავე დროს, ალიანსში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის გრიგოლ მგალობლიშვილის განცხადებით, ინტეგრაციის პროცედურა – MAP-ის მეშვეობით თუ სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ჯერჯერობით ცალსახად არ არის ჩამოყალიბებული და ალიანსის შიგნით “მუდმივი საუბრებისა და დებატების” თემაა. 
 
საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის დაჩქარებას მხარს უჭერენ მოხსენების „პოლიტიკური საგზაო რუკა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისაკენ” ავტორები. დოკუმენტი ატლანტიკური საბჭოს სამუშაო ჯგუფმა მოამზადა, რომლის თანათავმჯდომარეები სენატორები ჯინ შაჰინი და ლინდსი გრეჰემი არიან. მასში ნათქვამია, რომ აშშ-მა ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს თანამშრომლობის გააქტიურების ახალი პაკეტი უნდა შესთავაზოს „და ხაზი გაუსვას, რომ NATO-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული გეგმა ის მექანიზმებია, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, საბოლო ჯამში წევრობას მიაღწიოს”. 
ანგარიშის ავტორები მხარს უჭერენ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას, რადგან „ახალი შეიარაღება დაეხმარება საქართველოს უკეთ დაიცვას თავი და უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა NATO-ს ოპერაციებში”. 
 
მოხსენება ასევე შეიცავს რეკომენდაციას აშშ-ის ადმინისტრაციის მიმართ, უფრო აქტიური დიპლომატიის გზით აიძულოს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობები შეასრულოს. ავტორები მიზანშეწონილად მიიჩნევენ „ნეიტრალური საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების” განთავსებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აშშ-ის მონაწილეობას.
ჩიკაგოს სამიტის წინ საქართველოსთვის იმედისმომცემი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაც გახდა, რომელიც ნიკოლა სარკოზიმ თბილისში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. სარკოზიმ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულება დაადასტურა. მისი განცხადებით, „საქართველომ თავისუფლად უნდა გამოხატოს საკუთარი მისწრაფება შევიდეს NATO-ში, თუ მის ხალხს ასე სურს”. 

კომენტარები