
შეეძლოთ ენახათ – რადგან დარბაზი სანახევროდ ძლივს ივსებოდა ხოლმე.
ბოლო წლებია, კინოცენტრის დახმარებით და დამოუკიდებელი პროდიუსერების გააქტიურებით, წელიწადში 10-15 ქართული ფილმი გამოდის. თუმცა რაოდენობა ხარისხზე ნაკლებად აისახება. ქართულ კინოს ბევრი პრობლემა აქვს. როგორც ყოველთვის, უმთავრესი სირთულე ფილმის ბიუჯეტია. რატომღაც შემდგარ და პოტენციურ რეჟისორთა შორის ყველა უფულობაზე წუწუნებს და ბრწყინვალე სცენარის თაროზე შემოდებას ამას აბრალებს. თუმცა, კინოს ისტორიაში არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც დამწყებმა რეჟისორებმა ძალიან იაფად გადაიღეს ფილმები – კევინ სმიტმა 27 ათას დოლარად კომედია „კლერკები” გადაიღო, დარენ არონოვსკის „პი” – 60 ათასი დოლარი, საშინელებათა ფილმის კლასიკა „ალქაჯი ბლერიდან” კი შემქმნელებს 25 ათასი დოლარი დაუჯდათ.
ასე რომ, რამდენიც უნდა იწუწუნოს რეჟისორმა, საკუთარი თავის გარდა, უკვე გადაღებული ფილმის მდარე ხარისხს ვერაფერს დააბრალებს. თანამედროვე ქართული ნამუშევრების უმეტესობა ერთნაირი მიზეზების გამოა სუსტი – მსახიობების თეატრალიზებული თამაში, უსუსური დრამატურგია, ერთფეროვანი თემატიკა და გადაღების სტილი. ქართველ რეჟისორებს მათივე ამბიცია ღუპავს. ყველას პირველივე ფილმით უნდა კინოში ახალი ეპოქის დაწყება, ოსკარის ან რომელიმე ევროპული კინოდაჯილდოების ლაურეატობა. სურთ გადაიღონ არტ-ჰაუს ფილმი, მაგრამ ეს სურვილი კინოში მისულ მაყურებელს 90-წუთიან ტანჯვად უჯდება. გაუმართავი დიალოგები, დაუსრულებელი ფსევდოინტელექტუალური კადრები, რეჟისურა, რომელიც ყველაფერს აკეთებს ისტორიის მოყოლის და მაყურებლის ჩათრევის გარდა – იწვევს იმას, რომ დემორალიზებულ კინომოყვარულს ქართული ფილმის ხელმეორედ ყურების სურვილი აღარ აქვს. რატომღაც დამწყებ რეჟისორებს ავიწყდებათ, რომ ორსონ უელსის, გოდარის, ტრიუფოსა და ლუმეტის გარდა, კიდევ არსებობს სხვა რეჟისორები, რომლებმაც კარიერა არცთუ შთამბეჭდავად დაიწყეს და შედევრების მაგივრად, უბრალოდ კარგი ფილმები გადაიღეს. მარტივი, უპრეტენზიო, სასიამოვნო ნამუშევრები – როგორიცაა მაგალითად უეს ანდერსონის Bottle Rocket, რიჩარდ კერტისის „რეალური სიყვარული” ან რაიან ჯონსონის „აგური”.

დამწყებ და მომავალ რეჟისორებს აუცილებლად უნდა აინტერესებდეთ რა ხდება დღეს კინოში, როგორია თანამედროვე ფილმი. მაყურებელთან სასაუბროდ მათი ენის სწავლაა საჭირო. არ კმარა მხოლოდ კლასიკოსების ყურება, დღევანდელ მაყურებელს დღევანდელი დღის გამოხმაურება სჭირდება. ასე რომ, ფესტივალებზე მიუსვლელობით და მხოლოდ ფულზე წუწუნით არაფერი გამოვა.





