ქართველი პიანისტები

ინტერვიუ ელისო ბოლქვაძესთან

 ის სამშობლოში ახალგაზრდა ამერიკელ დირიჟორთან, ფილიპ მანთან ერთად სენ-სანსის მეორე საფორტეპიანო კონცერტის, ბიზეს სიუიტას და ბერნსტაინის სიმფონიური ცეკვების შესასრულებლად ჩამოვიდა. მანთან ადრე მოცარტის კონცერტი დაუკრა და გადაწყვიტა თბილისში აუცილებლად ჩამოეყვანა. „ფილიპი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, დირიჟორის პროფესიისთვის ძალიან ახალგაზრდა. კარგად გრძნობს მუსიკას, მასთან დაკვრა ერთი სიამოვნებაა”.

ელისო ბოლქვაძე ის ადამიანია, რომლისთვისაც სამყარო მუსიკის გარშემო ტრიალებს. არა მხოლოდ მაშინ, როდესაც კონცერტები აქვს – მისი ყოველდღიური რუტინის მთავარ ნაწილსაც სწორედ დაკვრა წარმოადგენს. „ეს არა მხოლოდ შენი პროფესიაა, არამედ ცხოვრების წესიც. თუ ასე არ არის, მაშინ ვერ იქნები ისეთი პიანისტი, როგორიც უნდა იყო, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ ენერგიას ითხოვს. არ შეიძლება დღეში შვიდი საათი იმეცადინო, თითქოს სამსახურში იყავი და შემდეგ მუსიკა დაივიწყო”, – ამბობს ელისო. მუსიკიდან სხვა რაღაცაზე „გადართვა” მისთვის წარმოუდგენელი, უჩვეულო მდგომარეობაა.
 
სწორედ ამის გამო, ძალიან აკვირვებს ის გარემოება, რომ თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში ასეთი დიდი კონკურენციაა – მიაჩნია, რომ პიანისტის პროფესია ერთ-ერთი ურთულესია. „ეს რომ მცოდნოდა, არც კი ვიცი, გავყვებოდი თუ არა. მაგრამ იმდენად სპონტანურად, თავისთავად მოხდა...”
პირველი კონცერტი შვიდი წლის ასაკში ჰქონდა, რაც მუსიკასთან დაკავშირებით მისი ყველაზე ადრეული მოგონებაა. მას შემდეგ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. კონცერტებს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ დარბაზებში მართავს. New York Times-ი მას გასაოცარ ტალანტს უწოდებს, Figaro – კავკასიის ოქროს... ეს კი არა მხოლოდ დიდი ნიჭის, თავდაუზოგავი, გამუდმებული შრომის შედეგია – მუდამ უფრო მეტ სრულყოფაზეა ორიენტირებული.
 
ამის მიუხედავად, გართობას იშვიათად, მაგრამ მაინც ახერხებს. კლასიკური მუსიკის გარდა, უსმენს ჯაზს, უყვარს ძველი ფილმების ყურება, ელისო ბოლქვაძის საყვარელი რეჟისორები ვისკონტი და ალმოდოვარია. დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, წიგნებისთვის შედარებით ნაკლები დრო რჩება, თუმცა ამბობს, რომ უწინ ძალიან ბევრს კითხულობდა. „ბავშვობაში სახლში რუსთაველი გადამაწერინეს. ეს რატომ გააკეთეს, დღემდე არ ვიცი. ყოველდღე ორი სტროფი უნდა დამეწერა. აი, ასეთი „დატანჯული” ბავშვი ვიყავი”, – იცინის ელისო. 
 
ვინ იქნებოდა ელისო ბოლქვაძე, მის ცხოვრებაში მუსიკა რომ არ ყოფილიყო? ექიმი, მენეჯერი ან ჟურნალისტი. ალბათ, მაინც უფრო ექიმი, რადგან მედიცინით ძალიან არის დაინტერესებული.
 
საფრანგეთში ცხოვრება ძალიან მოსწონს. „მგონია, რომ პარიზი ყველას ქალაქია. ის საოცარია, დაუსრულებლად შეიძლება მისი აღმოჩენა. ისეთი მაგნიტური ველი აქვს, გგონია, მთელი მსოფლიო იქ არის. ელისეს მინდვრებზე რომ გავდივარ, ვფიქრობ, რა ბედნიერებაა ცხოვრება. შეგიძლია უზომოდ იარო ფეხით. თუმცა სამეცადინოდ ძალიან ცუდი ქალაქია – სულ გასვლაზე გიჭირავს თვალი.” როცა მეგობრებთან ერთად ქალაქში იწყებს სიარულს, თავს ტურისტად გრძნობს. „ყოველთვის ეჩვევი რაღაცებს. პარიზი კი საოცარია, ყველა გასვლაზე თავიდან იწყებ მის გაცნობას”. ყველაზე მეტად აქ პატარა, ძველი ქუჩები მოსწონს, ლათინურ კვარტალსა და ძველ უბნებში, რომლებიც ფეხით არის გასავლელი და არ თავდება. უკვირს, ფრანგებმა ამდენი ლამაზი სახლი როგორ ააშენეს და მერე მათი შენარჩუნება მოახერხეს. 
 
„ჩვენთან რომ ჩამოდიხარ, ნოსტალგია გეუფლება. აუცილებლად უნდა ვიყოთ ევროპის შემადგენელი ნაწილი, რადგან ამისთვის ყველაფერი გვაქვს. თუმცა აქ სულ რაღაცის შიშია. მშურს ფრანგი ახალგაზრდების, რადგან ნერვული სისტემა უფრო მოწესრიგებული აქვთ. 1998 წელს მიშელ სონი რომ ჩამოვიყვანე, დეპრესიაში ჩავარდა, ყველგან ნავთის სუნი იყო, სადარბაზოში რომ შედიოდი, ისეთი ჩაბნელებული იყო, რაღაცას მოიტეხავდი”...
მიშელ სონი ის ადამიანია, რომელსაც თავის პიგმალიონად მიიჩნევს. ცნობილ ფრანგ პიანისტს პირველად შორეულ 1995 წელს, მარგარიტა ლონგის კონკურსის დროს შეხვდა. ელისო ბოლქვაძემ მოგვიანებით ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტების დასახმარებლად მასთან ერთად საქველმოქმედო ფონდიც შექმნა. „მიშელის ფონდი ქართველ პიანისტებს აძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაც ხიდი გაიბას. ახლა სამი ბავშვი მოდის პარიზში, სადაც დაუკრავენ, მანამდე მასტერკლასებზე იყვნენ შვეიცარიაში. წლის განმავლობაში სულ რაღაც პროგრამებია დაგეგმილი”.
 
გეგმები თავადაც ბევრი აქვს – ჟენევაში, გაეროში კონცერტის ჩატარება 27 ოქტომბერს, ახალი ალბომის ჩაწერა ბრავო სტუდიასთან... აგრძელებს ფრანგულ მუსიკალურ არხ Mezzo-სთან თანამშრომლობასაც. Mezzo-ს პირველი ქართული პროექტი რუსთაველის თეატრში ამ გაზაფხულზე ჩაიწერა, რომელშიც თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად ელისო, ანა ყიფიანი, ნინო გვეტაძე იღებენ მონაწილეობას. ფილმის ჩვენება არხზე ნოემბერში დაიწყება და ორი წლის განმავლობაში სამოცჯერ გავა. რამდენიმე დღის წინ ელისო ბოლქვაძის ცხოვრებაში ძალიან სერიოზული ძვრა მოხდა – IMG World-თან კონტრაქტი დადო და IMG არტისტი გახდა, რაც კიდევ უფრო მეტი წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია. 
 

კომენტარები