ლიტერატურული კონკურსი

აქა საქმე გალასი ანუ შემოდგომის წიგნთაცვენა

ირაკლი ბლუიშვილი
სამამულო ლიტერატურული ცხოვრება კონკურს-პრემიებით რომ დიდად განებივრებული არ გახლავთ, არახალი ამბავია. შესაბამისად, თბილისის საკრებულოს ინიციატივა, რომელიც უკვე საიუბილეო, მეხუთე წელია პრემია გალას (ის საკრებულოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, მწერალმა ზაალ სამადაშვილმა დააფუძნა მეგობრებთან ერთად – 2007 წელს) გამართვას გულისხმობს, მიუხედავად აქა-იქ მოქილიკე რამდენიმე ლიტერატორისა, უდავოდ პოზიტიურ მოვლენებს მიეკუთვნება. გამარჯვებულებს 4000 ლარი და ბრინჯაოს ხანის კოლხური ცულის მცირე ზომის ასლები გადაეცემათ. სხვა საკითხია, რომ შედეგებით კმაყოფილი ყველა ვერ დარჩება – ეს ამგვარ საქმეთათვის ჩვეულებრივი, დამახასიათებელი პროცესია. როგორც ჩანს, გალას მიზანია, მიმდინარე სამწერლო პროცესი უფრო სხვა კუთხით დაგვანახოს, ვიდრე მეორე დიდი პრემია, საბა, გვთავაზობს – ამაში, როგორც განსხვავებული ნომინაციები, ასევე ახალი ავტორების წარმოჩენა და პოპულარიზება იგულისხმება.

 წლეულს გამომცემლობებმა 150 წიგნი წარადგინეს. აქედან 5-კაციანმა ჟიურიმ (მთარგმნელი ნინო ქაჯაია, მხატვარი დიმიტრი ერისთავი, მწერლები: ზურაბ სამადაშვილი, მამუკა ხერხეულიძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი) 20 ნომინანტი შეარჩია. გამოსაყოფია ახალი ნომინაცია – „წლის კინოსცენარი”, რომელიც კინოცენტრთან ერთად დაწესდა – საინტერესოა, რამდენად წაახალისებს ამგვარი ნაბიჯი საქართველოში კინოსცენარისტთა რატომღაც მარგინალიზებულ პროფესიას. 
 
დაჯილდოება 8 ოქტომბერს, ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართა. უკვე ხსენებულ ნომინაციაში – „წლის კინოსცენარი” – გამარჯვება მაკა კუკულავას დარჩა, სცენარისთვის – „ადას კინო”. მაკა თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტია და შესაბამისად, ახალ თაობას წარმოადგენს, რაც ორმხრივ საიმედო ამბავია. „წლის თარგმნილი წიგნი” უმბერტო ეკოს „ვარდის სახელი” (დიოგენე) გახდა. ვინც ამ ტექსტს იცნობს, ადვილად წარმოიდგენს, თუ რა სირთულეების გადალახვა მოუხდა მის მთარგმნელს, ხათუნა ცხადაძეს და ეს გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა. აღსანიშნავი და სასიამოვნო ფაქტია, რომ გალა საყმაწვილო ლიტერატურასაც არ ტოვებს ყურადღების მიღმა – წელს „საბავშვო წიგნის” პრიზიორად ნატო დავითაშვილის ნაწარმოები „ნისლებში და ნისლებს მიღმა” (ლოგოს-პრესი) დასახელდა. ორიგინალურ, ლიტერატურული პრემიებისთვის არცთუ დამახასიათებელ ნომინაციაში – „წიგნის მხატვრობა” – პრიზი ლორეტა აბაშიძე-შენგელიამ მიიღო. მან თამრი ფხაკაძის „გლობუსას და ლუკას თავგადასავალი” (პეგასი) გააფორმა. „წლის საუკეთესო ლიტერატურულ პროექტად” ჟიურიმ ზაზა აბზიანიძის ნაშრომი „100 წიგნი – ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო” (ქართული ბიოგრაფიული ცენტრი) დაასახელა. „წლის წიგნის” პრიზიორად საინტერესო ავტორის, მარიამ წიკლაურის ლექსების კრებული „თეთრი ხბორები” (პეგასი) გამოვლინდა. „სამაგიდო წიგნის” გამარჯვებულად კი მიხო მოსულიშვილის დიდხნიანი შრომის შედეგი – „ვაჟა-ფშაველა” (პეგასი) ცნეს. 
   
 

კომენტარები