ეკონომიკური პოლიტიკა

სოფლის მეურნეობა სუბსიდიის გარეშე?

ევროკავშირში დაწყებული ეკონომიკური კრიზისი ევროპელებს, სავარაუდოდ, ბევრ საკითხზე აიძულებს თავიანთი პოლიტიკის გადახედვას. ერთი ასეთი საკითხი ალბათ სუბსიდიების თემაც იქნება, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ცალკეული დარგების არაეფექტიანობაში. ასეთ სფეროთა რიგს განეკუთვნება სოფლის მეურნეობა.

ევროპულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ რამდენად ადვილიცაა სუბსიდიის გაცემის დაწყება, იმდენად რთულია მისი შემდგომი შეჩერება. ეს
პრაქტიკა კი გასული საუკუნის 60-იან წლებში იღებს სათავეს, როცა ევროგაერთიანება ფერმერებზე სუბსიდიების გაცემისა და ზღვრული ფასების დაწესების პოლიტიკას მიჰყვა. ბრიუსელში მალევე გამოჩნდნენ ისეთები, ვინც ამ პოლიტიკის სისწორეში ეჭვი შეიტანა. შედეგად, 1968 წელს ე.წ. მანსჰოლტის გეგმაც შემუშავდა, რომელიც (თუმცა შორს იყო იდეალურისგან) ფერმერთა გამსხვილებასა და სახელმწიფო დახმარებების ეტაპობრივ გაუქმებას ითვალისწინებდა. გეგმა ჯერ წესიერად გამოქვეყნებულიც არ იყო, როცა მას უკვე აქტიურად გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგები იმ პოლიტიკოსების სახით, რომელთაც არჩევნებში მილიონობით ფერმერის ხმის იმედი ჰქონდათ. მას შემდეგ 40 წელზე მეტი გავიდა, თუმცა ევროკავშირის პოლიტიკა სოფლის მეურნეობის მიმართ თითქმის არ შეცვლილა. გამომდინარე იქიდან, რომ სუბსიდიების თემა მეტად მგრძნობიარეა, ის ბევრ პოლიტიკურ რისკთან არის დაკავშირებული. მაგალითად, რძეზე ზღვრული ფასების მოხსნა ან კვერცხის მწარმოებლებისთვის სახელმწიფო დახმარების გაუქმება ნებისმიერ პარტიას ასეულობით ათასი ხმა შეიძლება დაუჯდეს. ფერმერებს კი არ გაეწბილებათ. მათ ხომ თავიანთი მეურნეობა ამ დახმარებების იმედად ააგეს და სუბსიდიის შეწყვეტა იმთავითვე გამოიწვევს ბევრი მათგანის გაკოტრებას. 

თუმცა ევროკავშირისგან განსხვავებით არსებობს ქვეყნები, რომელთაც ეს თამამი ნაბიჯი უკვე დიდი ხანია გადადგეს. ასეთია ახალი ზელანდია. ერთ დროს ამ ქვეყნის ფერმერებიც სარგებლობდნენ სახელმწიფო დახმარებებით, რომლის ჯამური წილი სოფლის მეურნეობაში საკმაოდ დიდი იყო. მაგალითად, 1983 წელს მეცხვარეობაში შემოსავლის 40 პროცენტს სახელმწიფო დოტაცია შეადგენდა. საერთო ჯამში, სოფლის მეურნეობაში შექმნილი პროდუქცია გაცილებით ნაკლები ღირებულებისა იყო, ვიდრე მისი შექმნისთვის გაწეული ხარჯები. ფერმერების დიდი ნაწილი ორიენტირებული იყო არა ბაზრის მოთხოვნებზე, არამედ დახმარებების მიღებაზე. 1984 წელს ახალი ზელანდიის ახალმა (სოციალ-დემოკრატიულმა!) მთავრობამ, რომელმაც წინა მთავრობისგან უზარმაზარი დეფიციტის მქონე ბიუჯეტი და ბანკროტის წინაშე მდგომი ქვეყანა ჩაიბარა სამართავად, ქვეყნის ფეხზე წამოსაყენებლად ლიბერალური ეკონომიკური კურსი აირჩია და სახელმწიფო ხარჯების შემცირება დაიწყო. შედეგად, 1987 წლისათვის თითქმის სრულიად გაუქმდა სუბსიდიები სოფლის მეურნეობაში და მისი დაბეგვრის სისტემა გაუთანაბრდა სხვა დარგებისას. ამას გარდა, გაუქმდა უამრავი რეგულაცია და წესი, რომელიც ხელს უშლიდა ბიზნესის კეთებას. ბუნებრივია, რეფორმა მტკივნეული აღმოჩნდა ბევრი ფერმერისათვის და მან დიდი პროტესტიც გამოიწვია საზოგადოებაში, თუმცა რისკიანმა ნაბიჯმა გაამართლა და მოსალოდნელზე კარგი შედეგი გამოიღო. რეფორმების შედეგად, ნავარაუდევი 16 პროცენტის ნაცვლად ფერმერების მხოლოდ ერთმა პროცენტმა დატოვა დარგი, ხოლო მან, ვინც დარჩენა გადაწყვიტა, ხარჯების შემცირებასა და მეურნეობის ოპტიმიზაციას მიჰყო ხელი. სოფლის მეურნეობის წარმოება საბაზრო პრინციპებს დაეფუძნა და გამოიკვეთა გამსხვილების ტენდენცია. მას შემდეგ ახალ ზელანდიაში სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის დონე გაორმაგდა და ის დღემდე წარმატებით ქმნის სიმდიდრეს და ახალ სამუშაო ადგილებს. ამჟამად, მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 4.9 პროცენტია, რაც განვითარებული ქვეყნისათვის დოტაციის არქონის პირობებში საკმაოდ მაღალია. ახალმა ზელანდიამ აჩვენა კარგი მაგალითი იმისა, რომ სოფლის მეურნეობას არათუ შეუძლია სუბსიდიის გარეშე ფუნქციონირება, არამედ მისი არსებობა გრძელვადიან პერსპექტივაში დარგის ჯანსაღი განვითარებისთვის ხელშემშლელი ფაქტორიც შეიძლება იყოს.

საქართველოში, სადაც სოფლის მეურნეობა ბოლო პერიოდში ლამის მთავარ წინასაარჩევნო თემად იქცა, ბევრი მომხრე ჰყავს პროტექციონიზმსა და
დოტაციას. ისინი ხშირად თითს ევროპისკენ იშვერენ და, ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობას საბაზრო ეკონომიკისგან განყენებულად განიხილავენ. მათ მიაჩნიათ, რომ ამ დარგის წინსვლა მხოლოდ ევროპული მოდელით მიიღწევა და სუბსიდია დროებითი ღონისძიებაა. ამავე დროს ავიწყდებათ, რომ ეს „დროებითი ღონისძიება” ჩვენს ევროპელ მეგობრებთან უკვე ათწლეულებია გრძელდება. დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს მხრიდან იმ გზის გავლა, რომელიც აპრიორი მცდარია. სწორი იქნება მოდერნიზაცია ლიბერალური ეკონომიკური გარემოთი და რაც შეიძლება ბევრი კერძო ინვესტიციით. სხვა შემთხვევაში, სიღარიბე და სოფლის მეურნეობა მუდმივად სინონიმი იქნება. 
 

კომენტარები