ეკონომიკური პოლიტიკა

მერაბიშვილი: იმის თქმა, რომ ხაზინაში ფული არ არის, არის სიცრუე

ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფო ანგარიშებზე არსებული თანხების მოცულობა 2 მილიარდ ლარზე მეტია.
მერაბიშვილმა ჟურნალისტებს წარუდგინა მონაცემები, რომლის თანახმად, სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე 920 მილიონი ლარია, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ანგარიშებზე - 200 მილიონი, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებზე - 320 მილიონი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების დეპოზიტებზე - 587 მილიონი.
”მესმის, 2 მილიარდი ლარი არ არის საკმარისი, რომ თუნდაც ნაწილობრივ დაფინანსდეს ის, რასაც მომავალი მთავრობა ხალხს დაჰპირდა, მაგრამ იმის თქმა, რომ ხაზინაში ფული არ არის, არის სიცრუე”.  - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
ვანო მერაბიშვილმა ისიც განმარტა, რომ თუ მომავალი მთავრობის წევრები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო კომპანიის ან ორგანიზაციის ანგარიშზე არსებული თანხა არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც საბიუჯეტო თანხა, ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით ეს თანხა ”ზუსტად ნახევარ საათში” შესაძლებელია ისევ ხაზინის ანგარიშზე დაბრუნდეს.

კომენტარები