ივანიშვილი პოლიტიკაში

ელიტური თესლი ქართულ პოლიტიკაში

ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნასა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. მას პრემიერ-მინისტრის, ან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება სურს. ივანიშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა მიაღებინა. ოლიგარქის აზრით, სააკაშვილის სურვილია, ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში. ივანიშვილი ქვეყნის ძირითადი პრობლემების მოგვარებას 2-3 წელიწადში აპირებს და ამბობს, რომ ამ ვადის ამოწურვისთანავე პოლიტიკიდან წავა.

ივანიშვილის თქმით, მან ჯერ კიდევ 2008 წელს მიიღო ოპოზიციური ძალების დახმარების გადაწყვეტილება. თუმცა, ფიქრობს, რომ მისი პირადი მონაწილეობის გარეშე მიზნის მიღწევა რთული იქნება.

პოლიტიკურ ასპარეზზე ოლიგარქის გამოჩენა საქართველოსთვის სიახლე ნამდვილად არ არის. უახლოეს წარსულში, მეცენატის იმიჯითა და პოლიტიკური ამბიციებით, ქვეყანას ბადრი პატარკაციშვილი მოევლინა. მან არა სისტემის შიგნით საკუთარი ინტერესების ლობირება, არამედ მისი გარდაქმნა და კონტროლქვეშ მოქცევა მოინდომა. ამბიციური მიზნები აქვს ბიძინა ივანიშვილსაც. ფაქტია, რომ მას უბრალოდ ნიშის დაკავება არ სურს. ოლიგარქმა, ახალშექმნილი პარტიისა და „არსებული ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით”, საპარლამენტო არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგება გადაწყვიტა. გარდა ამისა, მას სამმაგ ფასად ტელევიზიის შეძენა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსება, მაღალტექნოლოგიური საწარმოების შექმნა და სოფლის მეურნეობის სუბსიდირება სურს. ივანიშვილი ერთ-ერთ მიზნად კარტოფილის ელიტური თესლის წარმოებას აცხადებს. მისი თქმით, წილკნის ინ-ვიტრო ლაბორატორიებსა და სათბურებში უკვე იწარმოება კატოფილის მინიტუბერები, რომელსაც ახალქალაქის ნაკვეთებზე ამდიდრებენ „ელიტურ თესლამდე”. 2012 წელს ამგვარი კარტოფილის მიწოდებას ფერმერებისთვის უფასოდ შეძლებენ.

ჯერჯერობით უცნობია, ვისით უნდა დააკომპლექტოს გუნდი ივანიშვილმა, ან ვის გულისხმობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებში. ვიცით მხოლოდ ის, რომ თავის გუნდში მყოფი ადამიანებისთვის და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ფინანსებს არ დაიშურებს. სრული და დაზუსტებული გეგმების გაცხადებას ის სამომავლოდ დაგვპირდა.

„საწყისი მუხტის შესაქმნელად” ივანიშვილი „საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის” შექმნას გეგმავს, რომელიც ტელევიზიას, რადიოს, გაზეთებსა და ინტერნეტგამოცემებს გააერთიანებს. ცენტრის მართვაში ის ინტელიგენციის ნაწილს ჩართავს. ოლიგარქი დღესვე იწვევს ჟურნალისტებს მომავალ პოლიტიკურ შტაბში, სადაც მათ ხელფასს გადაუხდის. შემდეგ, საინფორმაციო ცენტრში თანამშრომლების შერჩევისას მათ პრივილეგიები მიენიჭებათ.

მან ტელეკომპანია კავკასიის, ან მაესტროს შეძენის სურვილიც გამოთქვა – თანაც საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ უფრო ძვირად, ორ წელიწადში სიმბოლურ ფასად უკან მიბრუნების პირობით. ამჟამინდელ მფლობელებს საეთერო დროის 50%-ის შენარჩუნების პირობას აძლევს. ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ ისინი საკონტროლო პაკეტს არ ყიდიან. თუმცა, შემდეგ არხის გენერალურმა დირექტორმა, ბაჩო კიკაბიძემ, წინადადების განხილვა არ გამორიცხა. კავკასიის დამფუძნებელი დავით აქუბარდია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. განცხადებაში ივანიშვილი ამბობდა, რომ მაესტროსაც და კავკასიასაც სააკაშვილი აკონტოლებს და ისინი ფსევდოოპოზიციური მედიასაშუალებები არიან.

ივანიშვილი, რომელსაც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 185-ე ადგილი უკავია (5,5-მილიარდიანი ქონებით), აქამდე თავს შორს იჭერდა პოლიტიკისგან. მისი სახელი, ძირითადად, ქველმოქმედების კონტექსტში ფიგურირებდა. ივანიშვილი პრაქტიკულად არ ჩნდებოდა მედიით. მისი მხოლოდ ერთადერთი ინტერვიუ არსებობს. საზოგადოება ივანიშვილს, როგორც ტელეკომპანია მე-9 არხის მფლობელს, იცნობდა. ტელეკომპანია 2004 წელს დაიხურა.

2005 წელს მან და მისმა პარტნიორმა გაყიდეს რამდენიმე წილი, მათ შორის მადნისა და მეტალის ბიზნესში 2,2 მილიარდ დოლარად. ასევე გაყიდეს Impeksbank-იც. ამჟამად, ოლიგარქს მოსკოვში წილები აქვს უძრავი ქონების პროექტებშიც და 2 ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. ის აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებსაც. Forbes-ის ცნობით, გასულ წელს მან საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო და აქვს რუსული და ქართული პასპორტებიც. ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2012 წლისთვის დათმობს საფრანგეთისა და რუსეთის პასპორტებს. ასევე გაყიდის თავის ბიზნესებს რუსეთში.

ოლიგარქები პოსტსაბჭოთა სივრცეში

ოლიგარქების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილისთვის ჩვეული პრაქტიკაა. ზოგადად, ოლიგარქების სახელით 90-იან წლებში, პრივატიზების პროცესის დაწყებისას, სწრაფად გამდიდრებულ ადამიანებს მოიხსენიებენ, რომელთაც ეკონომიკურთან ერთად, ხშირად პოლიტიკური ძალაუფლებაც აქვთ. ისინი განსაკუთრებული გავლენით რუსეთში სარგებლობენ. ოლიგარქები პოლიტიკურ სისტემაში, უკრაინაში და ნაწილობრივ ბალტიის ქვეყნებშიც, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. სხვადასხვა ადგილას მათი მოქმედების მანერა განსხვავდება. რუსეთში ოლიგარქების მოქმედების ადგილი კულუარებია და იქიდან ახდენენ გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მყოფი მოკავშირეების დახმარებით. უკრაინაში სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან ასოცირდებიან და ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში არიან წარმოდგენილი. რაც შეეხება ბალტიის ქვეყნებს, მაგალითად, ლატვიაში ოლიგარქები პატარა პარტიებში ირიცხებიან. აქ პარტიები, პოლიტიკური სისტემის თავისებურებიდან გამომდინარე, ხშირად ხვდებიან კოალიციაში და თანამშრომლობა უწევთ სისტემის შიგნით სხვადასხვა ძალებთან.

რუსეთში ოლიგარქების გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე 90-იანი წლებიდანვე იღებს სათავეს. ერთი მხრივ, საბჭოთა სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისას მათ გამდიდრებაში დაეხმარათ კარგი კავშირები მთავრობის წარმომადგენლებთან, რისი წყალობითაც სხვადასხვა ბიზნესი ძალიან იაფად და ხანდახან უფასოდაც ჩაიგდეს ხელში. მეორე მხრივ კი, თავადაც გაიძლიერეს პოლიტიკური გავლენები. მათ უმნიშვნელოვანესი ფინანსური წვლილი შეიტანეს 1996 წელს, ელცინის პრეზიდენტად ხელახალ არჩევაში. ამ უკანასკნელის დროს, ყველაზე გავლენიანი ოლიგარქები იყვნენ – ბორის ბერეზოვსკი, მიხაილ ხოდორკოვსკი, ვლადიმირ გუსინსკი, ვიტალი მალკინი, ვლადიმირ პოტანინი და სხვები. მათგან მხოლოდ რამდენიმემ შეინარჩუნა ადგილი და გავლენა პუტინის რუსეთში. ბერეზოვსკისა და გუსინსკის ქვეყნის დატოვება მოუწიათ. ხოდორკოვსკი კი დღემდე ციხეშია.

სამაგიეროდ, პუტინის მმართველობისას ახალი სახეები გამოჩნდნენ. უმეტესად, პუტინის პერსონალური წრიდან – მეგობრები კოოპერატივ ოზეროს აგარაკებიდან. ეს კოოპერატივი ამჟამინდელმა პრემიერმა მეგობრებთან ერთად დააარსა. პუტინის მმართველობისას ისინი მოკლე ხანში იქცნენ მილიონერებად და უმეტესობა წამყვან თანამდებობაზე მუშაობს. დანარჩენები კომპანიებში წილებს ანაც ძვირადღირებულ კონტრაქტებს, კარგი კავშირებისა და კორუმპირებული სისტემის წყალობით იღებენ. უკრაინაში ოლიგარქები დაახლოებით იმავე დროს და იმავე ვითარებაში გამოჩნდნენ. თუმცა, რუსეთისგან განსხვავებით, ისინი სხვადასხვა პარტიებში გადანაწილდნენ და მათ აკონტროლებდნენ. მაგალითად, ასეთი იყო მწვანეთა, ან სოციალ-დემოკრატიული პარტიები. ოლიგარქები ამჟამინდელ პრეზიდენტ იანუკოვიჩზეც ახდენენ გავლენას. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. იანუკოვიჩის ირგვლივ რამდენიმე დაპირისპირებული ჯგუფია, რომელთა უკანაც, ერთი მხრივ, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ოლიგარქი – დმიტრო ფირტაში დგას. მისი კონკურენტი გავლენის ძიებაში კი ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი – მეტალურგიული მრეწველობის მაგნატი რენატ ახმეტოვია. მათ მჭიდრო კავშირები აქვთ პრეზიდენტის უახლოეს წრესთან.
უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოლიგარქი, ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო კი, რომელიც იანუკოვიჩის კონკურენტი იყო, ამჟამად ციხეში იმყოფება და სასამართლო განაჩენს ელოდება.

ოლიგარქებს მყარად ჰქონდათ ფეხი მოკიდებული ლატვიაში. ტრადიციულად, აქ სამ სხვადასხვა ოლიგარქზე მიბმული სამი პარტია იყო. ისინი ყოველ არჩევნებზე, პარლამენტში, დაახლოებით ადგილების ნახევარს მოიპოვებდნენ. 90-იან წლებში ლიბერალი რეფორმისტები, ლატვიელი ნაციონალისტები და ოლიგარქები შერეულ სისტემაში მოღვაწეობდნენ. თუმცა, შემდგომ, მათ ეს სამი პერსონალიზებული ჯგუფი გამოეყო. ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი ოლიგარქებს დაუპირისპირდა. უკანასკნელ, 2011 წლის არჩევნებზე მათ ხმები დაკარგეს, ზატლერსის რეფორმისტული პარტია კი მეორე ადგილზე გავიდა.

ლიტვაში, ლატვიასთან შედარებით, ოლიგარქების გავლენისგან უფრო თავისუფალნი არიან. ყველაზე გახმაურებული, რუსეთში დაბადებული ლიტველი ოლიგარქის და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, ვიქტორ უსპანსკიხის შემთხვევაა, რომელიც ლიტვის ეკონომიკის მინისტრიც იყო. ივარაუდება, რომ მას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან კავშირი ჰქონდა.

ოლიგარქები პოლიტიკურ ასპარეზზე ისრაელშიც ჩნდებიან. რუსმა ებრაელმა არკადი გაიდამაკმა აქ პარტიაც შექმნა და 2008 წელს იერუსალიმის მერის არჩევნებში იყარა კენჭი – თუმცა, წარუმატებლად.

კომენტარები