ფრანგული სამზარეულო

კულინარიული დიპლომატია

 მშიერ კუჭს რომ ყურები არ აქვს, ჩინელებმა დიდი ხანია იციან. ევროპაში ამ თემაზე გამოთქმული ერთ-ერთი პირველი დაკვირვება ლეგენდარულ ფრანგ მზარეულს, მარი-ანტუან კარემს ეკუთვნის: „კულინარიული ხელოვნება დიპლომატიის ნაწილია და ყველა პრემიერ-მინისტრი ამას ემორჩილება”.
უდავოდ, კულინარია ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა საფრანგეთის სახელმწიფო საქმეებში, როგორც ქვეყნის გარე, ასევე შიდა საქმეების მოსაგვარებლად. 

ტომ სტოპარდის თანაავტორობით შექმნილი ფილმი – „ვატელი” (რეჟ: როლანდ ჟოფე, 2000) ფრანგული კულინარიული დიპლომატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. კონდეს პრინცი, რომელსაც საფრანგეთ-ჰოლანდიის ომში გენერლობა სურს, ლუი მეთოთხმეტეს მასპინძლობს. სამდღიანი ნადიმი, რომელიც გადატვირთულია როგორც კულინარიული, ასევე პიროტექნიკული ექსტრავაგანტულობით, საპატიო სტუმრის და მისი ამალის გულის მოსაგებად იმართება. ბუნებრივია, ამის უკან კონდეს პრინცის ინტერესები დგას: თუ მონარქი კმაყოფილი დარჩება, ხელმოცარულ პრინცს გენერლობას მიანიჭებს. გარდა ამისა, ომიდან შემოსული თანხით პრინცი საკუთარ შატოს და მამულებს შეინარჩუნებს. 

ფრანგულ კულინარიაში განსაკუთრებული დახვეწილობის კერძების დასახელებაც გაჩნდა – À la diplomate – რაც გულისხმობს ასთაკვის (კიბო) და ძვირფასი თევზეულის კერძის მომზადებას ტრიუფელით: აშკარაა პირდაპირი მინიშნება ხარისხზე, ფუფუნებისა და ელეგანტურობის ასოციაციით.

საფრანგეთის ელჩის ყველაზე ძლიერი იარაღი მისი მზარეულია. ელჩის საპატიო სტუმრები ადვილად ექცევიან მაცდური ფრანგული კერძების გავლენის ქვეშ, რაც სტუმრებს ხასიათს ურბილებს და ამა თუ იმ პოლიტიკური და კომერციული წინადადების მისაღებად განაწყობს. ჟაკ შირაკმა ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოს შეფ-მზარეულს 1999 წელს კავალერის ღირსების ორდენი მიანიჭა, სამშობლოსათვის გაწეული განსაკუთრებული სამსახურის გამო. ეს გაუგონარი პატივია მზარეულისთვის, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად მაღალია შეფ-მზარეულის წვლილი დიპლომატიურ მისიაში.

კულინარია ქვეყნის ეროვნული ხასიათის ანარეკლია, ეს ფრანგების გარდა სხვა ერებსაც კარგად ესმით და იყენებენ კიდეც კულტურის წარმოსადგენად. ამის კარგი მაგალითია „სინგაპურის სეზონი”, რომელიც ყოველ წელს ლონდონში ეწყობა. კულინარიას ასევე იყენებენ ავსტრალიელები სამხრეთაზიელ მეზობლებთან დიპლომატიური ურთიერთობების გასამყარებლად. მაგრამ ფრანგები მაინც ყოველთვის უპირატესობით სარგებლობენ ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ ამ ქვეყანას შეუდარებელი წვლილი მიუძღვის კულინარიის ისტორიაში და, ასევე, მაღალი ცხოვრების სტილის და ელეგანტურობის მიმზიდველი რეპუტაცია აქვს და მეორე, რომ წარმატებით ახერხებენ ამ კომპონენტების გაერთიანებას „ფრანგულ დროსტარებაში”.

ინგლისელმა დრამატურგმა ოლდოს ჰაქსლიმ სამართლიანად შენიშნა, რომ „სადილამდე ადამიანი შეიძლება პესიმისტი დეტერმინისტი იყოს, და სადილის შემდეგ ოპტიმისტ მორწმუნედ იქცეს”. ფრანგებს ეს კარგად ესმით და გამოსდით, თუმცა ეს ძველისძველი და უბრალო ამბავია: კარგი სადილით კმაყოფილების გაზიარება ურთიერთგაგების დასაწყისია.   

კომენტარები