ეკონომიკური პოლიტიკა

ლოუსონი: ინსტიტუტების გამართვას დიდი დრო სჭირდება

ირაკლი ბლუიშვილი
უახლესი კვლევის მიხედვით, საქართველოს ადგილი რეიტინგში 4 პუნქტით გაუარესდა. რა არის ამის მიზეზი?

2009 წელი სპეციფიკური წელი იყო. ამ წელს ეკონომიკური თავისუფლების საშუალო გლობალური მაჩვენებელი ინდექსში პირველად შემცირდა. საქართველოს შემთხვევაში, ერთი კონკრეტული გამოკვეთილი მიზეზი არ ჩანს. თანაც ქვეყნის რეიტინგი უმნიშვნელოდ შემცირდა. სხვა საქმეა, მაჩვენებელი მუდმივად რომ იკლებდეს. მცირე მოდულაცია ჩვეულებრივი მოვლენაა – კვლევა მოიცავს 42 მახასიათებელს და 50 ათასზე მეტი ციფრის გაანალიზება ხდება. ამიტომაც, ამ ფაქტის მნიშვნელობის გაზვიადებისგან თავს შევიკავებ.

როგორ შეაფასებდით საქართველოს ძლიერ და სუსტ მხარეებს რეიტინგში?

რეიტინგში საქართველოს ჩართვის შემდეგ, ქვეყანამ მნიშვნელოვნად შეამცირა ბაზრის რეგულირება. ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საბჭოთა პერიოდში ყველაფერი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, საქართველომ ამ კუთხით მოკლე დროში ბევრი რეფორმა გაატარა და ქვეყანაში პრივატიზაციის პრაქტიკა დანერგა. კერძო საკუთრების გაჩენა ეკონომიკური თავისუფლების უმთავრესი პირობაა. სასამართლო სისტემა და საკუთრების უფლებების დაცვა ჯერ კიდევ სუსტ მხარედ რჩება.

ფრეიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2 წლის დაგვიანებით ქვეყნდება. ეს კვლევაც 2009 წლის ტენდენციებს აჯამებს. 2 წელი დიდი დრო ხომ არ არის, პოლიტიკოსებმა და გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა, ეს ტენდენციები სერიოზულად რომ აღიქვან?

ეს ფაქტია და ამას ვერსად გავექცევით. შეუძლებელია მეთოდოლოგია ისე შეიცვალოს, რომ ამაზე უფრო სწრაფად მოხდეს ტენდენციების გაანალიზება. ყველა კვლევა სინამდვილეში 2 წლის წინანდელ მონაცემებს ეყრდნობა. ჩვენ უბრალოდ არ ვიტყუებით და ამ ფაქტს არ ვმალავთ. დღეს მე ინდექსის შესადგენად აუცილებელი 42 პარამეტრიდან ალბათ ნახევარზე ნაკლებისთვის თუ შევძლებდი ციფრების მოპოვებას. ესეც 2010 წლის წინასწარი მონაცემები იქნებოდა. ჩვენ არ გვინდა შეცდომაში შევიყვანოთ ადამიანები. ეს აკადემიური კვლევაა და არა პოლიტიკური. კვლევა ციფრებს ეყრდნობა – ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ობიექტური პარამეტრი გვქონდეს – ანუ ისეთი, რომელიც გამოქვეყნებულ, საჯარო ციფრებს დაეყრდნობა და არა ინტერპრეტაციებს.

ამ კონტექსტში, რა განსხვავებაა ფრეიზერის ინსტიტუტისა და Heritage Foundation-ის კვლევებს შორის? ორივე ეკონომიკურ თავისუფლებას ზომავს.

მთავარი მსგავსება ისაა, რომ ვთანხმდებით, რა არის ეკონომიკური თავისუფლება. განსხვავება კი ტრანსპარენტულობაშია. ფრეიზერის მეთოდოლოგია გამჭვირვალეა – შეგიძლიათ თავად ნახოთ, თუ როგორ მივიღეთ ესა თუ ის ქულა ნებისმიერი ქვეყნისთვის. Heritage Foundation-ის კვლევაც ციფრებს ეყრდნობა – ისინი ციფრებს არ იგონებენ, თუმცა გაუგებარია, როგორ ითარგმნება ეს ინფორმაცია რეიტინგის კონკრეტულ ქულაში. რთულია იმის გარკვევა, როგორ მიიღეს კონკრეტული ქულა კონკრეტული ქვეყნისთვის.

ფრეიზერის კვლევის განმარტების მიხედვით, ინდექსი ზომავს იმ კანონებისა და ინსტიტუტების ერთობლიობას, რომლებიც მხარს უჭერს და აძლიერებს ეკონომიკურ თავისუფლებას. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ საქართველოს მეტი პრობლემა აქვს ინსტიტუტების განვითარების კუთხით?

ერთადერთი განსხვავება, რაც შეიძლება არსებობდეს კანონებსა და ინსტიტუტებს შორის, ისაა, რომ კანონების შეცვლა შედარებით მარტივია, ვიდრე ინსტიტუტების. ამ უკანასკნელთა ჩამოყალიბება და გამართვა დროის საქმეა. ინსტიტუტების მხრივ, წარმატების მიღწევას დიდი დრო სჭირდება. სრული სიმართლეა, რომ საქართველომ კანონების კუთხით დიდ წარმატებას მიაღწია. ბევრი რამ, რისი შეცვლაც სწრაფად შეიძლებოდა, განსაკუთრებით საკანონმდებლო დონეზე – შეიცვალა. მაგალითად, შრომითი კოდექსის ისეთი რეფორმირება მოხდა, რომ ის მთელ მსოფლიოში სამაგალითოდ იქცა. ბევრი მიმართულებით შემცირდა ან საერთოდ გაუქმდა ტარიფებიც. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი სფეროებიც, რომელთა რეფორმირებას მეტი დრო სჭირდება. სამწუხაროდ, ზოგჯერ არც გამართული კანონია საკმარისი. ამის კარგი მაგალითია იგივე სასამართლო სისტემა. თუმცა, მეორე მხრივ, ინდექსში ბევრია ისეთი ქვეყანა, რომელთა კანონებიც ცუდია და ინსტიტუტებიც. საქართველო კი წინ მიიწევს. მაგალითად, ქვეყანამ საგრძნობლად შეამცირა კორუფცია – უბრალოდ კარგი კანონით მცირე კორუფციის აღმოფხვრაც კი შეუძლებელია. ფაქტია, რომ ინსტიტუციონალური განვითარების გარეშე, კორუფცია ვერ შემცირდებოდა. ისიც ფაქტია, რომ დღეს საქართველო ეკონომიკურად თავისუფალ 30 ქვეყანას შორისაა. მისი კანონების უმეტესობა მხარს უჭერს და აძლიერებს ეკონომიკურ თავისუფლებას. ახლა დროა, საქართველომ უფრო მაღალი მიზანი დაისახოს. ამასთან, ის მზად უნდა იყოს, რომ ხანგრძლივი, მძიმე და უწყვეტი მუშაობა დასჭირდება. ინსტიტუტების გამართვას შეიძლება თაობები დასჭირდეს, თუმცა ეს საქმე ამად ნამდვილად ღირს.

რობერტ ლოუსონი – მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსის თანაავტორი. კვლევითი ინტერესის სხვა სფეროებია: ეკონომიკური ზრდა და განვითარება, შედარებითი ეკონომიკა, სისტემები, საჯარო ფინანსები, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსები, ეკონომიკური განათლება, გამოყენებითი მიკროეკონომიკა.

ფრეიზერის ინსტიტუტი – დამოუკიდებელი არაკომერციული კვლევითი და საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ ათასობით ადამიანის, ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობებზეა დამოკიდებული. ზომავს და სწავლობს კონკურენტული ბაზრებისა და მთავრობის ჩარევის გავლენას ცალკეულ ადამიანებსა და საზოგადოებებზე.


კომენტარები