პუტინის რუსეთი

ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინი: რუსეთის ყოფილი და მომავალი პრეზიდენტი

სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა პოლიტიკური ანალიტიკოსები გააოცა – მან 2012 წლის 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რეჟიმის კანდიდატად პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, ბევრის აზრით, ნაადრევად დაასახელა. მედვედევმა პარტია Единая Россия-ს მიმართა: „ვფიქრობ, სწორი იქნება, თუ ყრილობა მხარს დაუჭერს პარტიის თავმჯდომარის, ვლადიმირ პუტინის, კანდიდატურას ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე”. ასე და ამრიგად, მქუხარე აპლოდისმენტების აკომპანირებით, რუსეთში არაფერი შეცვლილა.

მედვედევს არც პუტინი ჩამორჩა: „4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებზე Единая Россия-ს პარტიული სიის პირველ ნომრად, ქვეყნის მეთაურის, დმიტრი მედვედევის კანდიდატურას გთავაზობთ”.
დაწერილი სცენარის მიხედვით, მედვედევის ჯერი დადგა. მან თქვა: „თუ პარტია არჩევნებში გაიმარჯვებს, რაშიც თითქმის დარწმუნებული ვარ, და ჩვენ კვლავ ასევე კარგად ვიმუშავებთ –  მზად ვარ, ქვეყნის მოდერნიზებაზე რეალური მუშაობა გავაგრძელო”.

მედვედევის მმართველობის დროს, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ახალი პრეზიდენტი შეიძლება ორჯერ, ექვს-ექვსი წლით აირჩეს. სხვა სიტყვებით, კონსტიტუციურად, პუტინმა შეიძლება რუსეთი 2024 წლამდე მართოს – ანუ საუკუნის მეოთხედი ხელისუფლებაში იყოს! ჯერჯერობით, ამ მმართველობის ფორმატად პუტინ-მედვედევის კომბინაცია, ანუ, როგორც მას ეძახიან, ტანდემი რჩება.

ერთადერთი სიურპრიზი პარტიის ყრილობაზე, რომელიც ლუჟნიკების სტადიონზე გაიმართა, ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დრო იყო. პოლიტიკურ ანალიტიკოსთა უმეტესობა დარწმუნებული იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამ ტანდემის ფორმატის გამოცხადება დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდებოდა. როგორც ჩანს, გამოცხადება მედვედევმა დააჩქარა, რათა ფინანსთა მინისტრ ალექსეი კუდრინის პრემიერ-მინისტრობაზე ამბიცია მოეთოკა.

(კუდრინმა სცენა მოაწყო: განაცხადა, რომ მედვედევის მინისტრთა კაბინეტში არ იმუშავებდა, რის გამოც ის ფინანსთა მინისტრობიდან გაანთავისუფლეს).
და მაინც, მედვედევის მხარდამჭერები – ადგილობრივებიც და უცხოელებიც – შეშფოთდნენ. „ეჰ, სასიხარულო არაფერია”, – Twitter-ით განაცხადა არკადი დვორკოვიჩმა, მედვედევის მრჩეველმა. ამასობაში, დასავლელმა კომენტატორებმა, მოსკოვში მომხდარის გასაანალიზებლად, ლიტრობით მელანი დახარჯეს. 

მაგრამ, მოსკოვური რეალობა ძალზე მარტივია. რუსეთს პუტინი მართავს. მედვედევი მისი კაცია. პუტინს უნდოდა, კონსტიტუცია დაეცვა და ამიტომ, ოთხი წლით თეთრ სახლს მიაშურა, მედვედევმა კი კრემლი დაიკავა.

ამ პერიოდის განმავლობაში – მიუხედავად ამ ორის განსხვავებული სტილისა და მათ შორის მცირედი რეალური დაძაბულობისა – პუტინმა მედვედევის არც ერთი სტრატეგია არ უარყო. მათ შორის ისინი, რომელთაგანაც დასავლელმა ანალიტიკოსებმა, დაუჯერებელი ამბავი გამოაცხვეს – თითქოს კრემლში მოდერნისტების ფრაქცია გაჩენილიყო. ჰენრი კისინჯერმა ისიც კი დაწერა: „ერთი რუსიც კი არ შემხვედრია – მთავრობაში თუ მთავრობის გარეთ, რომელიც არ ფიქრობდეს, რომ ძალაუფლებისთვის რაღაც ტიპის ბრძოლა მიმდინარეობსო”.

პუტინი მედვედევის სარეფორმო პროგრამას არც მოსკოვის თეთრ სახლსა და კრემლს შორის ადგილების მომავალი გაცვლის შემდეგ შეეწინააღმდეგება. არც მის სურვილს, დანერგოს რუსეთში მაღალი ტექნოლოგიები ან იმ სიმპათიას, რომელიც შეიძლება მედვედევის მიმართ დასავლეთს კიდევ შერჩეს. სინამდვილეში ორივე ერთსა და იმავე რუსეთს აშენებს.

ფუნდამენტური უთანხმოება ტანდემში არ არის. რომ ყოფილიყო, პარტია Единая Россия-ს ყრილობა პუტინისთვის საუკეთესო მომენტი იქნებოდა, ხალხისთვის გაწეული სამსახურისთვის მედვედევისთვის მადლობა გადაეხადა და დეკემბრის არჩევნებზე სიის პირველ კანდიდატად თავისი მეორე ძველი მეგობარი, კუდრინი დაესახელებინა. პუტინმა ეს არ გააკეთა.

თუმცა, ზოგის აზრით, მედვედევის გზავნილი საკმაოდ მრავალმნიშვნელოვანი იყო, როცა Единая Россия-ს დელეგატებს უთხრა: „როგორი არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა... არ უნდა იყოს სუსტი, ღარიბი და არაეფექტიანი; არ ჩაეფლოს დეზინტეგრაციის მორევში; არ იყოს ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი, არ ზარალდებოდეს ბიუროკრატების მიერ ძალაუფლების ბოროტი გამოყენებით, კორუფციით და ტერორიზმით; არ უნდა იყოს იზოლაციაში”.

 პუტინი თითოეულ სიტყვას მოიწონებდა. რა თქმა უნდა, პუტინოკრატია ან ტანდემოკრატია რეალურად კორუფციითა და ძალაუფლების ბოროტი გამოყენებით საზრდოობს, მაგრამ პუტინი საჯარო მოხელეთა დანაშაულებრივი ქმედებებისა თუ არაეფექტიანობის წინააღმდეგ მუდამ ილაშქრებს. მართლაც, ხომ ასეა, არა?

ამ ტანდემის ერთადერთი რეალური განსხვავება აქცენტსა და სტილშია. მედვედევი ორგანიზატორი და ინტერნეტის მკვიდრია, პუტინი – ლიდერი და ვეფხვებზე მონადირე. დაპატიჟებს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პუტინს ჰამბურგერზე Ray’s Hell Burger-ში? ალბათ, კი. ობამა მას მიიწვევს, იმიტომ, რომ, როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ტომი ვიტორმა თქვა: „სავსებით დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ ობამას ადმინისტრაციის დროს მიღწეული პროგრესის გაგრძელებას”.

პუტინიც მიიღებს მიპატიჟებას, რადგან, როგორც რალფ პეტერსმა 27 სექტემბრის Washington Post-ში დაწერა: „ის თავის თანამოსაუბრეს [КГБ-ს] იმ გამოცდილი აგენტის გამჭრიახობით აფასებს, როგორიც თავად ადრე, ცუდ დროს იყო”, ოღონდ პუტინი უეჭველად მოითხოვს, რომ მისი ჰამბურგერის ხორცი შედარებით უმი იყოს.

მართლაც, ცოტა უფრო აღრენილი, ნახევრადუმი ხორცის მჭამელი პუტინის სახელმწიფოს მეთაურად ხილვისას, შესაძლოა, დასავლეთმა გადატვირთვის პოლიტიკის წარუმატებლობები შენიშნოს. „ყველა გადატვირთვის პოლიტიკა და ურთიერთობების განახლების გეგმები ახლა უჯრაში უნდა შევინახოთ და ზედ პატარა ბარათი მივაკრათ, წარწერით „აქ ყავლგასული და გულუბრყვილო ოცნებები განისვენებს”, –
ლიტვის პრემიერ-მინისტრმა, ანდრიუს კუბილიუსმა, პუტინ-მედვედევის გეგმის გამოცხადების შემდეგ განუცხადა ლიტვის რადიოს.

ზოგი დასავლელი, რასაკვირველია, გულუბრყვილო იმედებს ჩაეჭიდება და მოსკოვური ტანდემის სიცრუის იოლ მსხვერპლად იქცევა. განსაკუთრებით ასე იქნება ვაშინგტონში. აქ ობამას ადმინისტრაციამ გადატვირთვის პოლიტიკის სიკეთეები 2012 წლის ნოემბრის არჩევნებამდე მაინც უნდა აქოს. არადა, ამ პოლიტიკის მიმართ ეჭვები სულ უფრო იზრდება, მათ შორის მის თავგადაკლულ მხარდამჭერებს შორისაც.
პუტინის კრემლში დაბრუნების შემდეგ, ძნელია უგულებელყო პეტერსის შეფასება. პუტინმა, წერს იგი, „რუსეთს ძლიერი სახელმწიფოს სტატუსი ძირითადად ბლეფით დაუბრუნა. მან მოახერხა, გაეტანა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ახალი, ერთი მხარისთვის სასარგებლო შეთანხმება, ვინაიდან ამ შეთანხმების გაფორმება ამერიკელი მომლაპარაკებლებისათვის ლამის თვითმიზანი იყო. ევროპის მანიპულირების გზით მან მიაღწია მისთვის სასურველ შეთანხმებას თითქმის ყველა ნავთობ თუ გაზსადენზე, თანაც ისე, რომ გარიყა NATO-ს ახალი აღმოსავლეთევროპელი წევრები, დაასუსტა და გახლიჩა უკრაინა. მან საქართველო დაანაწევრა და ამისთვის, არ დასჯილა. მან ავღანეთში, ჩვენი ჯარებისთვის განკუთვნილ მარაგებზეც კი მოახერხა თავისი თათის დადება”.

იმ კვირის განმავლობაში, როდესაც პუტინის კანდიდატურა გამოცხადდა, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ტონიც უფრო აგრესიული გახდა იმასთან შედარებით, რაც თუნდაც ერთი კვირით ადრე იყო. აშშ-ისა და NATO-ს ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელის შეშლის მოსკოვური კამპანიის ფარგლებში, რუსეთის ელჩი NATO-ში, დმიტრი როგოზინი, დაიმუქრა –თუ რუსეთი თავისას არ გაიტანს, ის 2012 წლის მაისის რუსეთ-NATO-ს ჩიკაგოს სამიტს ჩაშლის.

კარგი იქნება, ლუჟნიკების სტადიონის ოვაციები დასავლეთს გამოაფხიზლებდეს.

თუმცა, პუტინის მეორე პრეზიდენტობა პირველის ასლი ვერ იქნება. იგი ორი დიდი გამოწვევის წინაშე დგას: მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და მზარდი არასტაბილურობა ჩრდილოეთ კავკასიაში.
რუსეთის ეკონომიკა მძიმე დღეშია და, როგორც პეტერსი წერს, „თუკი პუტინს რაიმე სისუსტე აქვს, ეს ეკონომიკისადმი მისი ზიზღია”. რუსეთის ეკონომიკა თითქმის მთლიანად ნავთობის ფასზეა დამოკიდებული, რომელიც მისი ძირითადი პროდუქტის – ურალის ნედლი ნავთობის ფასით იზომება. ხარჯების დასაფარად, მოსკოვს ერთ ბარელზე დაახლოებით 110 აშშ დოლარის ფასი ესაჭიროება. გასულ კვირას, ეს ფასი 105 აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა თუ მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი შეფერხდა, ის შესაძლოა შემცირდეს. ამ პროცესს კი მოსკოვი ვერ აკონტროლებს.

თუ ნავთობის ფასი დაეცა, რუსული რუბლიც გაუფასურდება და ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე გაიზრდება. ეს კი სოციალურ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ბევრ ქვეყანაში ეს ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიზეზი გახდებოდა. თუმცა, ეკონომიკის დივერსიფიკაცია სოციალურ მრავალფეროვნებას და ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრებს წარმოშობს. ხოლო ეს ძირს გამოუთხრის ეკონომიკურ კონტროლსა და ღრმა კორუფციას, ანუ იმას, რითაც იმართება პუტინოკრატია.

ის, თუ როგორ შეძლებს პუტინი რუსეთის ეკონომიკის მართვას, მისი მეორე პრეზიდენტობის წარმატებისა და წარუმატებლობის მთავარი განმსაზღვრელი იქნება.

მეორე გამოწვევა, რომელიც პირველს გარკვეულწილად უკავშირდება, ჩრდილოეთ კავკასიის მზარდი არასტაბილურობაა. 1999-2000 წლების მეორე ჩეჩნეთის ომმა რუსეთში პუტინის ძალაუფლების კონსოლიდირება მოახდინა. რა შედეგი ექნება მესამე ჩეჩნურ ომს – და არა მარტო ჩეჩნეთისათვის? ამ საკითხის ნებისმიერი ანალიზი, მახლობელ სოჭში, 2014 წლის ოლიმპიადას უნდა ითვალისწინებდეს.

რუსეთის მეზობლებისთვის საფრთხე ცხადია – თუ ამ ქვეყნის ეკონომიკა გაუარესდა, პუტინმა შეიძლება ძველ რუსულ ტრადიციას მიმართოს და გამოგონილი მტრების, მაგალითად, საქართველოს ან ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ გაილაშქროს. ჩრდილოეთ კავკასიის კონფლიქტი ადვილად შეიძლება – შემთხვევით თუ გამიზნულად – საქართველოში გადმოვიდეს. სამწუხაროდ, წარუმატებლობაზე პუტინის სავარაუდო რეაქცია აგრესია იქნება. 

პუტინი რუსეთის პრეზიდენტი ნამდვილად გახდება, მიუხედავად იმისა, რას წერენ დასავლელი კომენტატორები ან რა სურთ დემოკრატ პოლიტიკოსებს. ჩვენ რუსეთს პარტნიორული ქცევისკენ უნდა ვუბიძგოთ. მაგრამ ამას ვერ მივაღწევთ ცალმხრივი დათმობებით, რეფორმებისადმი პრემიერ-მინისტრ მედვედევის არასერიოზული მიდგომებით  და უფრო კეთილი და გულისხმიერი პუტინის გამოგონებით. ამის მიღწევა მხოლოდ პუტინის და მისი რუსეთის – და ეს ქვეყანა ახლა მისია – რეალისტური გაგებითა და შეფასებით შეიძლება. 
 

კომენტარები