გუერას გარეშე, მეკობრე ვუდი ალენითა და საეჭვო ტრიერით

დავით მესხი
წლის ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალმა ორმაგი ემოციები დამიტოვა. ერთი მხრივ, არაერთი კარგი ნამუშევარი ვნახე, ირანული კინოს ლეგენდა აბას კიაროსტამი გავიცანი და ახალგაზრდა რეჟისორების საინტერესო მოკლემეტრაჟიანი ფილმები ვიხილე. მეორე მხრივ კი, თეატრში სუბტიტრები საშინელი ნათარგმნი იყო, ფილმების ჩვენება კი გვიანდებოდა. იმედი მქონდა, შარშანდელი ხარვეზები გამოსწორდებოდა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენებები კინოთეატრში გაიმართებოდა – იქ, სადაც საერთოდ ცივილიზებული სამყარო კინოს უყურებს.

ბათუმში ჩასულს „სიურპრიზი” დამხვდა. ფესტივალი კინოთეატრ აპოლოს მაგივრად კვლავაც ბათუმის დრამატულ თეატრში გაიხსნა. გახსნის ცერემონია თითქმის ისეთივე სევდიანი იყო, როგორც შარშან – შმორისა და ნესტის სუნი, დაბნეული წამყვანი, რომელმაც სცენაზე გაიგო, რომ თარჯიმანიც ყოფილა. მაყურებელი, რომელიც ტაშს არავის არაფრის დიდებით არ უკრავს. რომ არა გახსნის ფილმი, თავი ისევ შარშანდელ ფესტივალზე მეგონებოდა. 

საავტორო კინოს ბათუმის მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი ვუდი ალენის სურათით „შუაღამე პარიზში” დაიწყო. ჩვენების დაწყებამდე ფესტივალის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ამ ფილმის ჩვენების უფლება გაჭირვებით მოიპოვეს,  დისტრიბუტორებმა უხარისხო ასლი მიაწოდეს და ამიერკავკასიაში პირველად სწორედ ბათუმში აჩვენებდნენ. ფილმი ბოლომდე არც კი მინახავს (დაწყებიდან 5 წუთში დარბაზიდან გამოვედი), ნამუშევარი საშინელი ხარისხით აჩვენეს, გამოსახულება ამაზრზენი იყო, გახმოვანება რუსული, ერთხმიანი, დაახლოებით ისეთი, 90-იანი წლების დასაწყისში ქართულ ტელევიზიებში უცხოენოვან ფილმებს როგორიც ჰქონდა. მათ, ვინც ბოლომდე ნახა, ბოლოში იმ ტორენტ-საიტის მისამართი შენიშნეს, საიდანაც სავარაუდოდ ფილმი გადმოწერეს. რადიო 105-ის არტისა არ იყოს, „მაგრად ტეხავს” ფესტივალზე მეკობრული ვერსიით ფილმის ჩვენება. უსიამოვნო სიურპრიზები ამით არ ამოწურულა, გაირკვა, რომ ბათუმში ტონინო გუერა არ ჩამოდიოდა, რომლის ვიზიტიც წლევანდელი კინოფესტივალის უმთავრესი მოვლენა უნდა ყოფილიყო. 

მეორე დღეს ფესტივალმა კინოთეატრ აპოლოში გადაინაცვლა, საკონკურსო მხატვრული და დოკუმენტური ფილმების უმეტესობა სწორედ იქ უჩვენეს – დიდ ეკრანზე, სადაც ფერების გარჩევა შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი, უსიამოვნო სუნი არ დგას და კომფორტული სავარძლებია. შეიძლება ამანაც იმოქმედა, რომ წლევანდელი საკონკურსო პროგრამა შარშანდელზე ბევრად უკეთესი მეჩვენა.

ძალიან კარგი იყო ირანელი რეჟისორის, ვაჰიდ მუსაიანის ნამუშევარი „გოლჩერეჰი”, სევდიანი ისტორია კინოთეატრის მფლობელ კაცზე, რომელიც ქაბულში კინოს გახსნას და კინოარქივის გადარჩენას ცდილობს. ფილმის მთავარი გმირი არც მეამბოხე ავღანელია, არც რეჟიმის წინააღმდეგ ღიად მებრძოლი, მას უბრალოდ კინო უყვარს და მზადაა მისთვის თავი გასწიროს. რეჟისორი ბრწყინვალედ ახერხებს ბანალური ისტორიის საინტერესოდ გადმოცემას და ნამუშევრის კულმინაციამდე მიყვანას. ერთადერთი მინუსი ფილმის მუსიკაა, რომელიც შიგადაშიგ ჰარმონიას არღვევს და კონტექსტიდან ამოვარდნილია.

სამაგიეროდ, ძალიან კარგი საუნდტრეკები ახლდა სემილ გუნეშის ფილმს „თოვლივით თეთრი”. ეს ნამუშევარი 6 პერსონაჟის გარშემო განვითარებულ ერთი დღის ისტორიას მოგვითხრობს. სურათი ფესტივალზე ჩემი უდავო ფავორიტი იქნებოდა, რომ არა ფინალი, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდსა და 2 პერსონაჟს აზრი დაუკარგა.

ურსულა ანტონიაკის ფილმი „ლურჯი კოდი” კიდევ უფრო სუსტი გამოდგა. ფსევდოინტელექტუალური ნამუშევარი, ეპატაჟის არომატით, რომელიც ცოტათი ჰანეკეს „პიანისტ ქალს” მოგაგონებდათ, ცოტათი ნაგისა ოშიმას „გრძნობათა იმპერიას”, მთლიანობაში კი ისეთივე მასტურბაცია იყო, როგორითაც ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟია დაკავებული. ასეთივე გაუმართავი და არეული იყო ბირჯიტ სტარმოსის „ოთახი 304”. რეჟისორი ვერ გაერკვა რისი გადაღება სურდა – თრილერის, ფსიქოლოგიური დრამის თუ მელოდრამის. სასტუმროში განვითარებული ისტორია თავის თავში იხლართება და 304-ე ოთახში იკეტება, თან ისე, რომ მაყურებელს არც გაინტერესებს რა ხდება კარს მიღმა და ეს სუსტი რეჟისურის ბრალია.

ალექსანდრე მინდაძე კი საუკეთესო რეჟისორის ჯილდოს მოპოვების უმთავრესი ფავორიტია (სტატია პარასკევს იწერება, დაჯილდოება კი შაბათსაა დაგეგმილი). მისი ფილმი „შაბათს” ჩერნობილის ავარიის შემდეგ დღეზე მოგვითხრობს. ფილმი – ბრწყინვალე ფერებსა და ატმოსფეროს, ანტონ შაგრინის საინტერესო პერსონაჟს და ჩერნობილს, რომელიც ნამუშევარში საბჭოთა კავშირის სიმბოლოა – მოიცავს.

დოკუმენტური ფილმები ერთმანეთზე უკეთესები აღმოჩნდა. ვლადიმირ კოზლოვის „გაგარინლენდი”, ერთდროულად სევდიანი და სასაცილო შავი კომედიაა გაგარინის მშობლიურ ქალაქზე, ადგილზე, სადაც ხალხი წარსულით ცხოვრობს და სადაც ყველაფერი პირველ კოსმონავტთან ასოცირდება – მუზეუმი, სასადილო, სკოლა, ბავშვები, ქალის თეთრეული, წარსული და მომავალი. ეს არის ისტორია ხალხზე, რომელიც 1961 წელს იური გაგარინთან ერთად დაიღუპა და ახლა ინერციით აგრძელებენ სიცოცხლეს. სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის იბრძვის სამპატი ფილმში „ვარდიფერი სარი”. ამ პერსონაჟმა ჩემი უდიდესი სიმპათია დაიმსახურა, ისეთი, როგორიც რონ გალელამ, ლეონ გასტის ფილმ „დაუმტვრიე კამერას” მთავარმა პერსონაჟმა. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას ფიქრობთ ვარსკვლავის ცხოვრებაში ხელის ფათურის ეთიკურობაზე, ნებისმიერ შემთხვევაში ეს პაპარაცი აუცილებლად გააღვიძებს თქვენში დადებით ემოციებს. მას მარლონ ბრანდომ ყბა გაუტეხა, მუზამ – ჟაკლინ კენედიმ კი სასამართლოში უჩივლა. გასტი თუ დიდი პაპარაცი იყო, ხოდორკოვსკის ბევრი ფული ჰქონდა, რაც მისი დაპატიმრების მიზეზი გახდა. სწორედ ამას მოგვითხრობს კირილ ტუშის ფილმი „ხოდორკოვსკი”. ესაა რუსეთის უმდიდრესი ადამიანის ისტორია, რომელიც დღემდე ციხეში ზის. სკანდალური ნამუშევარი მხატვრული ღირებულებით ნაკლებად გამოირჩევა – სამაგიეროდ, ფესტივალზე ყველაზე აქტუალური ფილმია.

საავტორო კინოს ბათუმის მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი კიდევ უფრო მეტ დახვეწას მოითხოვს. შარშანდელთან შედარებით, არაერთი პრობლემა გამოსწორდა – ჩვენება კინოთეატრში იმართება, სუბტიტრები ფილმს კარგად მიჰყვება და თარგმნის ხარისხიც ამაღლებულია (გამონაკლისი „ხოდორკოვსკი” და „ბოშა” იყო), პროგრამაც უფრო საინტერესოდ გამოიყურება. ფესტივალის ორგანიზატორები თავს იმართლებენ, თუმცა, მაყურებლისთვის ნაკლებად საინტერესოა, ვისი ბრალია ის, რომ „შუაღამე პარიზში” საშინელი ხარისხით ნახა ან ის, რომ ტონინო გუერა არ ჩამოვიდა და ისიც, რომ ამ სტატიის წერის პროცესში ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გარკვეული, იქნება თუ არა ფესტივალზე ნაჩვენები ლარს ფონ ტრიერის „მელანქოლია”. ორგანიზატორებს თავიდანვე უნდა ეზრუნათ ფილმების ასლებსა და გუერას ჩამოყვანაზე. თუ უარს მიიღებდნენ, მაყურებელს ეს ეცოდინებოდა და შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას, სწვეოდა თუ არა ბათუმს.
დღეს თუ „მელანქოლია” არ აჩვენეს, სავარაუდოდ, ისევ რადიო 105-ის არტის გახსენება მომიწევს. 

კომენტარები