ჩინური დენთის სუნი

ანტიჩინური აქცია ჰანოიში. ვიეტნამი
ფოტო: ფოტო: REUTERS
ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის შემდეგ, სამხრეთ ჩინეთის ზღვის აუზი, აზიაში დაძაბულობის კიდევ ერთი კერაა. პირველი ორისგან განსხვავებით, აქ საქმე შეიარაღებულ კონფლიქტამდე არ მისულა. ჩინეთი, ვიეტნამი, ფილიპინები და სხვა ქვეყნები, ბუნებრივი რესურსებით მდიდარ წყლებს ვერ იყოფენ. დავა ძირითადად სპრატლის კუნძულებს ეხება. არქიპელაგი მიმზიდველი ბუნებით გამოირჩევა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი წყალქვეშ გაფანტული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და მინერალების რესურსებია. შედარებით პატარა ქვეყნები ჩინეთის აგრესიაზე წუწუნებენ. ეს უკანასკნელი კი ოპონენტებს პროვოკაციებსა და ამერიკის ზურგს უკან ამოფარებაში ადანაშაულებს. ავღანეთის, ისრაელ-პალესტინისა და არაბული გაზაფხულის მიერ მოტანილი პრობლემებით დატვირთულ ამერიკას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სიტუაციის გამწვავება ხელს არ უნდა აძლევდეს.

2010 წლის ზაფხულში ASEAN-ის (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია) სამიტზე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს რეგიონში ნაციონალური ინტერესები აქვს. როგორც ამბობენ, ამ განცხადებამ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ცზეჩის ხასიათი გაუფუჭა. ჩინეთს რეგიონისადმი ამერიკის ყურადღება არ სიამოვნებს. ცივი ომის დროიდან მოყოლებული ამერიკული სამხედრო ხომალდები ჩინეთის გარშემო რუტინულ სადაზვერვო ოპერაციებს ახორციელებენ (თუმცა არ შედიან ქვეყნის ტერიტორიულ წლებში). ჩინურ და ამერიკულ საზღვაო თუ ავიახომალდებს შორის რამდენიმე ინციდენტიც კი მოხდა.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჩინელმა მაღალჩინოსნებმა არაერთი მკვეთრი განცხადება გააკეთეს. ივნისში ქვეყნის ვიცე საგარეო საქმეთა მინისტრმა სუი ტიანკაიმ განაცხადა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური სახელმწიფოები ცეცხლს ეთამაშებიან და კარგი იქნება თუ ამერიკას არ ჩაითრევენ. მისი განცხადება ვიეტნამისა და ამერიკის მომავალ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ეხებოდა. ვიეტნამელებმა განაცხადეს, რომ ჩინელებმა მათი სამეცნიერო კვლევებისა და ნავთობის მოპოვებისათვის განკუთვნილი კაბელები გადაჭრეს. ფილიპინელებმა დაიჩივლეს, რომ ჩინურმა ხომალდებმა ტერიტორიული წყლები დაურღვიეს. ჩინეთის არმიის ხელმძღვანელმა ჩენ ბინდემ კი ვიეტნამისა და ფილიპინების საქციელს შეუსაბამო და მიუღებელი უწოდა.

ჩინეთსა და ვიეტნამს სპრატლის კუნძულების გარეშეც დაძაბული ურთიერთობები ჰქონდათ. მათი ბოლო, მსხვილმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება 1979 წლით თარიღდება. ვიეტნამის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი ამერიკაა. ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობაც ვითარდება. მათ დაახლოებას ჩინეთი არცთუ კარგი თვალით უყურებს. ვიეტნამს ამერიკა ჩინეთის გავლენის საპირწონედ სჭირდება. თუმცა იქაური დიპლომატები თვლიან, რომ ამერიკა რეგიონს საკმარის ყურადღებას არ აქცევს.

1988 წელს ჩინეთსა და ვიეტნამს შორის, სპრატლის კუნძულების გამო, მცირემასშტაბიანი საზღვაო შეტაკებები მოხდა. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სამხრეთ ჩინეთის ზღვა შედარებით მშვიდი იყო. 2002 წელს ASEAN-ის ქვეყნებსა და პეკინს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლებიც მხარეთა შორის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ქცევათა წესებს განსაზღვრავს. თუმცა ეს დოკუმენტი ზოგად ხასიათს ატარებს და არც იურიდიული ძალა აქვს. უფრო კონკრეტული დირექტივები კი ივლისის ბოლოს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გამართულ ASEAN-ის მორიგ სამიტზე მიიღეს, რომელსაც ჩინეთიც ესწრებოდა. 2009 წლის ბოლოს ჩინეთმა და ASEAN-ის ქვეყნებმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც დადეს. ეკონომიკური კავშირები გამყარდა. ამან, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო კიდეც მათ მიერ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედარებით ადვილად დაძლევას.

მიუხედავად იმისა, რომ ვიეტნამი და სხვა ქვეყნები ჩინეთს უჩივიან, ეს უკანასკნელი სადავო კუნძულების მიმდებარე ტერიტორიაზე ბუნებრივ წიაღისეულს არ მოიპოვებს (განსხვავებით ვიეტნამისა და ფილიპინებისაგან). ვიეტნამს სპრატლის კუნძულებზე 29 სამხედრო პოსტი აქვს, როდესაც ჩინეთს – მხოლოდ 6. არქიპელაგის ერთ-ერთ უდიდეს კუნძულს ტაივანი აკონტროლებს. თუმცა ჩინეთის საზღვაო ძალების გაძლიერება მალე რეგიონში სამხედრო ბალანსს შეცვლის და პეკინსაც, შესაძლოა, მადა გაეზარდოს.

პენტაგონმა, ჩინეთის სამხედრო ძალების შესახებ, თავის ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნა, რომ არმია სწრაფად ამცირებს ტექნოლოგიურ ნაპრალს სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან. ჩინეთი აპირებს მომავალ წელს სამხედრო ხარჯები 13 პროცენტით გაზარდოს. პენტაგონის მაღალჩინოსნის, მაიკლ სნიფერის განცხადებით, შესაძლებელია, ამ სამხედრო ძალებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში მადესტაბილიზებელი როლი ითამაშონ. კონგრესმენ ბუკ მაკკეონის თქმით კი, ჩინეთი ცდილობს ამერიკის ეკონომიკური პრობლემები საკუთარი გავლენის განსავრცობად გამოიყენოს. ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ აშშ-ის თავდაცვის ხარჯების შემცირება ჩინეთის აგრესიულ მიზნებს შეუწყობს ხელს.

აგვისტოში ჩინელებმა წყალში თავიანთი პირველი ავიამზიდი ჩაუშვეს. ის ჯერჯერობით ტესტირების რეჟიმშია და უახლოეს წლებშიც ასე იქნება. ამას გარდა, ჩინელები აპირებენ, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე კუნძულ ჰაინანზე წყალქვეშა ნავების კიდევ ერთი ბაზა ააგონ. მეზობლები ცდილობენ მას არ ჩამორჩნენ. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მინიშეიარაღების რბოლა იმართება. 2009 წელს, ვიეტნამმა გამოაცხადა, რომ რუსეთისგან 6 წყალქვეშა ნავის ყიდვას აპირებს.

სამხრეთ ჩინეთის ზღვის დაპირისპირება უფრო ფართო გეოპოლიტიკური სურათის ნაწილია. ჩინეთის მეზობელ, შედარებით პატარა ქვეყნებს მისი გაძლიერებისა და გავლენის ზრდის დაბალანსება სურთ. საკუთარი ინტერესები ინდოეთსა და იაპონიასაც ექნებათ, რომელთაც რეგიონის სახელმწიფოებთან ფართო ეკონომიკური კავშირები აქვთ. ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი ფიდელ რამოსი აღნიშნავს, რომ რეგიონში ნელ-ნელა პაქს ამერიკანა (ლათინურად: მშვიდობა ამერიკულად) პაქს აზია-პასიფიკათი იცვლება. ეს ნიშნავს ვაშინგტონის დომინანტური პოზიციის ჩანაცვლებას სხვა ქვეყნების გავლენით. თუმცა, თუ შეიარაღების რბოლა გაგრძელდება, მხარეებმა, შესაძლოა, არასტაბილური, ძალთა ბალანსზე დაფუძნებული წესრიგი მიიღონ. ამის თავიდან ასაცილებლად, რამოსის აზრით, ინსტიტუციონალური საფუძველია საჭირო. ASEAN-ი ქმედითი რეგიონული ფორუმია, მაგრამ არ აერთიანებს ჩინეთს, ინდოეთსა და იაპონიას. მათი შეთანხმების გარეშე კი, როგორც რამოსი აღნიშნავს, ინკლუზიური, ყველასათვის მისაღები პოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბება მხოლოდ სურვილად დარჩება. აღსანიშნავია, რომ ამერიკის პოზიციების შერყევაცა და პაქს აზია-პასიფიკაც ჯერჯერობით მხოლოდ თეორიული მოდელებია.

შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტის გამწვავებით არც ერთი მხარე არ არის დაინტერესებული. პრაქტიკულად გამორიცხულია ამერიკის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაბმა. სპრატლის კუნძულებზე დავა გაუგებრობით არის მოცული. მას მრავალი მონაწილე ჰყავს, რომელთაც განსხვავებული პოლიტიკური მოტივები ამოძრავებთ. მხარეები ჩინეთის გარდა ერთმანეთსაც ედავებიან. მეორე მხრივ, პეკინი დარწმუნებულია, რომ ამერიკა შეიარაღებულ კონფლიქტში, თუნდაც მოკავშირის გამო, არ ჩაერევა. Foreign Policy-ს ანალიტიკოს ლაილ გოლდსტეინს ამის არგუმენტად 2008 წლის აგვისტოს ომი მოჰყავს. სავარაუდოდ, ამერიკა ეცდება, გავლენა მხარეებზე დიპლომატიური არხებით მოახდინოს. ASEAN-ის ქვეყნებს კი არ სურთ მათი რეგიონი დიდი ქვეყნების გლობალური პოლიტიკური ინტერესების შეჯახების არენად იქცეს.

კომენტარები