„მესაათე” – მასმედიის მსხვერპლი…

„მესაათე” – ახალგაზრდა რეჟისორის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელსაც სულ ცოტა ხანში მაყურებელი დახურულ კინოჩვენებაზე იხილავს. ისევე როგორც მის წინა ნამუშევარში „ბროდვეი 45”, ეს ფილმიც მხატვრულ-დოკუმენტურ ჟანრშია გადაწყვეტილი. თუმცა ამჯერად რეჟისორი სოციალურ-პოლიტიკურ დრამას გვთავაზობს: უფრო ზუსტად კი ისტორიას მასმედიის, ისტებლიშმენტისა და საზოგადოების „თამაშებზე”, რა თქმა უნდა, საჭირო დეტექტიური ნიუანსებით. ფილმის მთავარი გმირი – სატელევიზიო ახალ ამბებში გასული კრიმინალური სიუჟეტის მთავარი გმირია, რომლის ირგვლივ მკვლელობათა მთელი ჯაჭვი იყრის თავს. 

„მთავარი გმირი მასმედიის მიერ შექმნილი პროდუქტია, მონსტრია, მტრის ხატია, რომლითაც ყოველდღიურად იკვებება საზოგადოება. ასეთი პროდუქტი ჩნდება ყველგან – საფრანგეთშიც, ამერიკაშიც და ნაურუშიც...  ჩემი ფილმის გმირი უფრო კვაზიმოდოს პერსონაჟს ჰგავს – შინაგანად კეთილშობილსა და საზოგადოებრივი აზრის მსხვერპლს. უბრალოდ, ერთი ჩვეულებრივი მექანიკოსია, ოღონდ საკმაოდ შემოქმედებითი მექანიკოსი, მესაათე”, – ამბობს რეჟისორი. 

გიორგი მასხარაშვილის ფილმი მაქსიმალურად მოკლებულია სწორხაზოვნებას და შესაბამისად მთავარი გმირის ხასიათი და მისი ფსიქოლოგიური პორტრეტიც ორი ჟურნალისტისა და სატელევიზიო პროდიუსერის  (მსახიობები: გიორგი ნაკაშიძე, გიორგი მეგრელიშვილი და დათუნა გოცირიძე) ჟურნალისტური გამოძიების შედეგად იძერწება. ეს არის ფილმი, რომლის მეორეხარისხოვანი გმირები (ჟურნალისტები) მთავარ გმირებად იქცევიან, ხოლო მთავარი გმირი (მას არაპროფესიონალი – გიორგი ტაბიძე თამაშობს) მხოლოდ ეპიზოდურად ჩანს ეკრანზე. 

ფილმში არ არის მკაცრად დაცული დეტექტიური ჟანრის სტანდარტები. მასხარაშვილის საავტორო კინო (ის ფილმის სცენარისტიცაა) დიდი დოზით მუსიკის (ნიკა კოჩაროვის მუსიკა), კარგი მხატვრობისა და ორიგინალური სცენარის სასიამოვნო სინთეზია. ექსპერიმენტები კი სტილისა და ფორმის ძიებაში, რითაც მისი სტუდენტობისდროინდელი მოკლე ფილმები 90-იანების ბოლოს თვალშისაცემად გამოირჩეოდა, ამ ფილმშიც გრძელდება. მაგ: პლასტელინის ანიმაციით გადმოცემული ბალადა მეფეზე, დათვზე და პრინცესაზე, რომელიც ფრაგმენტულად თავს გვახსენებს ფილმის მსვლელობის დროს და რომელიც არაცნობიერად მთავარი გმირის შინაგან სამყაროსაც შეიძლება დავუკავშიროთ. მაგრამ ასეთი მხატვრული ნიუანსები ფილმში რაფინირებულად და მცირე დოზითაა. რეჟისორი უფრო მეტად დოკუმენტური კინოს ხაზის განვითარებას ცდილობს – „მაქსიმალურად ვცდილობდი  დოკუმენტური კინოს განცდა გამეძლიერებინა. კინოეფექტებისგან მაქსიმალურად თავი შევიკავე, იმისთვის, რომ ამბავი ისმინებოდეს. ფილმში, სადაც ორი კამერა ერთმანეთს ჰკვეთს, რეალური ოპერატორიც (გიორგი შველიძე) კი ჩანს ხოლმე ეკრანზე”, – ამბობს გიორგი.

რეჟისორი მოლბერტთან თავისი ახალი ფილმის პოსტერისთვის ბოლო შტრიხებს ავლებს. ხელით ნახატი პოსტერი, ცხადია, სულ მალე კომპიუტერში გადაინაცვლებს და ციფრულად დამუშავდება. დახურული ჩვენების შემდეგ ფილმის პრემიერა, სავარაუდოდ, რომელიმე კინოფესტივალზე შედგება. 
 

კომენტარები