სუპერკომპიუტერი რევოლუციებს წინასწარმეტყველებს

 აიზეკ აზიმოვმა ტრილოგიაში „Foundation” აღწერა მომავალი, სადაც სახელმწიფოების ბედ-იღბლის, ან ერების აღსასრულის წინასწარმეტყველება შესაძლებელია მეცნიერების ახალი დარგის, „ფსიქოისტორიის” საშუალებით. აზიმოვი განმარტავდა, რომ ერთად აღებული მილიარდობით ადამიანი ჰგავს აირს: მიუხედავად იმისა, რომ თითოეული შემადგენელი მოლეკულის ტრაექტორიის განსაზღვრა დროსა და სივრცეში შეუძლებელია, ისევე როგორც თითოეულ ადამიანზე დაკვირვებაა წარმოუდგენელი, აირს გააჩნია ე.წ. მაკროსკოპული მახასიათებლები, როგორებიცაა მაგალითად ტემპერატურა და მოცულობა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მთლიანი სისტემის აღწერა ისე, რომ შეგვეძლოს მასში არსებული ტენდენციების გამოკვეთა და ობიექტური დასკვნების გაკეთება.

აზიმოვთან ფსიქოისტორია ორ აქსიომას ეფუძნება, რომლებიც უპირობოდ უნდა შესრულდეს, რათა მიღებული შედეგები რეალობას შეესაბამებოდეს. პირველი მათგანი შემდეგია: ადამიანთა ჯგუფის, ანუ საკვლევი ინფორმაციის რაოდენობა უნდა იყოს საკმარისად დიდი, რათა შესაძლებელი გახდეს მასზე დიდ რიცხვთა კანონის გამოყენება. გასული საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც აზიმოვი თავის ტრილოგიას ქმნიდა, დედამიწაზე არ არსებობდა ტექნიკური საშუალებები, რათა მსგავსი მოცულობის გამოთვლები ეწარმოებინათ, შესაბამისად, ფსიქოისტორია ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენდა. თუმცა დღესდღეობით სპეციალისტები ამბობენ, რომ დედამიწაზე მისი მსგავსი მეცნიერების შექმნის დრო დადგა.

ილინოისის უნივერსიტეტში კალევ ლიიტარუს კვლევითმა ჯგუფმა ახალი ამბების ანალიზის საფუძველზე საზოგადოების სოციალური დინამიკის შესწავლა დაიწყო. საამისოდ ის „ნაუტილუსად” წოდებულ სუპერკომპიუტერს იყენებს, რომლის გამოთვლითი სიმძლავრე 8.2 ტერაფლოპს (ტრილიონი ოპერაცია წამში) შეადგენს. ეს 1979-2011 წლებში დაგროვილი 100 მილიონი საგაზეთო სტატიის დასამუშავებლად საკმარისია.

სემანტიკური ანალიზის საშუალებით სპეციალური ალგორითმი პოზიტიურ-ნეგატიურ შკალაზე თითოეულ მოვლენას განწყობის კოეფიციენტს ანიჭებს, რაც სტატიაში საკვანძო სიტყვების არსებობა-არარსებობით განისაზღვრება. ასე მაგალითად, თუ სტატიაში ქალაქ ნიუ იორკის მახლობლად ფიგურირებს სიტყვები „საშინელი”, ან „კატასტროფა” ამ სტატიის განწყობის კოეფიციენტი ნეგატიურისკენ იქნება გადახრილი, თუ ფიგურირებს „წარმატება”, „შესანიშნავი”, მაშინ პოზიტიურისკენ და ა.შ. საკვანძო სიტყვებს არა მხოლოდ ქალაქები, არამედ პიროვნებებიც წარმოადგენენ და საბოლოოდ, სუპერკომპიუტერი, დროსა და სივრცეში განფენილი ურთიერთკავშირების აბლაბუდას ქმნის, რომლის ვიზუალიზაციის გზით, კალევ ლიიტარუმ უცნაური კანონზომიერებები შენიშნა, თუმცა უკუთარიღით.

არაბული გაზაფხულის მაგალითზე, რომლის ეპიცენტრში ტუნისში, ეგვიპტესა და ლიბიაში განვითარებული მოვლენები მოხვდა, კალევ ლიიტარუმ აჩვენა, რომ უშუალოდ რევოლუციების დროს მედიაში დაფიქსირებული საკვანძო სიტყვები იცვლიდნენ განწყობას და პოზიტიურიდან ნეგატიურისკენ მიისწრაფოდნენ. იგივეს თქმა შეიძლება 1990-1991 წლის სპარსეთის ყურის ომზე – ჟურნალ First Monday-სა და Discovery News-ში გამოქვეყნებულ გრაფიკებზე უშუალოდ ჩანს, თუ როგორ იცვლება სადამ ჰუსეინის პოზიტიური განწყობის აღმნიშვნელი სტაბილური მრუდი. BBC-სთან ინტერვიუში მეცნიერმა ისიც დასძინა, რომ მათ მიერ შემუშავებული მეთოდი დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს აგენტების მუშაობაზე უფრო ქმედითია, თუმცა ჟურნალისტის შეკითხვაზე, თანამშრომლობს თუ არა მისი კვლევითი ჯგუფი სახელმწიფო ძალოვან სტრუქტურებთან, კალევ ლიიტარუმ პასუხი არ გასცა.

უკუთარიღით სოციალური ძვრების წინასწარმეტყველება ილინოისის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის მუშაობის პირველი ფაზა იყო. შემდგომ ეტაპზე ისინი რეალურ დროში ამ სოციალური ძვრების მიმანიშნებელი მოვლენების გამოაშკარავებას გეგმავენ. თუმცა არის ერთი საგულისხმო მომენტი: აზიმოვის ტრილოგიაში ფსიქოისტორიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქსიომა აქვს, რომლის თანახმადაც იმ ობიექტებმა, რომლებსაც აკვირდებიან, ფსიქოისტორიული მეთოდების საშუალებით ექსპერიმენტის შესახებ არაფერი უნდა იცოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლევის შედეგები დიამეტრალურად იცვლება. ამგვარად, თუ აზიმოვს ვენდობით, კალევ ლიიტარუმ და მისმა კოლეგებმა, მათი მუშაობის შედეგების გამოქვეყნებით, სამეცნიერო ჟურნალებში კვლევის მეორე ფაზის მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენეს. თუმცა ვინ იცის, იქნებ დიდი ამერიკელი ფანტასტი ცდებოდა?!

ინსპირაციის წყარო:http://www.bbc.co.uk/news/technology-14841018
 

კომენტარები