2011: 3D ტექნოლოგიის აჯანყება

2011 წელს, კინოში 3D ტექნოლოგიებმა საბოლოოდ მოიკიდა ფეხი. ჯეიმს ქემერონი და მისი „ავატარია’’ სწორედ მთავარი „დამნაშავე”, რომ წელს უკვე 25 3D ფილმი გამოვიდა. თანამედროვე ტექნოლოგიების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ახალმა გამოწვევებმა უამრავი ხარვეზი გააჩინა. ჰოლივუდი, რომელიც უხარისხო ფილმების ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა, ახლა გაცილებით ბევრ არაფრით გამორჩეულ ნამუშევარს ქმნის. პრობლემა ისაა, რომ „ქემერონის ტექნოლოგიით” ფილმს ძალიან ცოტა იღებს, რადგან ეს სიამოვნება ძვირი ჯდება. კინოკომპანიები იაფფასიან, უხარისხო 3D კონვერტაციას ანიჭებენ უპირატესობას, რომელსაც ორი რამე შეუძლია – კინოეკრანს უსათვალოდ თუ შეხედავთ, ყველაფერი გადღაბნილი მოგეჩვენებათ, სათვალეებით კი ფერების აღქმა წარმოუდგენელია. თუმცა ეს შეუქცევადი პროცესია, რადგან სათვალეებმა კინოკომპანიებს დიდი მოგება მოუტანა. ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ათეულში 5 3D ფილმია. 2011 წლის განვლილ 8 თვეს თუ გადახედავთ, თავად დარწმუნდებით, რომ სურათების ხარისხით ეს წელი ამ დეკადაში ყველაზე სუსტია. იგივე შეიძლება ითქვას ზაფხულის მსხვილბიუჯეტიანი ფილმების სეზონზეც. 

წარმოგიდგენთ ზაფხულის ბლოკბასტერების ყველაზე კარგ და ყველაზე ცუდ ნამუშევრებს
 
იქს-ადამიანები: პირველი კლასი  (4/5)
 
იქს-ადამიანებზე გადაღებული პირველი და მეორე ფილმი კომიქსის ეკრანიზაციის საუკეთესო ნიმუშებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ბრაიან სინგერის ნამუშევრებს ბრეტ რეტნერის მესამე იქს-ადამიანები მოჰყვა – უსუსური ეკრანიზაცია, უცუდესი სცენარით. მეთიუ ვონი რთული ამოცანის წინაშე იდგა. მას, კომიქსების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გმირები, სრულიად ახალი სამსახიობო ანსამბლით უნდა გაეცოცხლებინა. ბრიტანელ რეჟისორს ეს გამოუვიდა. „იქს-ადამიანები: პირველი კლასი” ვიზუალურად შთამბეჭდავი, საინტერესო იდეის გარშემო აწყობილი ფილმია, რომელსაც ზურგს  ჯეიმს მაკევოისა (პროფესორი იქსი) და მაიკლ ფასბენდერის (მაგნიტო) შთამბეჭდავი პერფორმანსი უმაგრებს. ფილმის ერთადერთი მინუსი, ორიგინალთან შედარებით სუსტი მეორეხარისხოვანი პერსონაჟებია. 
 
ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი მეორე (3D) (4/5)
 
პოტერის საგა დასრულდა. ჰარიმ კარი ხმაურიანად გაიჯახუნა. ბოლო ფილმი ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმებში მხოლოდ „ავატარსა” და „ტიტანიკს” ჩამორჩება. ეს დიდწილად 3D ტექნოლოგიების დამსახურებაა. პოტერმა პირველად მოირგო 3D სათვალე და ძალიან წარმატებულადაც. იეტისმა  ნამუშევარს მეტი ეპიკურობა, დრამატიზმი და უხვი ბატალური სცენები შესძინა. ამ წიგნის ეკრანიზაციების ისტორიაში პირველად, პერსონაჟები პირველ პლანზე იყვნენ წამოწეულები და მათი კარგი თამაში უფრო იგრძნობოდა, ვიდრე სპეცეფექტები ან ატმოსფერო, რომელიც ნებისმიერ მაგლს დააკმაყოფილებდა.
 
მაიმუნების პლანეტის აჯანყება (4/5)
 
რუპერტ ვიატი ერთადერთი ფილმის („გაქცეული”) ავტორი იყო. მას ჰოლივუდში პირველი ნაბიჯი სოლიდური გამოუვიდა. „მაიმუნების პლანეტის აჯანყება” თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრადიციული კინოს ბრწყინვალე სინთეზის მაგალითია. სურათში მაიმუნები კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობითაა გაკეთებული – იმ ტექნოლოგიებით, რომლითაც ჯეიმს ქემერონმა „ავატარი” შექმნა. ენდი სერკისის პერსონაჟი ცეზარი, წლის ერთი-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟია. ნამუშევრის მთავარი ღირსება ატმოსფეროა – რეალიზმის განცდა, რომელიც მაშინაც კი არ იკარგება, როდესაც მაიმუნი ლაპარაკს იწყებს. 
 
აუტანელი ბოსები (3.5/4)
 
ზაფხულის სეზონის საუკეთესო კომედია. ჭკვიანური სიუჟეტით, ბინძური ხუმრობებით, კლიშე-ეპიზოდების სიმცირითა და ძალიან კარგი სამსახიობო დასით. თითოეული პერსონაჟი თავისებურად დასამახსოვრებელი და სასაცილოა. კევინ სპეისი ავადმყოფურად ეჭვიანი პერსონაჟია, დანტისტი ჯენიფერ ენისტონი მხოლოდ სექსზე ფიქრობს, კოლინ ფარელი დაკომპლექსებული ნარკომანია, ჯეისონ ბეიტმანი, ჯეისონ სუდეიკისი და ჩარლი დეი კი თანამშრომლები, რომლებიც მსხვერპლნი არიან თავიანთი უფროსების ხელში. 
 
კაპიტანი ამერიკა (3D) (3/5)
 
ამერიკის უდიდესი კომიქსის გმირი უკეთეს ფილმს იმსახურებდა. სტივ როჯერსი აშშ-ის სიმბოლოა, ჯო ჯონსტონის ნამუშევარი კი საშუალოზე მაღალი დონის კომიქსის ეკრანიზაციაა. კლასიკური კომიქსის პერსონაჟებით, ძველმოდური ექშენით, ინდიანა ჯონსის სულითა და ძალიან სუსტი სცენარით. წელს მარველის კომიქსების მიხედვით „ტორი” და „იქს-ადამიანები: პირველი კლასი” გამოვიდა, ამ ფილმების ფონზე კი „კაპიტანი ამერიკა” მთლიანად დაიჩრდილა. 
 
ტრანსფორმერები 3 :მთვარის ბნელი მხარე (3D) (1.5/5)
 
რკინის ჟღარუნი. ათწუთიანი უსარგებლო ეპიზოდი. ისევ რკინის ჟღარუნი. ისევ უსარგებლო კადრები. მთელი ფილმი ალოგიკური კადრების კრებაა, რომლის სცენარიც სავარაუდოდ დაწყებითი კლასის მოსწავლემ დაწერა – თემად „ჩემი ზაფხულის არდადეგები”. ეს ფილმი მაიკლ ბეის „ბნელ მხარეს” გიჩვენებთ. ეს რეჟისორი აქამდეც არ გამოირჩეოდა დიდი ფანტაზიით, მაგრამ ეს ფილმი მისი სწორხაზოვნების და ერთფეროვნების აპოგეაა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ „ტრანსფორმერები 3” კომერციულად ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და უკვე მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა.
 
მწვანე ფარანი (3D) (1.5/5)
 
უაზრო სიუჟეტი. უგემოვნო სპეცეფექტები. ეს ფილმი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა დახარჯოს რეჟისორმა ფული. მწვანე ფანარი DC-ის კომიქსების გამორჩეული პერსონაჟია, დაახლოებით იმ დონის, როგორიც მარველის სამყაროში ჰალკი ან დეარდევილია. ფილმი კი მასზე პაროდია უფრო გამოვიდა, ვიდრე ნამუშევარი, რომელიც ახალ ფრენჩაიზს ჩაუყრიდა საფუძველს.  

კომენტარები