გერმანია

მერკელის პარტია დამარცხდა

REUTERS

კვირას, 5 ოქტომბერს, ანგელა მერკელის მშობლიურ მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია დამარცხდა. ეს წარუმატებლობა ანგელა მერკელის პოლიტიკური კარიერის დასასრულს არ მოასწავებს, თუმცა კარგად ასახავს უკანასკნელ პერიოდში კანცლერისკენ მიმართულ უკმაყოფილებას. ამომრჩევლის და თავად მერკელის პარტიის წევრების ნეგატიური განწყობა, უმეტესწილად, კანცლერის მიერ საბერძნეთისთვის გაწეულმა დახმარებამ და გერმანიის ეკონომიკის შენელებამ გამოიწვია. 


მიუხედავად ანგელა მერკელის ძლიერი კამპანიისა მშობლიურ რეგიონში, ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ ხმათა მხოლოდ 23% მოიპოვა, მაშინ როცა მისი მხარდაჭერა 2006 წელს 29%-ს აღწევდა.

გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ქრისტიან-დემოკრატების ყველა ოპონენტის, სოციალ-დემოკრატების, მწვანეების და მემარცხენე პარტიის მხარდაჭერა გაიზარდა. სოციალ-დემოკრატებმა ხმათა 38% მოიპოვეს. შედარებით რადიკალურმა მემარცხენე პარტიამ კი, რომელიც ყოფილ კომუნისტებს აერთიანებს, ამომრჩეველთა 18%-ის მხარდაჭერა მიიღო. მწვანეთა პარტიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავისი შედეგი. თუ 2006 წლის არჩევნებში მან ხმათა 3.4% მიიღო, წელს ეს მაჩვენებელი 8%-ს გაუტოლდა.

ბიზნესწრეებში პოპულარულმა და ფედერალურ ბუნდესტაგში ქრისტიან-დემოკრატების კოალიციურმა პარტნიორებმა, თავისუფალმა დემოკრატებმა 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს და პარლამენტს მიღმა დარჩნენ. მათ ამომრჩეველთა მხოლოდ 3%-მა დაუჭირა მხარი.

მემარცხენეთა დაწინაურებამ, შეიძლება, სოციალ-დემოკრატებისა და ქრისტიან-დემოკრატების ე.წ. გრანდკოალიციას დიდი პრობლემები შეუქმნას. სოციალ-დემოკრატების ლიდერმა რეგიონში და მიწის მმართველმა ერვინ სელერინგმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ სხვა რომელიმე პარტიასთან კოალიციას არ გამორიცხავს. სავარაუდო კავშირი სოციალ-დემოკრატებს, მემარცხენე პარტიასა და მწვანეთა შორის შედგება. ეს მათ რეგიონალურ პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას მისცემს, მაგრამ ყოფილ კომუნისტებთან ალიანსმა, სდპ-ს შესაძლოა შემდეგ არჩევნებზე ხმები დააკარგვინოს. 

რეგიონი უმუშევრობის მაღალი დონით და შემოსავლების სიმცირით ერთ-ერთი უღარიბესია გერმანიის მიწებს შორის. მემარცხენე პარტიები აქ, როგორც წესი, ყოველთვის მაღალი მხარდაჭერით სარგებლობენ. გასულ არჩევნებშიც გამარჯვება სოციალ-დემოკრატებს დარჩათ. მათ ხმათა 30% მიიღეს, მემარცხენე პარტიას კი 17% ერგო. 

მეკლენბურგ-წინა პომერანიაში დამარცხება ქრისტიან-დემოკრატების წაგებათა სერიის გაგრძელებაა. განსაკუთრებით მძიმე ქრისტიან-დემოკრატების ტრადიციულად მხარდამჭერ ბადენ-ვუტემბერგში დამარცხება იყო.

რეგიონალური დამარცხებები მერკელისთვის მნიშვნელოვან დროს ემთხვევა. თვის ბოლოს მას პარლამენტში კენჭისყრა ელის, რომელზეც უნდა გადაწყდეს ევროზონის ეკონომიკური დახმარების, ე.წ. ბეილაუთის დროებითი მექანიზმის შექმნა.

მერკელის პარტიის რამდენიმე წევრმა და მოკავშირემ განაცხადეს, რომ ისინი ხმას არ მისცემენ ევროპული ფინანსური სტაბილურობის ორგანოს შექმნას. ეს ნიშნავს, რომ კანცლერს ოპოზიციის ხმები დასჭირდება.

თუმცა მერკელის ევროზონის ფინანსურ ორგანოსთან დაკავშირებით პოზიტიური ნიშნებიც არის. 7 სექტემბერს გერმანიის უმაღლესმა სასამართლომ გამოიტანა დასკვნა და ევროზონის ქვეყნების ბეილაუთი კანონიერად ცნო. საქმე მერკელის პარტიის წინააღმდეგ 6-მა ევროსკეპტიკოსმა აღძრა. გადაწყვეტილებაში სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ ასეთი დიდი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებამდე მთავრობამ პარლამენტის დასტური უნდა მიიღოს. 

ეს კი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას მატებს თვის ბოლოს მოახლოებულ კენჭისყრას. მერკელი მიესალმა მოსამართლეების ამ გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ევრო ევროპას ერთიანად ინარჩუნებს, მისი ჩამოშლა კი მთლიანად ევროპის ერთიანობის დარღვევას ნიშნავს. 

მერკელის მხარდამჭერთა რაოდენობა უკანასკნელ პერიოდში მცირდება. გერმანელი ანალიტიკოსების აზრით, შემდეგ არჩევნებში გამარჯვება მას ძალიან გაუჭირდება. 
 

კომენტარები