ახალი დაძაბულობის მოლოდინში

ბინიამინ ნეთანიაჰუ და ბარაკ ობამა
REUTERS

ფოტო: REUTERS
ისრაელსა და პალესტინას აგვისტოში ძალადობის მორიგმა ტალღამ გადაუარა. მებრძოლებმა, რომლებმაც ღაზის სექტორიდან ისრაელში სავარაუდოდ ეგვიპტის გავლით შეაღწიეს, ქალაქ ეილათთან თავდასხმები განახორციელეს. დაიღუპა ათამდე ადამიანი, 30-მდე კი დაშავდა. ტერაქტები ბოლო 3 წლის მანძილზე ყველაზე სისხლიანი იყო. საპასუხოდ, ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ღაზის სექტორში მოქმედ სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტებზე, რომელიც სხვადასხვა სამხედრო ჯგუფების კოალიციას წარმოადგენს. დაიღუპა კომიტეტების ხელმძღვანელი კამალ ალ-ნაირაბი და სამხედრო ფრთის ლიდერი იმად ჰამადი. ისრაელის საჰაერო იერიშებს ღაზის სექტორიდან რაკეტებით უპასუხეს.

ახლანდელ დაძაბულობას, შესაძლოა, გაგრძელება სექტემბერში მოჰყვეს. ამისთვის შესაბამისი პირობები უკვე არის შექმნილი. სექტემბრის ბოლოს, პალესტინის ადმინისტრაცია აპირებს საკუთარი საკითხი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაიტანოს. პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს სურს, გაერომ პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიაროს, რაც მრავალ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ პრობლემასთანაა დაკავშირებული.

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, უშიშროების საბჭოში პალესტინის მცდელობებს კი ამერიკის ვეტო ელის. თუმცა არც უშიშროების საბჭოს და არც გენერალურ ასამბლეას არ შეუძლია რომელიმე ქვეყნის ან მისი მთავრობის აღიარება. ამჟამად პალესტინელებს გაეროში პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ნაკრებია. მას გაეროში დამკვირვებლის სტატუსი აქვს. პალესტინის ადმინისტრაციას სურს, გენერალურმა ასამბლეამ არაწევრი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. არაწევრ ქვეყნად მიღებით, პალესტინას ხმის უფლება არ მიეცემა, სამაგიეროდ შეეძლება შეუერთდეს გაეროს სააგენტოებს, მაგალითად, მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციას.

ბინიამინ ნეთანიაჰუ და ბარაკ ობამა
ფოტო: REUTERS
საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის მიხედვით, სუბიექტი, სახელმწიფოდ აღიარებისთვის, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. საჭიროა დადგენილი საზღვრები (პალესტინის საზღვრები სადავო საკითხია) და მთავრობა, რომელსაც სხვა ქვეყნებთან კავშირში შესვლა შეუძლია. პალესტინის ადმინისტრაციას შეზღუდული საკანონმდებლო და აღმასრულებელი უფლებამოსილებები გააჩნია. ამასთან, პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციისგან განსხვავებით, ადმინისტრაცია არ წარმოადგენს პალესტინელებს, რომლებიც დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში არ ცხოვრობენ. ამ ტერიტორიების გარეთ კი მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს.

პალესტინის ადმინისტრაცია რეალურად მხოლოდ დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს, ღაზის სექტორს კი – ჰამასი განაგებს. ამ საკითხის გადასაჭრელად, აპრილში მაჰმუდ აბასის პარტია ფათჰი ჰამასს შეურიგდა. აბასს სურდა ჰამასთან ერთად ერთობლივი მთავრობა ჩამოეყალიბებინა, რომლის ხელისუფლება როგორც დასავლეთ ნაპირზე, ისე ღაზის სექტორში გავრცელდებოდა. ჰამასი და ფათჰი ვერ მორიგდნენ. აბასი ჯერჯერობით ვერ ახერხებს ჰამასთან გაერთიანების საკუთარი ინიციატივის დაგვირგვინებას და 20 სექტემბერს, გაეროს 66-ე გენერალურ ასამბლეაზე სავარაუდოდ მარტო ჩასვლა მოუწევს.

აბასს გაეროში პალესტინის საკითხის გატანით, ისრაელთან მოლაპარაკებებზე უპირატესობა სურს. თუ გენერალური ასამბლეა პალესტინის სახელმწიფოებრიობაზე მიიღებს თუნდაც სიმბოლური მნიშვნელობის მქონე რეზოლუციას, ის ქვეყნის ტერიტორიად იგულისხმებს 1967 წლის საზღვრებს. პალესტინის საზღვრებში მოხვდება აღმოსავლეთ იერუსალიმი და დასავლეთ ნაპირის ის ტერიტორიები, რომელზეც ახლა ისრაელის ახალშენებია განლაგებული. ეს საკითხები ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკების თემაა, აბასს კი სურს ისინი fait accompli-დ, ანუ უკვე მომხდარ ფაქტად აქციოს. ამას გარდა, ის ცდილობს ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებებმა სახელმწიფო-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფორმატიდან სახელმწიფო-სახელმწიფო ფორმატში გადაინაცვლოს, რამაც პალესტინელთა პოზიციები უნდა გაამყაროს.

აბასის სტრატეგია მყიფეა. სასურველი შედეგის მიუღწევლობის შემთხვევაში მისი ავტორიტეტი პალესტინელთა თვალში განადგურდება. 76 წლის მოღვაწეს პენსიაზე ღირსეული გასვლა სურს. საკუთარი იდეის მხარდასაჭერად, პალესტინის ადმინისტრაცია დასავლეთ ნაპირის ქალაქებში მასობრივი დემონსტრაციების მოწყობას გეგმავს, რომელთაც ზენიტს, 21 სექტემბერს, გენერალური ასამბლეის წინაშე აბასის გამოსვლისას უნდა მიაღწიონ. რა მშვიდობიანი მიზნებიც უნდა ამოძრავებდეს პალესტინის ადმინისტრაციას, რადიკალურად განწყობილი ძალები დემონსტრაციების თავის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცდებიან. როგორც ერთ-ერთმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, ათ დაღუპულ ადამიანს შეუძლია მკვეთრად შეცვალოს მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში. შედარებით დამაიმედებლად გამოიყურება სოციოლოგიური კვლევები: პალესტინელთა ორ მესამედს არ სურს მესამე ინტიფადა (სახალხო ამბოხება), დაწყების შემთხვევაში კი მასში მონაწილეობას 14% აპირებს. გამოკითხულთა მხოლოდ 4% მიიჩნევს, რომ აბასის პრიორიტეტი გაეროში პალესტინის საკითხის გატანა უნდა იყოს.

ამერიკას შეუძლია ხელი შეუშალოს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის საკითხის განხილვას. დახმარების სახით, ვაშინგტონი პალესტინელებს ასეულობით მილიონ დოლარს უხდის. ეს თანხა წელს 500 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ნახევარმილიარდიანი დახმარების გაუქმება დასავლეთ ნაპირზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს. მეორე მხრივ, ამერიკელებს შეუძლიათ კონტრიბუცია თავად გაეროს შეუწყვიტონ. პალესტინელებს ამჟამინდელის მსგავსი გეგმა 1988 წელსაც ჰქონდათ. ამერიკის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანა გაეროს სამდივნოს ფინანსურ მხარდაჭერას შეუწყვეტდა. ამან იმუშავა და პალესტინელების წამოწყება ჩაიშალა. ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან მსგავს გადამწყვეტ ნაბიჯს არ ელიან, თუმცა ამ შემთხვევაში მოქმედება ამერიკის კონგრესს შეუძლია. მას აქვს უფლებამოსილება არ დაამტკიცოს გაეროში კონტრიბუციის გადარიცხვა. შესაბამისი კანონპროექტი კონგრესში წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ილეანა როს-ლეტინენმა შეიტანა.

ისრაელ-პალესტინას შორის მოლაპარაკებები უკვე ორ წელზე მეტია არ გამართულა. ამის მიზეზი ჯერ ობამას პოლიტიკა იყო, აპრილიდან კი – მაჰმუდ აბასის ჰამასთან შერიგება. პალესტინის ადმინისტრაციის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირმა, რომელიც ისრაელის არსებობის უფლებას არ აღიარებს, ყოველგვარი მოლაპარაკება გამორიცხა. მოლაპარაკებების გარეშე, ცალმხრივი მოქმედებით კი პალესტინელები ვერ იხეირებენ. ისინი ვერ მოიპოვებენ ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერას, არშემდგარი სახელმწიფოები ან წყნარ ოკეანეში გაფანტული კუნძულები კი მას სახელმწიფოს ვერ შეუქმნიან.

მოლაპარაკებებს ხელი ვერ შეუწყო ვერც ობამამ, რომელმაც თავიდანვე არასწორი გზა აირჩია. მან ყურადღება ისრაელის ახალშენებზე გაამახვილა. ისინი კი საზღვრების, აღმოსავლეთ იერუსალიმის, უსაფრთხოებისა და პალესტინელ ლტოლვილთა დაბრუნებასთან შედარებით, რეალურად მხოლოდ ერთ-ერთ და არცთუ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენენ. თეთრმა სახლმა დასავლეთ ნაპირზე ახალშენების მშენებლობების შესაჩერებლად ყველაფერი იღონა. მან ისრაელის დათმობები პირდაპირ მიართვა პალესტინელებს, რომელთაც კომპრომისზე წასვლა არ დასჭირდათ. აბასმა განაცხადა კიდეც, რომ ობამამ ის ხეზე აუშვა, შემდეგ კი კიბე გამოაცალა. ამერიკის ტაქტიკამ შედეგი ვერ გამოიღო. მშენებლობები შეჩერდა, მოლაპარაკებები მაინც ჩაიშალა. ობამას ადმინისტრაციას ისრაელთანაც გაუფუჭდა ურთიერთობები და ვერც არაბული ქვეყნების გული მოიგო.

მაჰმუდ აბასი
ფოტო: REUTERS
ორწლიანი უშედეგობის შემდეგ, ობამამ მიდგომა შეცვალა. მაისში მან განაცხადა, რომ პალესტინის მომავალი სახელმწიფოს ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებები 1967 წლის საზღვრების მიხედვით უნდა დადგინდეს (რაც ამერიკის ახლო აღმოსავლურ პოლიტიკაში აქამდეც ფიგურირებდა), სადავო ტერიტორიების საკითხი კი მიწების გაცვლით უნდა მოგვარდეს. 2004 წელს ამერიკის ექსპრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ათწლეულების მანძილზე მდგომარეობა შეიცვალა და საზღვრების საკითხში ახლანდელი მდგომარეობა უნდა იყოს გათვალისწინებული. 1967 წელთან შედარებით ისრაელსა და პალესტინაში დემოგრაფიული მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. ისრაელი მზადაა დათმოს დასავლეთ ნაპირის ახალშენების უმრავლესობა, თუმცა აღმოსავლეთ იერუსალიმისა და საზღვრებთან მდებარე მსხვილი ახალშენების გადაცემას ისინი არ აპირებენ. ობამას ტერიტორიების გაცვლის პუნქტმა კი ისრაელს ალტერნატივები შეუმცირა და მოლაპარაკებისათვის ბერკეტები გამოაცალა. გაიღებენ თუ არა ისრაელელები მათ სანაცვლოდ სხვა ტერიტორიებს და დათანხმდებიან თუ არა მათ წინადადებას პალესტინელები, ჯერჯერობით შორეულ პერსპექტივად დარჩენილ მოლაპარაკებებზე უნდა გაირკვეს. 2000 და 2010 წლებში ისრაელის მხარემ პალესტინელებს დასავლეთ ნაპირის, შესაბამისად, 94 და 93.6% შესთავაზა, რასაც პალესტინელები არ დათანხმდნენ.

პალესტინაში მდგომარეობის დაძაბვას მხოლოდ ლოკალური მასშტაბი არ ექნება. ისრაელის მთავრობა ელის, რომ გენერალური ასამბლეის შემდეგ მსოფლიოში კიდევ ერთი ანტიისრაელური კამპანია აგორდება – როგორც 1975 წელს, სიონიზმის რასიზმად გამომცხადებელი რეზოლუციის შემდეგ მოხდა. პალესტინური დემონსტრაციების გართულება ხელს აძლევთ სირიის ლიდერ ბაშარ ალ-ასადსა და რეგიონის სხვა ავტორიტარ ლიდერებს, რომელთაც საშუალება მიეცემათ საკუთარი მოსახლეობისა და საერთაშორისო ყურადღება სხვა პრობლემაზე გადაიტანონ. უდიდეს არაბულ ქვეყანაში, ეგვიპტეში ორიოდე თვეში არჩევნები უნდა გაიმართოს. პირველი არჩევნები არაბული გაზაფხულის შემდეგ, შესაძლოა, გარდატეხის წერტილი აღმოჩნდეს ეგვიპტისთვის. ამ უკანასკნელის ურთიერთობებზე ისრაელსა და არაბულ ქვეყნებთან ახლო აღმოსავლეთის ახლანდელი სტატუს-კვო დიდწილადაა დამოკიდებული. ანტიისრაელური სენტიმენტების აგორება რადიკალების წისქვილზე დაასხამს წყალს, მათი გამარჯვება კი არც დასავლეთს, არც ისრაელს და არც პალესტინის ზომიერ პოლიტიკურ ძალებს არ უნდა აძლევდეთ ხელს.

კომენტარები