„უცეცხლოდ ცეცხლი”

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
 “...როგორ მოხდა, რომ პარიზში, ამ გრძნობიერ სიტკბოებათა ქალაქში ჯერ არავინ შემოიღო სპარსული აბანო? ნუთუ ვერც ერთმა საქმოსანმა ვერ გამოიწერა თბილისიდან ორი მექისე? თან ფილანტროპულ მიზანს განახორციელებდა, და რაც უფრო უეჭველია აურაცხელ სიმდიდრეს დააგროვებდა. როცა თავით ფეხებამდის რძესავით თბილსა და თეთრ ქაფში გამხვიეს, აბაზანასთან მიმიყვანეს, სადაც ისეთი განუსაზღვრელი გატაცებით ჩავხტი, თითქოს მასში დასახლებული ყოფილიყვნენ ნიმფები, ჰილასი რომ მოიტაცეს...”
„ალ. დიუმა. „კავკასია”. თავი 35-ე „სპარსული აბანოები”

...როგორ მოხდა, რომ გოგირდის აბანოებში ტური თბილისის ტურისტულ მარშრუტში არ შედის? ან რატომ არ დადიან დღეს იქ ბიზნესმენები საქმიან შეხვედრებზე? სად დაიკარგა რიტუალები? რატომ გვავიწყდება, რომ ეს ადგილი ლეგენდაა თბილისზე და გოგირდის წყალი ისეთივე ბრენდია, როგორც ვთქვათ მინერალური „ბორჯომი”?.. – ზუსტად საუკუნე-ნახევრის შემდეგ, მუსიე დიუმას რიტორიკული ტონით ვაგრძელებთ საუბარს დიზაინერ გუგა კოტეტიშვილთან.

გუგა გოგირდის აბანოს ხშირი სტუმარია: „ბევრი თბილისელი აკლდება ამ სიამოვნებას. ეს ერთგვარი კულტურაა, რიტუალი და ცხოვრების წესია. რამდენჯერმე მოხდა მისი პრივატიზება. გადააკეთეს და იქ ცალკე კუპეებიცაა, მაგრამ ეს არ უნდა იქცეს გარყვნილების ადგილად. ეს ჯანმრთელი, განწმენდის ადგილია. მე პირადად საერთო აბანოში დავდივარ – ეს გარკვეული კომუნიკაციაა შენს ქალაქთან. ამ დროს ნისლსა და ორთქლში გახვეულ თბილისის მინი-მოდელს ხედავ. „მირზოევის” აბანოში ძირითადად მამაჩემის თაობის ხალხი დადის, სვამენ ლუდს, ჩაის, დინჯად საუბრობენ... მე თუ მკითხავთ, არ უნდა გაქრეს საერთო აბანო ამ უბნებში, ის თბილისელებისაა და მას მუნიციპალიტეტმა უნდა მიხედოს...”

თბილისური აბანოები აბანოთუბანში დღევანდელი გორგასლის ქუჩასა და ჰეიდარ ალიევის სკვერის სიღრმეშია განლაგებული და გამვლელთა ყურადღებას, ნახევრადსფერული გუმბათის ფორმის გადახურვებით იპყრობს. აბანოების ქუჩას კი ცნობილი „ჭრელი აბანო” ანუ „ორბელიანების აბანო” კეტავს. მისი ფასადი და მთლიანად ეს უბანი, უფლებას გვაძლევს, აღმოსავლურ სტილსა და ისლამურ არქიტექტურაზე ვისაუბროთ.

„ის, რაც აბანოს შიგნითაა, – განაგრძობს მოყოლას, – რიტუალი, მექისე, მოხუცი თბილისელები ანუ აღმოსავლური ყოფა – ამ აღმოსავლური არქიტექტურის გაგრძელებაა. მე თუ მკითხავთ, ეს ობიექტი ხელოვნების მუზეუმის რანგამდეა ასული...”

ალექსანდრე დიუმა
ისლამურმა გავლენამ, ქართულ საერო არქიტექტურაში და ყოფაში, განსაკუთრებით XVI-XVII სს-ში მიაღწია კულმინაციას, როცა ქვეყანა სეფიანთა ირანმა და ოსმალთა თურქეთმა ორად გაიყო. ამიტომაც აღმოსავლური ყოფა და, შესაბამისად, არქიტექტურა თბილისში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა.

თუ გვინდა, კარგად შევიგრძნოთ თბილისური აბანოების კედლებში ცოცხლად შემორჩენილი აღმოსავლური აურა თუ ისლამური ორნამენტი, აბანომდე ტური ხელოვნების მუზეუმის აღმოსავლური განყოფილებიდან უნდა დავიწყოთ. აქ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისლამური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია დაგხვდებათ: დაწყებული XIX ს-ის შუა ხანებში გუსტავ რადეს მიერ შეძენილი ისლამური ნივთებით, ალექსანდრე როინაშვილის მიერ შემოწირული ისლამური ლითონისა და ფაიფურის უნიკალური კოლექციით, აღმოსავლური ხელნაწერებით თუ მსოფლიოში ცნობილი ყაჯარული ფერწერითა და მინიატურით დამთავრებული.

„ეს იმპერიული ანუ დაპყრობილი ქვეყნიდან მოტანილი კოლექცია კი არ არის, არამედ იმის შედეგია, რომ ირანული თემი ძლიერი იყო თბილისში. აქ ცხოვრობდნენ ყაჯარების შთამომავლებიც. ანუ ეს 5 ათასამდე ექსპონატი თბილისური ყოფის ამსახველია. მეტეხის ხიდთან შიიტური მეჩეთი იყო – სეფიანების აშენებული. სხვათა შორის, ეს მეჩეთი ერმაკოვის ფოტოზეცაა შემორჩენილი. 1940 წელს, როცა ხიდი უნდა აეშენებინათ, რომელიც მეიდანს ზედა უბანთან – ავლაბართან დააკავშირებდა, მეჩეთი ააფეთქეს. მაშინდელი მუზეუმის დირექტორი შალვა ამირანაშვილი ღამით დანგრეული მეჩეთის ადგილზე მივიდა და ეს ფრაგმენტები – დეკორატიული კერამიკული ფილები (შორენკეცები) მუზეუმში მოიტანა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს საცავებში დაცული ისლამური კულტურა თბილისის ორგანული ნაწილია და აბანოთუბანი თავის არქიტექტურითა თუ ცოცხლად შემორჩენილი ტრადიციებით, ამ კულტურის ლოგიკური გაგრძელებაა. სხვათა შორის, „ჭრელი აბანო” უნიკალურია თავისი არქიტექტურით მსოფლიოში, რადგან არსად ისლამურ აბანოს არ გააჩნია მეჩეთისთვის დამახასიათებელი ამგვარი ფასადი”, – ამბობს ირინა კოშორიძე, ხელოვნების მუზეუმის აღმოსავლური ხელოვნების განყოფილების უფროსი კურატორი (საქართველოს ეროვნული მუზეუმი).

თანამედროვე ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, თბილისური აბანოების PR თუ ბრენდინგი, შუა საუკუნეებში კულმინაციას აღწევდა. ამ პერიოდში, ქალაქში არ მოხვედრილა არც ერთი არაბი თუ სპარსი მოგზაური ან გეოგრაფი, თავის ნაშრომებში, თბილისური აბანოების აღწერისთვის ვრცელი ადგილი რომ არ დაეთმოს:

“...თბილისს აქვს თბილი წყლები, მსგავსად ტიბერიისა, უცეცხლოდ ცეცხლი”, – წერს X ს-ის არაბი გეოგრაფი თავის ნაშრომში „სამეფოთა გზები”. ამავე პერიოდის სპარსულ თხზულებაში „წიგნი ქვეყნის საზღვრებისა” ავტორი წერს:

“...თბილისს აქვს წყარო ძალზე ცხელი, რომელზეც აბანოები აქვთ აგებული და რომელიც მუდამ ცხელია უცეცხლოდ”.

XI საუკუნის არაბული წყაროები (იაკუთი) გვამცნობს, რომ „თბილისში არის ცხელი აბანოები, რომლებიც არ საჭიროებს გაცხელებასა და არც წყლის ამოქაჩვას. ერთი აბანო კი, როგორც გადმომცეს თბილისის მცხოვრებლებმა, მუსლიმებისთვისაა და სხვები მასში არ დადიან”. იმავე ცნობებს გვაწვდის XII ს-ის არაბი ავტორი ალ. ჯაუზი. მისი თქმით, დავით აღმაშენებლის დროს თბილისში ბევრი აბანო იყო, მაგრამ ქრისტიანები არ დადიოდნენ იმ აბანოში, რომელიც სპეციალურად მუსლიმებისთვის ყოფილა განკუთვნილი: „არ შევიდოდა ურწმუნო აბანოში, რომ არ შეევიწროვებინა მას (ურწმუნოს) მუსლიმი”, – ამით ავტორი ხაზს უსვამდა დავით აღმაშენებლის მიერ დაწესებულ პრივილეგიებს მუსლიმთა მიმართ.

XII ს-ის ავტორის, ნაჯიბ ჰამადაენელის ცნობით, თბილისში 40-მდე აბანო ყოფილა. XIII ს-ის არაბი გეოგრაფის, ზაქარია ალ-კაზვინის ნაშრომის („სამყაროს საკვირველებანი”) მიხედვით კი, „თბილისში 65-მდე აბანო შეიძლება დაითვალო, წყალი უცეცხლოდ ცხელია და აქ აბანოების საფასურს არ იხდიან”.

სეფიანთა პერიოდის უდიდესი ისტორიკოსი, ისკანდერ მუნში ვრცელ ცნობებს იძლევა XVI-XII სს-ის თბილისისა და, რა თქმა უნდა. აბანოების შესახებ: „თბილისში უამრავი წყარო და ნაკადული გადმოედინება მთიდან, მათგან დაახლოებით 70-80 წყარო ცხელია. ძველ დროში ყოველი ხელმწიფე, მუსლიმი თუ ურჯულო ქართველი ამ ცხელ წყლებზე გუმბათებს აგებდა და ბანაობდა”.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ერმაკოვის კოლექცია
ვახუშტის ცნობით, თბილისის ცხელ წყლებზე გამართულ აბანოებს მთელი უბანი ეჭირა. ამის გამო XII-XIII სს-ში ამ ადგილს „აბანოების უბანს” ეძახდნენ. ვახუშტის მიხედვით, ამ უბანში 6 აბანო ყოფილა გამართული. ამის გარდა, აბანო ციხეშიც მოიპოვებოდა. აბანოების უბნიდან მეფის სასახლემდე წყალსადენი გაეყვანათ, რომელიც სასახლეს გოგირდის წყლით ამარაგებდა. მეფის ამ აბანოს „ჩარხის აბანოს” უწოდებდნენ.

წყაროები თბილისის „უცეცხლოდ ცხელი” აბანოების შესახებ ბევრია. შესაძლოა, სწორედ ამგვარი PR-ის შედეგი იყო, რომ აღა-მაჰმად ხანმა ჯერ რამდენჯერმე მიიღო თბილისის ცნობილი გოგირდის აბაზანები და როცა სენისგან ვერ განიკურნა, გაბრაზებულმა, 1795 წლის სექტემბერში თბილისის მიწასთან გასწორება სწორედ აბანოთუბნიდან დაიწყო.

თბილისის აბანოების შესახებ აღფრთოვანებას, მოგვიანებით, უკვე ევროპელი თუ რუსი დიპლომატები და მოგზაურები გამოხატავდნენ. შარდენმა და პუშკინმა თბილისურ აბანოებს ღირსეული პატივი მიაგეს.

არქიტექტურის ისტორიკოსი მაია მანია, მირზა შაფის ქუჩის აღწერისას, დეტალურად განიხილავს დღეს აბანოების განლაგებას აბანოთუბანში. სურათი ასე გამოიყურება: ”...პირველი ტერასა აბანოს ქუჩაა, მასზე მდებარე ყოფილი ერეკლესა და დარიას, „გრილი აბანოს”, ყოფილი „მეითრისა” და გვიანდელი სუმბათაშვილის აბანოების შენობებით (ეს გრიშაშვილისა და გორგასლის ქუჩებია). შემდეგი ტერასა ყოფილი გარნიზონის აბანოს კომპლექსია (გრიშაშვილის 5). მომდევნო კი ყოფილი ზუბალაშვილების, მოგვიანებით მამა-შვილის – „მირზოევების” სახელით ცნობილი აბანოს ორი შენობაა (გრიშაშვილის #10 და 11.). ტერასულად განლაგებულ აბანოთა კომპლექსს აღმოსავლეთით მირზა შაფის ტერასული ქუჩა ასრულებდა. ბოტანიკური ბაღისკენ დამასრულებელ – აბანოს ქუჩის სიღრმეში კი ორბელიანების (ჭრელი) აბანოა (აბანოს ქ.#2)”.

ბოლოს კი, ერმაკოვის ცნობილ მექისეთა ფოტოსერიას, ვფიქრობ, ბატონი დიუმას ეს ტექსტი დაამშვენებდა:


ფოტო: ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
“...ჯალათებმა ერთ ხის ტახტზე დამაწვინეს, თავქვეშ სველი ბალიში ამომიდეს და ხელ-ფეხი გამიჭიმეს. მერე სათითაოდ ხელებში მეცნენ და სახსრების მტვრევა დამიწყეს. ეს ოპერაცია მხრებიდან დაიწყო და თითების უკანასკნელი სახსრებით დამთავრდა. შემდეგ ფეხებს მიჰყვეს ხელი. ფეხებს რომ მორჩნენ, კეფაზე, ხერხემალზე და წელზე გადავიდნენ. ეს ვარჯიში, რომელსაც თითქოს სახსრების სრული მტვრევა უნდა გამოეწვია, სრულიად ბუნებრივად მიმდინარეობდა და ერთგვარად სასიამოვნოც კი იყო. პირსახოცივით რომ დამკეცონ და თაროზე რომ შემომდონ, მაინც არაფერი მეტკინებაო – ვფიქრობდი. ზელვის პირველი ეტაპი რომ დასრულდა, მექისეებმა შემატრიალეს და ვიდრე ერთი მათგანი რაც ძალი და ღონე ქონდა ხელებს მიზელდა, მეორე ჩემს ზურგზე ცეკვას შეუდგა, თან დრო და დრო ფეხი უცურდებოდა და იატაკზე ეცემოდა. უცნაურია, რომ ეს კაცი, რომელიც, ასე, ას ოც გირვანქას იწონიდა, პეპელასავით მსუბუქი მეჩვენებოდა. იგი ზურგზე მაძვრებოდა და შემდეგ გადავიდოდა და ეს ქმნიდა შეგრძნებათა მთელ ჯაჭვს, რომელიც აუწერელ ნეტარებას მგვრიდა. იმ წუთში სანაძლაოს დავდებდი, რომ გაშლილი ხელებით მთელ კავკასიას ავწევდი...”


კომენტარები