ყირგიზეთის მოკრძალებული წარმატებები და გამოწვევები

ყირგიზეთმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარკვეულ პოლიტიკურ წინსვლას მიაღწია, რაზეც მშვიდობიანად ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიც მიუთითებს. მიუხედავად ამისა, 2011 წელს ქვეყანას კიდევ ერთი გამოცდა - საპრეზიდენტო არჩევნები - ელის. ამას ემატება ეკონომიკური პრობლემები და ეთნიკურ ნიადაგზე ყირგიზეთის სამხრეთ-ჩრდილოეთს შორის არსებული დაპირისპირება. Freedom House-ის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა 6 ქულით ნაწილობრივ თავუსუფალ სახელმწიფოთა კატეგორიაში მოხვდა, რითაც ბიშკეკმა წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 0,25-ით გააუმჯობესა. ეს მან რამდენიმე სფეროში/მიმართულებით (სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატიული მმართველობა, კორუფცია) გატარებული რეფორმებისა და პოზიტიური ცვლილებებით მოახერხა.

წინსვლის მიზეზი გარკვეულწილად ქვეყნის ლიდერთა განსხვავებული მიდგომებია. 2010 წლის აპრილის რევოლუციის შემდეგ გადაყენებული პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის რეჟიმი ავტორიტარიზმით, მისი ოჯახის წევრებისა და მჭიდრო გარემოცვლის (10-12 ადამიანი) უკონტროლო მმართველობით გამოირჩეოდა. მათ ხელში აღმოჩნდა ქვეყნის მთლიანი ეკონომიკა, უდიდესი კომპანიები. მისი პოლიტიკური პარტია 90 ადგილიან პარლამენტში 71 მანდატს ფლობდა. უსაფრთხოების ძალებს კი ოპონენტთა წინააღმდეგობის ჩასახშობად იყენებდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეჟიმის მსხვერპლი აღმოჩნდა რამდენიმე ჯურნალისტი და ოპოზიციის წევრი.

პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, როზა ოტუმბაევამ კი ქვეყანას სტაბილურობა მოუტანა. იგი ელიტურ ოჯახშია (მამამისი საბჭოთა ყირგიზეთის უზენაესი სასამართლოს წევრი გახლდათ) გაზრდილი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი ფილოსოფიური ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. მან პოლიტიკური კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო. ფლობდა მნიშვნელოვან პოსტებს: სსრკ-ს წარმოადგენდა პარიზში, მალაიზიაში. ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იგი  საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტებს იკავებს, შემდეგ ხდება ყირგიზეთის პირველი ელჩი აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში. ოტუმბაევა 2007 წელს SDPK-ის საარჩევნო სიით პარლამენტში აირჩიეს, სადაც იგი ოპოზიციას ჩაუდგა სათავეში.

დღეს ოტუმბაევას მთავარ მიღწევად მშვიდობიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებულ აპრილის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევენ. შედეგების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში მანდატების მოპოვება ხუთმა პარტიამ შეძლო: Ata-Jurt (8,88% -მიიჩნევა სამხრეთელების ინტერესების გამტარებლად), ოტუმბაევას სოციალ დემოკრატიული პარტია (SDPK – 8,04%), Respublika (7,24%), Ar Namys (7,74%), და At-Meken (5,6%). შედეგად, დროებითი მთავრობა პირველმა სამმა მათგანმა დააკომპლექტა. ამან რეჟიმს ლეგიტიმურობა შესძინა, რაც საკვანძო იყო ბაკიევის მომხრე სამხრეთის მოსახლეობის უნდობლობის ფონზე.

გარდა ამისა, სწორედ მის დროს შექმნეს ახალი კონსტიტუცია, მთავარი მიზანი ერთპიროვნული მმართველობის აღმოფხვრა და საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა იყო. ახალი დოკუმენტის შედგენაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი. მისი ბედი მოსახლეობამ რეფერენდუმით გადაწყვიტა - 90%-მა მას ნდობა გამოუცხადა. შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში ადგილების რაოდენობა 75-დან 120-მდე გაიზარდა, კანონის/კონსტიტუციის დონეზე აიკრძალა ერთი პარტიის მიერ მანდატების 60%-ზე მეტის ხელში ჩაგდება. მომავალში გამარჯვებული პარტიები ჩამოაყალიბებენ მთავრობას და აირჩევენ პრემიერ-მინისტრს, რომლიც პოლიტიკური სისტემის ცენტრალური ფიგურა გახდება.

პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლებს მოქმედების მეტი შესაძლებლობები გაუჩნდათ. გაუქმდა ბაკიევის შვილის კუთვნილებაში არსებული განვითარების, ინვესტიციებისა და ინოვაციის ცენტარლური სააგენტო, რომელიც კორუფციის მთავარ წყაროდ მიიჩნეოდა. სააგენტო განაგებდა ქვეყენაში ინვესტიციების შემოდინებას, ასევე სახელმწიფო სესხებისა და  საპენსიო ფონდების ოდენობას. გარდა ამისა, ოტუმბაევამ პირობა შეასრულა და საკუთარი ნებით უარი თქვა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე.

ამ მიღწევების მიუხედავად დროებითმა მთავრობამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა უსაფრთხოების ძალებსა და ადგილობრივ მაღალჩინოსნებზე ეფექტური კონტროლის დამყარება. ცენტრალური ხელისუფლებისთვის მთავარი სატკივარი სამხრეთში გავლენიანი ლიდერების ერთგვარი ურჩობაა, რომლებიც ჯერ კიდევ ყოფილი პრეზიდენტის ერთგულები რჩებიან. ხელისუფლების ინფორმაციით, მათ ნარკოტიკებით ვაჭრობასა და სხვა არალეგალურ საქმიანობებთან აქვთ კავშირები. სწორედ ამან განაპირობა მნიშვნელოვანწილად ივნისის შუა რიცხვებში ოშსა და ჯალაბადში დაწყებული ეთნიკური ძალადობა უზბეკებსა და ყირგიზებს შორის, რამაც 400 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.  ეთნიკური უზბეკები არასახარბიელო ვითარებაში აღმოჩნდნენ: ხდებოდა მათი დისკრიმინაცია, კანონის აღმსრულებელი ორგანოები ხშირად ინდიფერენტულობას იჩენდნენ მათი უფლებების დაცვისადმი. მათი უსაფრთხოების საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. დღეს პარლამენტში რამდენიმე პოლიტიკური გაერთენებაა წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი უმცირესობების ინტერესების გამტარებელია. თუმცა, ეთნიკური ნიშნით კანონმდებელთა არჩევა პოლიტიკური გარემოს პოლარიზაციას იწვევს. შემოდგომის არჩევნები კი ქვეყნისთვის კიდევ ერთი გამოცდა იქნება. საჭიროა კენჭისყრის კონსტრუქციულ და სტაბილურ გარემოში ჩატარება.

არსებულ პრობლემებთან გასამკლავებლად ქვეყნის მესვეურებს ძლიერი ეკონომიკა უნდა უმაგრებდეთ ზურგს. თუმცა უმუშევრობის დონე და საბიუჯტო დეფიციტის არსებობა ბევრს სკეპტიკურად განაწყობს. ზოგი (მათ შორის ქვეყნის პრემიერი და მისი მოადგილე) ვითარების გამოსასწორებლად რუსეთ-ბელარუს-ყაზახეთის საბაჟო კავშირში შესვლას ემხრობა. ამას ქვეყნის ეკონომიკისთვის მოსკოვსა და ასტანასთან ვაჭრობის მნიშვნელობით (შეადგენს მშპ-ს 40%-ს) ამართლებენ. კავშირში არშესვლა იაფ ყირგიზულ საქონელზე ტარიფების სამჯერ გაზრდას გამოიწვევს.

თუმცა, საბაჟო კავშირის წევრებს ეკონომიკური მაჩვენებლებით ბიშკეკი მკვეთრად ჩამოუვარდება (მათი მშპ-ის მაჩვენებლებია: ყირგიზეთი - 5 მილიარდი დოლარი, რუსეთი - 1676,6 მილიარდი დოლარი, ყაზახეთი - 135,6 მილიარდი დოლარი, ბელარუსი - 60,3 მილიარდი დოლარი). ეს მას უთანასწორო და მათზე პოლიტიკურად დამოკიდებულ მდგომარეობაში ჩააყენებს. თანაც, გაწევრიანების შემდეგ მას საგარე ტარიფების გაზრდა მოუწევს. რისთვისაც, WTO-ს წევრ ყირგიზეთს ამ ორგანიზაციის წევრებისთვის კომპენსაციის (დაახლეობით 1 მილიარდი დოლარი) გადახდა დაევალება. თანაც, ბიშკეკი მათგან ვეღარ ისარგებლებს  ყველაზე სასურველი სახელმწიფოს სტატუსითა და სხვადასხვა სავაჭრო შეღავათებით.

ამ ორ ორგანიზაციას შორის არჩევანი გარკვეულწილად მის საგარე პოლიტიკურ ორიენტაციასთანაცაა დაკავშირებული. საბაჟო კავშირს ბევრი რუსეთის მიერ წევრებზე პოლიტიკური ბერკეტების მოპოვების საშუალებად განიხილავს. ამ ბლოკში წევრობის საპირისპიროდ, საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს აშშ-სთან უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობას. ქვეყანაში ოტუმბაევას უპირობოდ დასავლეთზე ორიენტირებულ ლიდერად  განიხილავენ, იგივე ითქმის Ata-Meken-ის წევრებსა და რამდენიმე ახალგაზრდა პარლამენტარზე. მაშინ როცა, სხვა პოლიტიკოსები მოსკოვთან პარტნიორობას უფრო უჭერენ მხარს. დღეს ორივე ფრთა/ჯგუფი ხელისუფლებაში თანაბარ გავლენას ფლობს, რაც მათ მიერ აღნიშნულ გარე აქტორებთან დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას განაპირობებს. არჩევნების შედეგებმა კი შესაძლოა არსებული ბალანსი ერთ-ერთის სასარგებლოდ შეცვალოს.

კომენტარები