რუპერტ მერდოკი

მსოფლიო მერდოკის წინააღმდეგ

ჯეიმს მერდოკი, რუპერტ მერდოკი, რებეკა ბრუკსი
ფოტო: REUTERS

News of The World-ის რედაქტორი კოლინ მილერი გაზეთის უკანასკნელი ნომრით
ფოტო: ფოტო: REUTERS
 2 კვირის წინ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კორპორაცია – News Corporation-ი, მედიაიმპერიის გაფართოებას აპირებდა. მიზანი ბრიტანეთის უდიდესი სატელიტური ტელევიზიის, BSkyB-ის სრული შესყიდვა (აქამდე კომპანია BSkyB-ის 39%-ს ფლობდა) და ევროპულ ანალოგებთან, თავისივე Deutschland-თან და Sky Italia-სთან მიერთება იყო. შესაბამისად, ერთიანი ევროპული სატელიტური ტელევიზია შეიქმნებოდა. დღეს კორპორაციას, არა მხოლოდ 12-მილიარდიან გრანდიოზულ გეგმაზე უწევს უარის თქმა, მასშტაბურ სკანდალშიცაა გახვეული.

News Corporation-ის მმართველებსა და ჟურნალისტებს ბრალი ათასობით ადამიანის, მათ შორის 9/11-ის მსხვერპლთა, გაერთიანებული სამეფოს მონარქის ოჯახის წევრებისა და პარლამენტარების ტელეფონებში არალეგალურად შეღწევასა და ამ გზით ინფორმაციის მოპოვებაში ედებათ. მათ პოლიციელებისთვის ქრთამის გადახდაშიც ადანაშაულებენ, რადგან ინფორმაციას, ხშირად სწორედ ამ უკანასკნელთა საშუალებით მოიპოვებდნენ.

დაკავებულია კომპანიის რამდენიმე ხელმძღვანელი და ჟურნალისტი. დაკავებულებს შორის არიან News International-ის აღმასრულებელი დირექტორი რებეკა ბრუკსი, News of the World-ის რედაქტორი ენდი კულსონი. რუპერტ მერდოკი და მისი ვაჟიშვილი ჯეიმს მერდოკი, რომელიც კომპანიის ევროპისა და აზიის განშტოებებს ხელმძღვანელობს, არ დაუპატიმრებიათ. მათ ბრიტანეთის პარლამენტის წევრების წინაშე წარდგომისას ბოდიში მოიხადეს და განაცხადეს, რომ ინფორმაციის ამ გზით მოპოვების თაობაზე არაფერი იცოდნენ. პოლიციელების მიერ ქრთამის აღების სკანდალის გავრცელების შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს პოლიციის უფროსი, სერ პოლ სტივენსონი თანამდებობიდან გადადგა.

გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და რით დასრულდება, რთული სათქმელია. ბრიტანეთის პარლამენტარების წინაშე წარდგომისას, რუპერტ მერდოკმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

სკანდალმა ჟურნალისტურ ეთიკასა და მედიის რეგულირებაზე კამათი გააცხოველა. გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, ედ მილიბანდი გამოვიდა ინიციატივით, რომ დაწესდეს ლიმიტი, თუ რამდენი მედიაორგანიზაციის ფლობა შეეძლება ერთ კორპორაციას ან პიროვნებას. მილიბანდის წინამორბედი, პარტიის ყოფილი ლიდერი, ნილ კინოკი კი პრესის ბალანსის მისაღწევ რეგულაციას უჭერს მხარს.
ტაბლოიდები ეთიკურობით არც არასოდეს გამოირჩეოდნენ – მათ შორის, News of the World-იც (NoW), News Corporation-ის ბრიტანული ტაბლოიდი, რომელიც უკანასკნელი სკანდალის მთავარი მონაწილე გახდა. სენსაციურობაზე დაფუძნებული ყვითელი პრესა თავის მეთოდებს ხალხის მოთხოვნით ამართლებს. ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ყოფილი ჟურნალისტი ტობი ჰარდენი წერს, რომ თუ ამერიკელი ჟურნალისტები თავიანთ პროფესიას იურისტების და ექიმების პროფესიას უტოლებენ, ბრიტანელი ჟურნალისტები საკუთარ საქმიანობად სკანდალების ამოქექვას მიიჩნევენ. მათი მეთოდები, ტელეფონში შეღწევა და პოლიციის მოსყიდვა, წყაროს არგადამოწმება და ზოგჯერ პლაგიატობაც კი, უკვე დიდი ხნის ტრადიციაა. მისი თქმით, სწორედ ტაბლოიდური კულტურის „დამსახურებაა”, რომ ბრიტანეთში, რომელიც აშშ-ის მოსახლეობის ერთი მეხუთედია, ბევრად უფრო მეტი გაზეთი იყიდება, ვიდრე ამერიკაში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ უკანონოდ ინფორმაციის მომპოვებლები არ უნდა დაისაჯონ. თუმცა მერდოკის საქმე განსხვავდება უბრალოდ ტაბლოიდური ეთიკის შესახებ დაწყებული სკანდალისაგან და, ზოგიერთის აზრით, პოლიტიკური სარჩულიც კი გააჩნია.

განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა სკანდალმა აშშ-ში მიიღო. მემარცხენეები მერდოკის დასჯას აქტიურად ითხოვენ. ოპონენტების აზრით, კრიტიკოსებს Fox News-ის გაკოტრების იმედი აქვთ. მერდოკის Fox News-ი აშშ-ში გავლენიანი კონსერვატორული ტელევიზიაა. ის 1996 წელს შეიქმნა და ამ სივრცეში მემარცხენე ძალების მონოპოლია დაასრულა. Fox News-ის გამოჩენამდე ერთადერთი მეინსტრიმული კონსერვატიული მედია Wall Street Journal-ი იყო.

ბოლო 40 წლის გამოკვლევები აჩვენებს, რომ ჟურნალისტების 4/5 დემოკრატების ღირებულებებს იზიარებს. იმავე გამოკვლევებით მოსახლეობის 67% თვლის, რომ ჟურნალისტები დემოკრატებს უფრო აქტიურად აშუქებენ და რესპუბლიკელებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. Fox News-ის გამოჩენის შემდეგ, ამერიკული მედიაელიტა უკმაყოფილოა, რადგან, მათი აზრით, პრესა აუცილებლად მემარცხენე პოზიციას უნდა იზიარებდეს.

მიუხედავად კონსერვატიული რეპუტაციისა, Fox News-ი ორივე პარტიას დაბალანსებულად აშუქებს. თუ სხვა ტელეარხებში ობამას პოზიტიურ შეფასებებს, გასული არჩევნების დროს, ეთერის 68% ეკავა, ხოლო მაკკეინის დადებით შეფასებას 36%, Fox News-ზე ობამას პოზიტიური შეფასება 36%, მისი კონკურენტი მაკკეინის კი 40% გახლდათ. Fox News-ი იმდენად კონსერვატიული არ არის, რამდენადაც სხვა ტელევიზიები იხრებიან მარცხნივ, შესაბამისად, ეს ტელევიზია კონსერვატიული სწორედ მათ ფონზე ჩანს.

double click to edit descriptionNews International-ის სათავო ოფისის შენობა. ლონდონი
ფოტო: ფოტო: REUTERS
გარდა იმისა, რომ Fox News-ი დაბალანსებულად აშუქებს ორივე პარტიას, მერდოკის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის მიცემული დაფინანსებაც დაბალანსებულია. მეტიც, მისი დაფინანსების 51% გასულ არჩევნებზე დემოკრატიულ პარტიას შეხვდა, 49% კი რესპუბლიკურს. კომპანიის დასპონსორებულ პოლიტიკოსებს შორის ობამა პირველ ადგილზეა.

ობამას პოპულარობის შემცირებასაც, ნაწილობრივ, Fox News-ს აბრალებენ. Gallup-ის გამოკითხვის მიხედვით, მისი რეიტინგი 39%-მდე დაეცა (საპირისპიროდ, რესპუბლიკელი კანდიდატის მხარდაჭერა 47%-ია). ჩარლზ კრაუტჰამერის თქმით, Fox News-ი დემოკრატიული ადმინისტრაციის გაღიზიანებას იწვევს, რადგან მან, ერთი მხრივ, მედიაზე მემარცხენეების მონოპოლია დაასრულა და, ამასთან ერთად, მაყურებლებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. Fox News-ს მეტი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე დანარჩენ საკაბელო ტელევიზიებს ერთად აღებულს, ხოლო Wall Street Journal-ი ყველაზე დიდტირაჟიანი გაზეთია აშშ-ში. ეს კომპანიის მემარცხენე კონკურენტებს არ მოსწონთ.

დღეს მერდოკის დასჯის მომხრე დემოკრატებს, კონსერვატორები ჟურნალისტური ეთიკის შესახებ მათ შეხედულებებს ახსენებენ და ორმაგ სტანდარტებში ამხელენ. ასეთი ფაქტების გასახსენებლად შორს წასვლა არ მოგვიწევს. სულ რამდენიმე თვის წინ, New York Times-მა და Guardian-მა, რომლებიც დღეს რუპერტ მერდოკს „ბოროტების ღერძის” შექმნაში და არაეთიკური მეთოდებით მასალების მოპოვებაში ადანაშაულებენ, თვითონ გამოაქვეყნეს არალეგალურად მოპოვებული Wikileaks-ის მასალა. ამან, აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებასთან ერთად, მრავალი ადამიანის სიცოცხლეს შეუქმნა საფრთხე. მაშინ მათ არც ჟურნალისტური ეთიკა გახსენებიათ და არც ამ მასალის მოპოვების მეთოდების კანონიერებაზე უდარდიათ, რასაც სიტყვის თავისუფლების დაცვის მოტივით ამართლებდნენ.

ბრიტანეთში, მერდოკის კორპორაციაზე შეტევას, მედიის მზარდი გავლენით ხსნიან. თუ კუნძულზე პოლიტიკური პარტიები დაფინანსების უმთავრეს ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ, აშშ-ში პარტიები კერძო შემოწირულობებზე არიან დამოკიდებული. უკანასკნელ პერიოდში, აშშ-ში და ბრიტანეთში გაჩნდა აზრი, რომ კერძო სექტორის გავლენა პარტიებზე კიდევ უფრო უნდა შემცირდეს, ამისთვის კი კორპორაციებზე პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა უნდა შეეზღუდოთ. ამ იდეის მომხრეები აცხადებენ, რომ ეს კორპორაციებს პოლიტიკურ გარიგებებში შესვლის საშუალებას არ მისცემს. თუმცა, რეალურად, ასეთი რეგულაციების შემოღება პოლიტიკოსებს კამპანიის წარმოებისას ამომრჩეველთან კომუნიკაციას უზღუდავს და მას მედიაზე დამოკიდებულს ტოვებს. ეს კი მედიის გავლენას პოლიტიკაზე კიდევ უფრო ზრდის. მერდოკის დიდი გავლენა ბრიტანეთის პოლიტიკაზე, სწორედ ამით არის განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ მერდოკი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის მხოლოდ 117 ადგილზეა – მისი ფინანსური ძალა, სხვებთან შედარებით, არცთუ ისე დიდი, 6.3 მილიარდი დოლარია – Forbes-ის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში ის მე-13 ადგილს იკავებს. მერდოკის ასეთი გავლენა კი, მედიაზე მემარცხენეების მონოპოლიას ხელს უშლის.

ჯეიმს მერდოკი, რუპერტ მერდოკი, რებეკა ბრუკსი
ფოტო: ფოტო: REUTERS
მერდოკის ამჟამინდელი სკანდალი 2005 წლიდან იღებს სათავეს. სამეფო ოჯახის სატელეფონო ზარების მოსმენის ამბის გავრცელების შემდეგ, 2009-2010 წლებში გაზეთმა Guardian-მა ჟურნალისტური გამოკვლევა დაიწყო და 3 ათას ადამიანს მიაკვლია, რომელიც ინფორმაციის მოპარვას NoW-ს აბრალებდა. 2011 წლის 4 ივლისს Guardian-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ამტკიცებდა, რომ 2002 წელს, კომპანიის თანამშრომლები მოკლული 16 წლის გოგონას ხმოვან ფოსტაში შეიჭრნენ. ამ შემთხვევამ ბრიტანული საზოგადოება აღაშფოთა. 3 დღის შემდეგ News Corporation-მა 168 წლის გაზეთი დახურა. ამას მოჰყვა დევიდ კამერონის ყოფილი პრესსპიკერის, ენდი კულსონის და რებეკა ბრუკსის დაკავება.

NoW-ის დახურვა კომპანიას დიდ ზარალს არ მოუტანს, რადგან მისი წილი კომპანიაში ძალიან მცირე, 1%-ზე ნაკლებია. მთლიანად ბეჭდური მედიის წილი კომპანიაში მხოლოდ 13%-ს შეადგენს. მიუხედავად ბეჭდური მედიის ბაზრის შემცირებისა, მერდოკმა თავისი კორპორაციის წარმატების შენარჩუნება შეძლო. მაშინ, როცა უკანასკნელ ათ წელიწადში New York Times-ის ღირებულება 82%-ით შემცირდა, Time Warner-ის კი 77%-ით, მერდოკის ორგანიზაციების ფასები მხოლოდ 10-15%-ით დაეცა.

მერდოკის სკანდალის რეალური და მნიშვნელოვანი შედეგები, არა ჟურნალისტების დაკავება, არამედ ის პოლიტიკური დებატია, რომელიც მედიაზე რეგულაციის დაწესებას ცდილობს.

კომენტარები