სატელეფონო მოსმენების გამო ცნობილი ტაბლოიდი იხურება

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტაბლოიდი News of the World (NoW) გაზეთის მფლობელის, რუპერტ მერდოკის გადაწყვეტილებით იხურება. გაზეთის ბოლო ნომერი კვირას გამოვა. ყოველკვირეული გამოცემის დახურვა მედია მაგნატმა ბრიტანეთის მოქალაქეების სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გადაწყვიტა. ”ძალიან მწყდება გული, რომ ჩვენი რამდენიმე თანამშრომლის მეთოდები ჟურნალისტიკის იმ სტანდარტებს არ შეესაბამება, რომლებისაც მე და ჩემს კომპანიას გვჯერა,” განაცხადა  რუპერტ მერდოკის შვილმა, ჯეიმს მერდოკმა.

უკანონო სატელეფონო მოსმენების გარშემო სკანდალი ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, როცა NoW-ის ორი თანამშრომელი დააკავეს და სამეფო ოჯახის წევრების სატელეფონო საუბრების არალეგალურად მოსმენაში ცნეს დამნაშავედ. 2007 წელს თანამდებობიდან გადადგა გაზეთის მთავარი რედაქტორი ენდი კულსონი, თუმცა განაცხადა, რომ უკანონო მოსმენების შესახებ მან არაფერი იცოდა. რამდენიმე თვის შემდეგ კულსონი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის და ამჟამად ქვეყნის პრემიერ მინისტრის, დევიდ კამერონის მრჩეველი გახდა.

უკანონო მოსმენების შესახებ ახალი დეტალები გასულ კვირას გამოქვეყნდა. გაირკვა, რომ გაზეთის ჟურნალისტები ლონდონში 2005 წლის 7 ივლისს მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა ოჯახის წევრების სატელეფონო საუბრებსაც უსმენდნენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანული მხარე ამ საქმესთან დაკავშირებით დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს.

News of the World-ი, რომელიც ყოველკვირეულად 2.8 მილიონიანი ტირაჟით გამოდიოდა, უკვე 168 წელია  იბეჭდება. გაზეთის ბოლო ნომერში არც ერთი სარეკლამო განცხადება არ განთავსდება, თავისუფალ ფურცლებზე კი საქველმოქმედო ორგანიზაციების განცხადებები დაიბეჭდება.  NoW-ს ბოლო ნომრის გაყიდვით შემოსული თანხა მთლიანად საქველმოქმედო მიზნებისთვის დაიხარჯება. 

კომენტარები