კანონი მანიფესტაციების შესახებ – გამკაცრება თუ ლიბერალიზაცია?

21 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა, რიგგარეშე სხდომაზე, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.  

კანონპროექტის ინიციატივა უმრავლესობის წევრებს ეკუთვნით. კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საპარლამენტო  ოპოზიციასთან გაიმართა.

კანონში, ცვლილებების დიდ ნაწილს, საფუძვლად საკონსტიტუციო სასამართლოს 18 აპრილის გადაწყვეტილება დაედო, რომელმაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა რამდენიმე პოლიტიკური პარტიის, სახალხო დამცველისა და მოქალაქეთა სარჩელი შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

მართალია, საკონსტიტუციო სასამართლომ, ადმინისტრაციული შენობებისგან 20 მეტრის რადიუსში აქციების გამართვაზე შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნო, ახალ კანონპროექტში აკრძალვა ნაწილობრივ ისევ შევიდა. ოღონდ, ამჯერად ეს წესი მხოლოდ სასამართლოების, პროკურატურის, პოლიციის და საპატიმრო დაწესებულებების შენობების, რკინიგზის სადგურების, აეროპორტებისა და პორტების შესასვლელებთან იმოქმედებს. ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს თავად ექნება შესაძლებლობა „დააწესოს შეზღუდვა შეკრების შენობიდან დაშორებით გამართვასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს 20 მეტრისა”. შეკრებები შეზღუდულია სამხედრო  ობიექტების შესასვლელებიდან 100 მეტრის რადიუსშიც. იკრძალება შენობის შესასვლელების, ავტომაგისტრალების და რკინიგზის ბლოკირება.

არის ახალი მუხლიც, სადაც ნათქვამია: „შესაბამის ორგანოს აქვს ვალდებულება დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს, აქვს ბიზნესი იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს შეკრება”. ამ მიზნით შეიძლება შეიზღუდოს დრო და ადგილი და ალტერნატიული ვარიანტები შესთავაზონ.

მომიტინგეებს ეკრძალებათ ცივი იარაღისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ნივთვის ქონა.
კანონპროექტის თანახმად, აქციის ორგანიზატორების მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში,  მათ, 15 წუთის განმავლობაში კანონდარღვევის  აღმოსაფხვრელად ზომების მისაღებად, მითითება მიეცემათ.

უმრავლესობის კანონპროექტი ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკრიტიკა.
თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლებას „სრულად ექნება ხელ-ფეხი გახსნილი, რათა არ დაუშვას რაიმე ტიპის შეკრების ან მანიფესტაციის გამართვა დედაქალაქის ან სხვა ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც სახელმწიფო შენობა-ნაგებობები არის განლაგებული”. მისი თქმით, წარმოდგენილი ფორმულირებებით „ვერასოდეს ვერავინ ვეღარ დაადგენს, რა იყო აქციის კანონიერი დაშლა და რა უკანონო”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აღნიშნა, რომ დოკუმენტი  შეიცავს „ბუნდოვან დებულებებს” და „ადამიანის უფლებების დარღვევის პოტენციურ საფრთხეს”.

ახალგაზრდა იურისტების აზრით, კანონპროექტი იმ ნაწილში, რომელიც მანიფესტაციის გამართვას ცალკეული შენობებიდან 20 მეტრის რადიუსში კრძალავს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ეწინააღმდეგება. ასოციაციის აზრით,
„რეგულირებისას აქცენტი უნდა კეთდებოდეს შენობების შესასვლელების ბლოკირების შეზღუდვაზე და არა ფორმალურ რადიუსზე”.

„ბუნდოვან და პოტენციური საფრთხის მატარებელ დებულებებად” მიიჩნევს ასოციაცია  მუხლს – შეკრების მონაწილეთა და აქციის ჩატარების ადგილას მცხოვრები თუ მომუშავე მოქალაქეების უფლებებს შორის „ბალანსის დაცვის” შესახებ. მათთვის მიუღებელია ნორმა,
რომელიც 15 წუთის ვადას აწესებს ორგანიზატორებისთვის დარღვევის აღმოსაფხვრელად.  

ტაბულასთან საუბრისას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ჩიორა თაქთაქიშვილმა აღნიშნა, რომ ახალ კანონპროექტში გათვალისწინებულია ის არგუმენტები, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოიყვანა.

„სასამართლომ განმარტა, რომ შეზღუდვის არსებობა დასაშვებია გარკვეული ტიპის დაწესებულებებთან, სადაც მომატებული საფრთხეები არსებობს. მაგალითად, პოლიცია, სასამართლო თუ სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები. თუმცა, ზოგ დაწესებულებებთან, ამგვარი უპირობო და საყოველთაო შეზღუდვის დაწესება არასწორი იქნებოდა”, – განმარტა თაქთაქიშვილმა.

მისი თქმით, ახალ დოკუმენტში გამიჯნულია მანიფესტაციებზე  შეზღუდვები ცალკეული ტიპის სახელმწიფო დაწესებულებებთან. „პოლიტიკური შინაარსის დაწესებულებებთან დაკავშირებით” უპირობო შეზღუდვა მოიხსნა.

დეპუტატის თქმით, დოკუმენტში შემოდის ახალი დებულება, რომელიც დამკვიდრებულია  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკით და „პროპორციულობის ტესტს” გულისხმობს: „ეს ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული და გათვლილი რომელიმე სიკეთის დაცვაზე. ამა თუ იმ დაწესებულების ხელმძღვანელობამ კარგად უნდა აწონ-დაწონოს, თუ რა მინიმალური შეზღუდვა უნდა დააწესოს, რომ დაწესებულებამ შეუფერხებლად იმუშაოს”.

თაქთაქიშვილის თქმით, ეს დებულება გასულ წელს ვენეციის კომისიას წარედგინა და დადებითი შეფასება მიიღო. კომისია მიესალმა პოლიტიკური შინაარსის დაწესებულებებთან მანიფესტაციებზე უპირობო შეზღუდვის გაუქმებას.  

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამგვარი შეზღუდვის მოხსნას, სასამართლოს შენობებთანაც მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით პოზიციები კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვამდე უნდა შეჯერდეს.
ჩიორა თაქთაქიშვილს განმარტებით, 15-წუთიან ვადაში ორგანიზატორი ვალდებულია, არა კანონდარღვევა აღმოფხვრას, არამედ „დაიწყოს პირველადი მოქმედებები კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. შესაბამისად, აქციას არ დაშლიან, თუ სამართალდამცავები დაინახავენ, რომ ორგანიზატორი საჭირო ზომებს იღებს”.

რაც შეეხება ბალანსის დაცვას მანიფესტაციის მონაწილეთა და სხვა მოქალაქეთა უფლებებს შორის, დეპუტატის თქმით, ეს დებულება ვენეცის კომისიის მიერ, 2010 წლის ივნისში დამტკიცებული „შეკრებების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპებიდან” არის აღებული. ახალი კანონპროექტი, წინა კანონთან შედარებით, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობის მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას გულისხმობს. უქმდება უპირობო შეზღუდვა ადმინისტრაციულ შენობებთან. ახალი პროექტის თანახმად, წინა კანონისგან განსხვავებით, მოწოდებები ხელისუფლების ძალით დამხობისკენ და ა.შ., აქციის შეწყვეტის საფუძველი იმ შემთხვევაში გახდება, თუ სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის „მყისიერი საფრთხე” არსებობს.

გარდა ამისა, ძველი კანონისგან განსხვავებით, ხელისუფლების ორგანოებს, არასაკმარისი რაოდენობის ხალხის მიერ გზის გადაკეტვის შემთხვევაში, შეუძლიათ იმსჯელონ და გადაწყვეტილება საფრთხის პროპორციულობის წესიდან გამომდინარე მიიღონ.
ძველი კანონმდებლობით, აქციის მონაწილეთა მიერ კანონდარღვევის ჩადენაზე პასუხისმგებლობა, ნებისმიერ შემთხვევაში, მანიფესტაციის ორგანიზატორს ეკისრებოდა. ახლა, ორგანიზატორი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაისჯება, თუ არ მიიღებს „ყველა გონივრულ ზომას” კანონდარღვევის აღსაკვეთად.

კომენტარები