წინანდალი — ღვინის კლუბის დეგუსტაცია

რამდენიმე დღის წინ ღვინის კლუბში მორიგი დეგუსტაცია ჩავატარეთ. ამჯერად, ჩვენი ყურადღება ქართული ღვინის ბაზრის ყველაზე აქტიურ დასახელებას, წინანდალს დავუთმეთ, რომელიც ამავე დროს, ყველაზე პოპულარული თეთრი მშრალი ღვინოცაა. დეგუსტაციას რესტორანმა დაინინგ რუმ უმასპინძლა, სადაც წინა დღით წინანდლის 16 სხვადასხვა ნიმუში მივიტანეთ ჩასაციებლად. სამწუხაროდ, ბევრ წინანდალს ჩაციებამაც არ უშველა და დეგუსტაციამ ცხადად გვაჩვენა ის პრობლემები, რომელიც დღეს ქართულ მეღვინეობას უდგას.

წინანდლების დეგუსტაციას ყოველწლიურად ვატარებთ ხოლმე მე და ჩემი მეგობრები და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს სიტუაცია აშკარად უარესობისკენ იცვლება. განსხვავებით 2006-2007 წლებისგან, რომელიც ღვინის მოყვარულებს წინანდლების ბუმად დაგვამახსოვრდა. 2-3 კომპანიის გარდა დღეს აღარავინ ასხამს ახალ წინანდლებს, ბაზარი გაჯერებულია 2005 წლის და უფრო ძველი ღვინით, რომელიც ხშირად დაავადებულია. უნდა ითქვას, რომ წლევანდელ დეგუსტაციაზე 2009 წლის მხოლოდ ერთი წინანდალი იყო, თბილღვინოსი, 2008 წლის წინანდლები კი მხოლოდ ბადაგონს, თელიანი ველსა და თელავის მარანს ჰქონდა წარმოდგენილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ კომპანიების გარდა, ამ ეტაპზე სხვებს ნაკლებად ადარდებთ წინანდალი, ზოგ შემთხვევაში კი, შესაძლოა, სულაც ძველი ეტიკეტებით უშვებენ ახალ ღვინოს. 

შეგახსენებთ, რომ წინანდალი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი, მშრალი ღვინოა. იგი მზადდება რქაწითელისა და მწვანე კახურის ყურძნის შერევით. ყველაზე გავრცელებული 85%-15%-იანი შეხამებაა, თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც გაცილებით დიდი რაოდენობით მწვანეს უმატებენ ღვინოს.

წინანდლებში დღესდღეობით ორი ძირითადი მიმართულება ჭარბობს, მუხაში დავარგებული წინანდლები და უმუხო, შედარებით ხალასი წინანდლები. მოთხოვნილება ორივე ღვინოზეა, თუმცა საბოლოოდ ალბათ მაინც კარგად უნდა გაირკვეს, რომელი უფრო ტიპურია, მუხაში დავარგებული წინანდალი თუ უმუხო. ანდა ორივე მიმართულებას უნდა მიეცეს განვითარების საშუალება და ასეთი მაგალითები არაერთი გვაქვს მსოფლიო მეღვინეობაში.

რაც მთავარია, თანამედროვე წინანდლებმა დაძლიეს ძველი, საბჭოთა, დაჟანგული წინანდლის სტილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა. 16 ნიმუშიდან მხოლოდ 4-5 შეგვიძლია დავასახელოთ, როგორც წინანდალი. რამდენიმე ნიმუში სულაც დაავადებული იყო. დანარჩენები თითქოს სტანდარტს შეესაბამებოდა, მაგრამ წინანდლისგან მეტს ველით ქართული ღვინის მოყვარულები. ზოგადად, წინანდალი ნაზი ღვინოა და მევენახისა და მეღვინის პროფესიონალიზმის გარდა, მის ხარისხს დიდწილად განსაზღვრავს შენახვის პირობები – როგორც თავად კომპანიების საწყობებში, ისე მაღაზიებში. როგორც ჩანს, წინანდალი დღეს არცთუ ისე კარგ პირობებში ინახება. ამიტომ მომხმარებელმა ეტიკეტზე ყურადღება უნდა მიაქციოს არა იმდენად მოსავლის წელს, რამდენადაც ჩამოსხმის თარიღს (რომელიც კონტრეტიკეტზე აწერია, წვრილი შრიფტით). 2009 წელზე ადრე ჩამოსხმული წინანდლის შეძენა, ჩემი აზრით, სარისკოა. ეს სამწუხარო რეალობაა.

დეგუსტაცია ოცბალიანი შკალით (3 – ფერი, 7 - სურნელი, 10 – გემო) ფარულად ჩატარდა, ცხადდებოდა მხოლოდ მოსავლის წლები, რათა კლუბის წევრებს ახალი და დავარგებული ღვინოებისთვის დამახასიათებელი თვისებები შეეფასებინათ. ბოთლები მხოლოდ დეგუსტაციის დასრულებისა და ქულების დაჯამების შემდეგ გაიხსნა.  

კომენტარები