ამიერიდან წყალი – თვლით

 თბილისში, ივნისიდან  წყლის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაიწყო. საპილოტე პროექტის ფარგლებში, ისანი-სამგორის რაიონის, მეტრომშენის დასახლებაში, ორასი მრიცხველი დაამონტაჟეს. მრიცხველები ათვლას ივლისიდან დაიწყებენ. ერთი თვის შემდეგ, ეს აბონენტები ფიქსირებული გადასახადის (3,15 ლარი ერთ სულზე) ნაცვლად, მოხმარებული წყლის რაოდენობის მიხედვით გადაიხდიან. ერთი კუბური მეტრი წყლის (ერთი ტონა) ღირებულება 26,6 თეთრია. თავდაპირველად კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, მრიცხველებს კერძო სახლების აბონენტებს დაუმონტაჟებს. 2011 წლის ბოლოსთვის, წყლის მრიცხველი, დაახლოებით 50 ათას კერძო სახლში იქნება. შემდგომში  ეს სიახლე კორპუსის მცხოვრებლებსაც შეეხებათ.

გამრიცხველიანების მომხრეებს საზღვარგარეთის მაგალითი მოჰყავთ. აბონენტი, რომელსაც დამონტაჟებული აქვს მრიცხველი, საკუთარ ბიუჯეტს უფრო მეტად უფრთხილდება და ზოგავს. შესაბამისად, ის სასმელ წყალსაც ეკონომიურად ხარჯავს. 

თბილისის მერის, გიგი უგულავას თქმით, წყალი საკანალიზაციო არხებში ღამითაც უწყვეტად მიედინება, მაშინ როცა, წესით, ყველას სძინავს. ამის მიზეზი რესურსის დაუდევრად მოხმარებაა, რასაც დაზიანებული სანიტარული ტექნიკაც ემატება. მოშვებული ონკანი საათში  600 ლიტრამდე წყალს ღვრის. გაუმართავი, მწვეთავი ონკანიდან დღე-ღამეში საშუალოდ 150 ლიტრი წყალი, უნიტაზის მოუწყობელი ავზის გამო კი – საათში 600 ლიტრამდე იკარგება. 

შედეგად, თბილისის მომხმარებელთა საშუალო დანახარჯი, ევროპის ქვეყნების მაჩვენებელზე გაცილებით მაღალი, თითქმის გაორმაგებულია. იქ, სადაც გაუმართავი ინფრასტრუქტურაა და, შესაბამისად, დანახარჯიც მეტია, ერთი ადამიანი დღე-ღამეში, საშუალოდ 450 ლიტრ წყალს მოიხმარს, თბილისში კი საშუალო მაჩვენებელი 850 ლიტრია. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორის, იორგ მათისის თქმით, ეს კომპანიასაც და მოსახლეობასაც აზარალებს: „წყალსადენის სისტემები გამართულად ვერ ფუნქციონირებს, რის გამოც დედაქალაქის წყლით უწყვეტად მომარაგება შეუძლებელია”. გამრიცხველიანება, მისი აზრით, ირაციონალური ხარჯვის აღმოფხვრის ერთადერთი გზაა. 

გამრიცხველიანებული აბონენტი იმდენ თანხას იხდის, რამდენ წყალსაც ერთი თვის განმავლობაში მოიხმარს. შესაბამისად, მას გადასახადის კონტროლიც შეუძლია. ამჟამად, ოთხსულიანი ოჯახი, ფიქსირებული სულადობრივი გადასახადით, ყოველთვიურად 12,6 ლარს იხდის. მრიცხველის დამონტაჟების შემდეგ, თუკი წყალს რაციონალურად მოიხმარს, ვთქვათ, დღე-ღამეში 150 ლიტრს ერთ სულზე, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანაში ხდება, ყოველთვიურად 12,6 ლარის ნაცვლად, 4,80 ლარის გადახდა მოუწევს. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროპულ ქვეყნებში, მოსახლეობა სასმელ წყალში ფულს დამატებით იხდის. მოხმარების საშუალო მაჩვენებლის 850 ლიტრიდან 150 ლიტრამდე შემცირება ნაკლებად რეალისტურად ჟღერს. თუმცა დანახარჯის თუნდაც განახევრება, ფიქსირებულ ფასთან შედარებით მნიშვნელოვან განსხვავებას არ გამოიწვევს. ამას გარდა, გადახდის ეს მეთოდი მოსახერხებელია მათთვის, ვისაც ბინა დაკეტილი აქვს, ან თბილისს რამდენიმე თვით ტოვებს. ამ შემთხვევაში აბონენტი ფულს საერთოდ არ იხდის.

სამაგიეროდ, მრიცხველში ფულის გადახდა ყველას მოუწევს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2010 წლის #18 დადგენილებით, თითოეულმა აბონენტმა, ამისთვის 100 ლარი უნდა გადაიხადოს. როგორც მათისი ამბობს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს თითოეული აბონენტის გამრიცხველიანება ამ თანხაზე გაცილებით მეტი უჯდება. მაგრამ „გამრიცხველიანების შემდეგ თბილისის მოსახლეობას წყალმომარაგების არსებული ტარიფი შეუნარჩუნდება”. როგორც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში ამბობენ, გამრიცხველიანების თანხას, პირველ ეტაპზე, კომპანია თავად გაიღებს, აბონენტი კი მის დაფარვას მრიცხველის დამონტაჟებიდან ექვსი თვის შემდეგ დაიწყებს. თანხა  24 თვეზე გადანაწილდება (თვეში დაახლოებით 4 ლარი), რასაც მიმდინარე გადასახადთან ერთად დაფარავს. ამას გარდა, ადამიანებს მოუწევთ, საკუთარი ხარჯებით შეაკეთონ ყველა ის სველი წერტილი, რომელიც უშუალოდ მათ სახლშია დაზიანებული და დამატებით ხარჯებს მოუტანთ.

ტაბულას კითხვაზე, თუ როდის და რა პირობებში ჩატარდა მრიცხველების შესყიდვის ტენდერი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში განაცხადეს, რომ „კონკურსის საფუძველზე შეირჩა ევროპელი მიმწოდებლები”. შერჩევის კრიტერიუმი კი მრიცხველების ხარისხი, მეტროლოგიის მოთხოვნათა დაკმაყოფილება, მაგნიტური ზემოქმედების მიმართ მდგრადობა და მისაღები ფასი იყო. ტენდერის დეტალებზე დაწვრილებითი ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოფიციალურ ვებგვერდზე გამრიცხველიანების თაობაზე გამოკითხვაც მიმდინარეობს. აბონენტებს შეუძლიათ, მოიწონონ ან არ მოიწონონ ეს პროექტი. ამ დროისთვის საკუთარი აზრი 5246 მოქალაქემ გამოთქვა. შედეგების მიხედვით, გამრიცხველიანება არ სურს 60.9%-ს, 34.7%-ს უნდა, 4.4%-მა კი ჯერ ვერ გადაწყვიტა. ეს გასაკვირი არც არის – მომხმარებელთა უმრავლესობას ნაკლებ სიამოვნებს მრიცხველის ყურება, როდესაც ონკანი მოშვებულია, ან სარეცხი მანქანა აქვს ჩართული.

მიუხედავად აბონენტის სურვილისა, ფაქტია, რომ ინდივიდუალური გამრიცხველიანების შესახებ დადგენილება გასულ წელს შევიდა ძალაში. ის ყველასთვის სავალდებულოა და უკვე დაწყებულია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში მოქმედ წყალგამანაწილებელ კომპანიებს უფლება აქვთ, 2015 წლის იანვრამდე საქართველოში, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მქონე აბონენტებსა და უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილ მოსახლეობას, ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟონ.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა კი ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში, 2013 წლამდე უწყვეტი წყლით მთელი თბილისის მომარაგება უნდა უზრუნველყოს (საქართველოს პრეზიდენტის #702 განკარგულება). ახალი ადმინისტრაციული საზღვრების ჩათვლით კი, მიწოდება შეუფერხებლად  2015 წლისთვის უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე სასმელი წყალი დედაქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს ჯერ კიდევ გრაფიკით აქვს. ამის მიზეზად კომპანია თბილისის რთულ რელიეფს, სასმელი წყლის ირაციონალური მოხმარების ძალიან მაღალ მაჩვენებელს, წყალმომარაგების სისტემასა და მოსახლეობის კუთვნილ ქსელებში დიდ დანაკარგებს ასახელებს. 

კომენტარები