ევრომეტოქეები გაირკვა

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში 2011-12 წლების ევროპის საკლუბო ტურნირების პირველი და მეორე შესარჩევი ეტაპების წილისყრა შედგა. საქართველოს ჩემპიონი ზესტაფონი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვას უძლიერეს გუნდ დაჩიას დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრას ქართული კლუბი 12 ან 13 ივლისს უმასპინძლებს, საპასუხო მატჩი კი 19 ან 20 ივლისს შედგება.

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამოს მეტოქე მოლდოვას მილსამი იქნება - პირველი შეხვედრა თბილისში შედგება, საპასუხო კი მოლდოვაში. რუსთავის მეტალურგი პირველ მატჩს სომხეთის ბანანცთან სტუმრად, ერევანში გამართავს, ერთ კვირაში კი მეტოქეს უმასპინძლებს. პირველი შეხვედრები 30 ივნისს შედგება, საპასუხო - 7 ივლისს.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს საქართველოს თასის მფლობელი გაგრა. მისი მეტოქე კვიპროსის ანორთოსისი იქნება. გაგრა პირველ შეხვედრაში მეტოქეს უმასპინძლებს, შემდეგ კი ფამაგუსტაში ითამაშებს.

იმ შემთხვევაში თუ დინამო პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევს, უელსის ლანელისთან მოუწევს პაექრობა. პირველი შეხვედრა ბრიტანეთში შედგება, საპასუხო - თბილისში.

რაც შეეხება რუსთავის მეტალურგს, ბანანცთან გამარჯვების შემთხვევაში, კლუბი პოლონეთის იაგიელონიას და ყაზახეთის ირტიშს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება,

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 14 და 21 ივლისს შედგება.

კომენტარები