თქვენ იცნობთ ალოის ლუეფს?

  სანგრიით ხელში, თეთრ კოსტიუმსა და ნარინჯისფერ, პალმებიან პერანგში გამოწყობილი, სარკისებრი სათვალითა და ჩალის ცილინდრით – ჩემი რესპონდენტი ევროპელზე მეტად ჰავაის კუნძულების ბინადარს მოგაგონებთ. ის იმდენად ამოვარდნილია ქალაქის საერთო ესთეტიკიდან, რომ ინტერვიუსას, ვენური კაფეს ტერასაზე თითქმის ყველა გამვლელის ყურადღებას იპყრობს.  

ცოტამ თუ იცის, რომ ეს 64 წლის ავსტრიელი ალოის ლუეფი – იგივე ლუი ოსტინია. დიახ, სწორედ ის ოსტინი, რომლის ჰიტი Hoping თბილისში საკმაო პოპულარობით სარგებლობდა და სხვა თუ არაფერი, ზაფხულში ფონადაც გასდევდა ხოლმე საცობებს. არადა, საკლუბო მუსიკის ჟანრში მიღწეული მსოფლიო წარმატების მიუხედავად, ვენაში კვლავ ბარის მომღერლის კარიერას აგრძელებს: ყოველ შაბათს, სასტუმრო მერიოტში, გასული საუკუნის 50-60-იანი წლების საესტრადო ჰიტებს ასრულებს და მის საღამოზე მოსახვედრად, მაგიდის წინასწარი დაჯავშნაც კი არ არის საჭირო. თითქმის 30-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, მშობლიურ ქალაქში ცხოვრებაც სწორედ ამით ხიბლავს – „ვენა სამუშაოდ და საცხოვრებლად მსოფლიოს ყველაზე მშვიდი ქალაქია”. ოსტინი, პირად ცხოვრებაზე კითხვებს ღიმილით გაურბის და საუბარი უფრო პროფესიული ბიოგრაფიის ჭრილში მიჰყავს. მიყვება სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში გატარებული წლებისა და მშობლიურ ავსტრიაში დაბრუნების შესახებ, ახალ პროექტებსა თუ დასავლეთ ევროპაში დაგეგმილ ტურნეზე. თითქმის 1-საათიანი ინტერვიუს შემდეგ კი, მეგობარ გოგონასთან შესახვედრად მიდის და უახლოეს მომავალში საქართველოში სტუმრობის იმედს გამოთქვამს. 

როგორ იქცა ალოის ლუეფი ლუი ოსტინად?

ავსტრალიაში იყო, როდესაც იქაური მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენელი გაიცნო. პირველივე შეხვედრისას უთხრა: ალოის ლუეფი ვერასოდეს გახდება ვარსკვლავი; ფსევდონიმი გჭირდება. AUSTEN ავსტრალიისა და ავსტრიის შემოკლებაა, ალოისი კი, მარტივად, ლუიდ იქცა.

 „ყველგან მუსიკის კეთებას ვცდილობდი. აფრიკაში ეს წარმოუდგენელი აღმოჩნდა – ჩემს იქ ყოფნის პერიოდს დაძაბული პოლიტიკური ვითარება დაემთხვა. საერთოდაც, სამხრეთ აფრიკა საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყანა ნამდვილად არ არის. ავსტრალია კი სულ სხვაა: კარგი ხალხი, ბუნება, სერფინგი... შემდეგ გაჩნდა შტატებში გამგზავრების შესაძლებლობა: თავიდან უფრო მოყვარულის სტატუსით ჩავედი და 7 არაჩვეულებრივ შავკანიან მუსიკოსთან ერთად მოვხვდი. ისინი ჩემს კერპებად იქცნენ; ბევრად უფროსები იყვნენ – ყველაზე ახალგაზრდა 56 წლის იყო, ყველაზე მოხუცი კი – 86. არცთუ ისე დიდი ფული ჰქონდათ, მაგრამ იცოდნენ კარგი მეგობრობა და უყვარდათ თავისი საქმე.   თავისუფლება და ბედნიერება ჰქონდათ. ჩემი თავი მათ ამპლუაში ადვილად წარმომედგინა”. 

80-იანებში ავსტრიაში დაბრუნდა. იმდროინდელ ამერიკელ მეუღლესთან ერთად, როგორც თავად ამბობს, “მშობლებისა და მეგობრების მოსანახულებლად”. დარჩენა გეგმებში არ შედიოდა, უბრალოდ, ისე მოხდა, რომ „ერთი-ორი” კარგი სამსახური შესთავაზეს და... ამას მოჰყვა ჰილტონში ერთწლიანი ხელშეკრულება. მერე, როგორც ხდება ხოლმე – „არ ვიცი როგორ, მაგრამ დღემდე აქ ვარ!”.
 
მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი თქვენს სიმღერებს კლუბებსა და ავტომანქანებში უსმენს; ვენაში კი შაბათობით, ადგილის წინასწარი დაჯავშნის გარეშე, თქვენს კონცერტზე მოხვედრაა შესაძლებელი. ძალიან სასიამოვნო შანსია, თუმცა გასაკვირი – სამშობლოში ნაკლებად პოპულარული ხართ? 
 
მერიოტში ჩემი ჩვეული რეპერტუარისგან განსხვავებულ სტილში ვმღერი – ფრენკ სინატრას, დინ მარტინისა და სხვათა სიმღერებს ვასრულებ. ეს ჟანრი უფრო ასაკოვან მსმენელზეა გათვლილი, ალბათ მიზეზიც სწორედ ესაა. თუმცა ტურისტულ სეზონზე ფოიე მუდამ სავსეა. 
 
როგორია ექსპერიმენტალისტი ესტრადის მომღერლისთვის დასავლეთ სამყაროს ყველაზე კონსერვატიულ მეტროპოლისში ცხოვრება?
 
 ვენა დასაფუძნებლად საუკეთესო ადგილია. 200 წლის მანძილზე, მრავალეროვანი იმპერიის დედაქალაქი გახლდათ, რამაც ვენის დანარჩენი ავსტრიისაგან განსხვავებული, მულტინაციონალური კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. მესმის, რომ ახალგაზრდა რევოლუციონერისთვის აქ დარჩენა რთულია – თავის დროზე მეც იგივე დამემართა – გავიქეცი. თუმცა მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ, ვაღიარებ, რომ სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით, უამრავი რამ დადებითად შეიცვალა.
 
რამდენად არიან დაინტერესებული თქვენი შვილები მუსიკალური ინდუსტრიით?

მათთან კონტაქტი არ მაქვს. შტატებში ცხოვრობენ. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ მათ შესახებ, სამწუხაროდ, არაფერი ვიცი. 

თქვენ ექსპერიმენტული მუსიკისა და საესტრადო ჟანრის სინთეზს ქმნით. რამდენად სმენადია თქვენი რეპერტუარი უფროს თაობაში?
 
ჩემი ასაკის კოლეგები ამას რადიკალურად უარყოფენ. ისინი კლასიკურ ჟანრებს აღიარებენ. მაგრამ მე სწორედ განსხვავებული და ერთი შეხედვით, ურთიერთსაწინააღმდეგო ელემენტების შერწყმა მიზიდავს. ქალი და მამაკაციც განსხვავებულნი არიან და სწორედ ეს ხდის მათს ურთიერთობას საინტერესოს. რთულია, მაგრამ ვინ თქვა, რომ რთული არ შეიძლება იყოს საინტერესო?! თავიდან ძალიან მიჭირდა DJ-ებთან მუშაობა, მუსიკაზე საუბარი – მათ ხომ ნოტებიც კი არ იციან. მაგრამ პარალელი მხატვრობასთან რომ გავავლო – ჩემთვის კანდინსკი ან მირო ბრეიგელზე უფრო საინტერესოა. ისინი „არასწორად” ხატავენ და მათს შემოქმედებაში მიმზიდველიც სწორედ ესაა. ვუყურებ და ვგრძნობ მათ ნახატს. ამიტომაც, მუდამ ვუსმენ მუსიკაში „გაუთვითცნობიერებელ” ადამიანებს, მერე რა, რომ ნოტები არ იციან – აფრიკელ ტამტამისტს ნოტები თვალით არ უნახავს, მაგრამ რიტმს ნებისმიერ ჩვენგანზე უკეთ გრძნობს. 
 
და ბოლოს, როგორ გაიხსენებდით თქვენს სტუმრობას საქართველოში?
 
აღფრთოვანებული დავრჩი სტუმართმოყვარეობითა და ჩემს თაყვანისმცემელთა სიმრავლით. მოვიხიბლე თქვენი სამხრეთული ტემპერამენტით. შავ ზღვაზეც ვიყავი, ულამაზეს ქალაქ ბათუმში. აღფრთოვანებული ვარ იქაური ბუნებითა და არქიტექტურით. თანაც, ჩემი ასაკის ადამიანები, როგორც წესი, ძალიან მოსაწყენი არიან; ამიტომაც ახალგაზრდებთან კონტაქტს ვამჯობინებ, ჩემს კონცერტებზე კი იმდენი ახალგაზრდა მოვიდა – გაოგნებული დავრჩი. საქართველოსთან მხოლოდ საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს და ამ ქვეყანაში მუდამ სიამოვნებით დავბრუნდები.

თქვენთან ყოველწლიურად ჩამოვიდოდი; არ ვიცი, რატომ არ მეპატიჟებიან?!

კომენტარები