პერუ

პერუ პრეზიდენტად ყოფილ მეამბოხეს ირჩევს

პერუს ახლად არჩეული პრეზიდენტი ოლანტა უმალა
REUTERS

 პერუში ფინანსური პანიკაა. ამგვარი სიტუაცია, 5 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ლიდერის, ოლანტა უმალას გამარჯვებამ გამოიწვია.
 

 5 ივნისს, ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაძაბული არჩევნების მეორე ტური გაიმართა. გამარჯვება ყოფილმა სამხედრომ და მემარცხენე ნაციონალისტმა, 48 წლის ოლანტა უმალამ მოიპოვა. მან ხმების 51% დააგროვა და მთავარი კონკურენტი, 36 წლის მემარჯვენე კეიკო ფუხიმორი, ყოფილი პრეზიდენტის, ალბერტო ფუხიმორის ქალიშვილი დაამარცხა. 
 
ინვესტორები შეშფოთებულნი არიან – უმალა ექსპორტის შემცირებით და სოციალური ხარჯებისა და გადასახადების გაზრდით აპირებს სიღარიბესთან ბრძოლას. მათი აზრით, ეს ეკონომიკის დესტაბილიზაციას გამოიწვევს და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს. 
 
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უმალამ დაიფიცა, რომ სოციალურ რეფორმებს განახორციელებს. ამით ის ღარიბების დახმარებასა და, ამავდროულად, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას აპირებს. ახალი პრეზიდენტის განცხადებით, ის ქვეყნის ეკონომიკურ სიმდიდრეს თანაბრად გადაანაწილებს. 
 
უმალა ამჟამად ცდილობს, გაემიჯნოს თავის რადიკალურ პოლიტიკურ წარსულს და თავი უფრო მეტად ზომიერ პოლიტიკოსად წარმოადგინოს.
უმალას გეგმაში შედის სამთო სამრეწველო ბიზნესისთვის მოგების გადასახადების გაზრდა და გაზის ექსპორტის შემცირება, რამაც ადგილობრივ ბაზარზე ხელოვნურად დაბალი ფასები უნდა განაპირობოს. სამთო სამრეწველო ბიზნესს ქვეყნის ექსპორტის ნახევარზე მეტი უჭირავს. სამთო კომპანიების მიერ გადახდილი გადასახადები კი ბიუჯეტის 10%-ს შეადგენს.
უმალას გეგმებში ბუნებრივი რესურსების ექსპორტზე სახელმწიფო კონტროლის დაწესებაც შედის. პერუს, ძირითადად, ექსპორტზე ბუნებრივი აირი, ნავთობი, ოქრო, ვერცხლი, სპილენძი და სხვა მეტალები გააქვს. მისი მთავარი სავაჭრო პარტნიორები აშშ, ჩილე, ბრაზილია და ჩინეთი არიან. ქვეყანას აშშ-სთან ვაჭრობის ორმხრივი ხელშეკრულება აქვს. უმალამ განაცხადა, რომ მიუხედავად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებისადმი პატივისცემისა, პირველ ადგილზე ყოველთვის პერუელი ხალხის ინტერესებს დააყენებს.
ოლანტა უმალამ, საარჩევნო კამპანიის დროს, ბიბლიაზე დაიფიცა, რომ დემოკრატიული მმართველი იქნება და მისი პრეზიდენტობის დროს პერუს ეკონომიკა ზრდის ტემპს შეინარჩუნებს. უმალას მრჩევლები არწმუნებენ ინვესტორებს, რომ უმალა ფრთხილ ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს, ცენტრალური ბანკის საქმიანობაში არ ჩაერევა და პატივს სცემს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს. მაგრამ ბევრი ინვესტორი არ ენდობა მემარცხენე პრეზიდენტს. მათ მიაჩნიათ, რომ პერუს ახალი ხელისუფლება შეეცდება, რაც შეიძლება დიდი შემოსავალი მიიღოს მოგების გადასახადების გაზრდით. 
უმალას წარმატების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ  სოციალისტური საარჩევნო პროგრამა გახდა. მისი მეშვეობით, მომავალმა პრეზიდენტმა, ღარიბი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. 
მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკური რეცესიისა, უკანასკნელ წლებში პერუს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7%-ზე მეტი შეადგინა, სიღარიბე კი
50%-დან 34%-მდე შემცირდა. ეს ყველაფერი სწორი მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომელიც ალბერტო ფუხიმორიმ და შემდგომში ალან გარსიამ განახორციელეს. ამის მიუხედავად, პერუელთა თითქმის 34% კვლავ სიღარიბეში, ხოლო 8% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. 
 
წინა საარჩევნო კამპანიაში უმალა ამომრჩეველს ჯანდაცვის რეფორმების გატარებას, ღარიბი ფენისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, გარანტირებულ პენსიებს და სოციალური ხარჯების გაზრდას დაჰპირდა. სოციალური პროგრამები კი, რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის გადასახადების გაზრდით მიღებული ფულით დაფინანსდება. 
უმალას გამარჯვება გარკვეულწილად კეიკო ფუხიმორის არაპოპულარობამაც განაპირობა. საბაზრო ეკონომიკაზე მემარჯვენე შეხედულებებით კეიკომ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერა მოიპოვა. თუმცა ხალხში მისი არაპოპულარობის მიზეზი მამა და პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორია. ამ უკანასკნელს, ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, 25-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. კეიკომ საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ალბერტო ფუხიმორის ამნისტია შეეხებოდა, რამაც საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. 
უმცროსი ფუხიმორის მსგავსად, არც ოლანტა უმალას აქვს სუფთა წარსული. პერუელმა ნობელის პრემიის ლაურეატმა, მარიო ვარგას ლიოსამ 5 ივნისის არჩევნები კეიკო ფუხიმორისა და ოლანტა უმალას შორის, კიბოსა და შიდსს შორის არჩევანს შეადარა.  
 
თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა ოლანტა უმალამ 2000 წელს დაიწყო. მაშინ მან თავის ძმასთან ერთად ალბერტო ფუხიმორის წინააღმდეგ, წარუმატებელი შეიარაღებული ამბოხება მოაწყო. უფრო ადრე კი ადამიანთა უფლებების მასობრივ დარღვევაში ედებოდა ბრალი. ყოფილი სამხედრო და შეიარაღებულ ამბოხებაში მონაწილე უმალა, ამჟამად ცდილობს, გაემიჯნოს თავის რადიკალურ პოლიტიკურ წარსულს და თავი უფრო მეტად ზომიერ პოლიტიკოსად წარმოადგინოს. 
ის 2006 წლის არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა მაშინ გამარჯვებაში ხელი ვენესუელის პრეზიდენტთან, უგო ჩავესთან სიახლოვემ შეუშალა. ის უმალას საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ეხმარებოდა, რის გამოც კანდიდატმა საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა დაიმსახურა. მოსახლეობამ უარყოფითად მიიღო ის ფაქტიც, რომ გამარჯვების შემთხვევაში უმალა ვენესუელის სოციალისტური მოდელის ზუსტად გადმოტანას აპირებდა პერუში. ლათინური ამერიკის ქვეყანაში რადიკალური მემარცხენეს გამარჯვება შესაძლოა, ქართული დიპლომატიისათვის ახალ გამოწვევად იქცეს: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა” სწორედ ამ რეგიონის და სწორედ ასეთი იდეოლოგიის მიმდევრებმა აღიარეს. 
ახლანდელ არჩევნებში, ოლანტამ ძველი გამოცდილება გაითვალისწინა და იმიჯი შეიცვალა. საარჩევნო კამპანიის დროს მან აღიარა, რომ ვენესუელის სოციალისტური მოდელი პერუში ვერ იმუშავებდა. უმალა გაემიჯნა უგო ჩავესს და პერუსთვის მისაღებ ეკონომიკურ მოდელად, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ლულას ეკონომიკური პოლიტიკა შეარჩია. ეს უკანასკნელი, ერთი მხრივ, არ უარყოფს საბაზრო ეკონომიკას, მაგრამ მეორე მხრივ – სოციალური პროგრამებისა და რეფორმების მომხრეა.  
 

კომენტარები