რაგბი: სამოა ჩემპიონია, საქართველო - მესამე

თბილისური 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ალაფის კულმინაცია სამოასა და იაპონიის ნაკრებების ფინალური შეხვედრა გახდა. ტურნირის ორმა ყველაზე გამორჩეულმა გუნდმა, ავჭალის სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს საოცარი და დრამატული სანახაობა აჩუქეს. შეჯიბრების გამარჯვებული სამოას ნაკრები გახდა, რომელმაც მოწინააღმდეგე ბოლო წუთზე დაალელოვა  და საბოლოოდ სწორედ ამის წყალობით გაიმარჯვა 31:24. ამ მოგებით სამოელებმა ალაფასთან ერთად 20-წლამდელთა ელიტარულ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვეს.

საერთოდ, წლევანდელმა თბილისურმა ტურნირმა კარგად ჩაიარა. ყველა კმაყოფილი დარჩა - მონაწილეები, ორგანიზატორები და რაც მთავარია, მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანოც. ეს კი უკვე სამომავლოდ უფრო სერიოზული ტურნირების მასპინძლობის წინაპირობა უნდა გახდეს. IRB-ს ხელმძღვანელების შეფასებით, ჯერ არსად არცერთი მსგავსი შეჯიბრება არ ყოფილა ასე კარგად ორგანიზებული.

ჩემპიონის შესახებ უკვე ვთქვით - სამოას ნაკრები. მეორეზე იაპონელები გავიდნენ. მესამე ადგილისათვის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი დაამარცხა 20:15. მეხუთე ადგილისათვის ერთმანეთს კანადელები და რუსები დაუპირისპირდნენ. სლავებმა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხეს და საბოლოოდ დიდი ანგარიშით  24:49 წააგეს. ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების გამარჯვებით 30:29 დასრულდა მეშვიდე ადგილისათვის გამართული შეხვედრა. ამერიკელებმა ზიმბაბველებს აჯობეს და ბოლო ადგილზე დატოვეს.

ამით დასრულდა ის ორკვირიანი სარაგბო ზეიმი, რომელიც 24 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით გრძელდებოდა. ახლა ქართველი რაგბის მოყვარულების ყურადღება რუმინეთისკენ გადაინაცვლებს, სადაც ბორჯღალოსნები IRB-ს ერთა თასზე იასპარეზებენ. ამასობაში საქართველოს ჩემპიონატიც განახლდება და გუნდები ჩემპიონობისათვის ბრძოლას  განახლებული ენერგიით გააგრძელებენ.

კომენტარები