ირანული ნაციონალიზმისა და ისლამური ფუნდამენტალიზმის გზები იყოფა

 ბოლო დროს ირანში პოლიტიკური მოვლენები ელვისებურად იცვლება. პარლამენტართა გარკვეული ჯგუფი პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს, კონსტიტუციის დაახლოებით 50-ჯერ დარღვევაში ადანაშაულებს. ისინი სპეციალურ კომისიას პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვას სთხოვენ. ეს ინფორმაცია 17 მაისს ირანულმა ტელეარხმა Press TV-მ გადმოსცა. თუმცა, დეპუტატების ნაწილმა, მიმართვა ჯერ კიდევ 28 თებერვალს გააკეთა. 
პარლამენტში გადაწყვეტილება 10 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ – შემდეგ მოხსენება სხვა კომისიაში გადამისამართდება, რომელიც საკითხს პარლამენტში განსახილველად გაიტანს. 290-წევრიანმა საკანონმდებლო ორგანომ, დადგენილი პროცედურით, მოხსენებას 3-ჯერ უნდა მისცეს ხმა. ამის შემდეგ, კონსტიტუციის 89-ე მუხლის თანახმად, იმპიჩმენტის პროცესის დაწყება შეიძლება. 

აქამდე პრეზიდენტს იმპიჩმენტის განაჩენი, ერთხელ, 1981 წელს გამოუტანეს. 2010 წლის ნოემბერში, დეპუტატებს აჰმადინეჟადის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება სურდათ. თუმცა ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ზეგავლენით, მოთხოვნა უკანვე გაიტანეს. ამჟამინდელი იმპიჩმენტის ინიციატივა კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ქვეყნის სულიერ ლიდერსა და პრეზიდენტს შორის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა. შეუძლებელია დეპუტატთა განზრახვის შესახებ ხამენეის არაფერი სცოდნოდა. 

დაძაბულობა აიათოლასა და აჰმადინეჟადს შორის გასული წლიდან დაიწყო. 2010 წლის დეკემბერში, პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოთაქი გაათავისუფლა და დაახლოებული პირი, ალი აკბარ სალეჰი დანიშნა. ამას გარდა, მიმდინარე წლის აპრილში, დაზვერვის მინისტრი ჰეიდარ მოსალეჰიც მოხსნა, რომლის გადაყენებითაც პრეზიდენტმა საკუთარ თავს მწვავე განაჩენი გამოუტანა. ორივე მინისტრი ხამენეის ახლო წრეს განეკუთვნებოდა. სულიერი ლიდერის ბრძანებით, მოსალეჰი თანამდებობაზე კვლავ აღადგინეს. აჰმადინეჟადი 11 დღე არ გამოჩენილა სამუშაო კაბინეტში, ხოლო როცა გამოცხადდა, მინისტრების დათხოვნის ახალი სერია დაიწყო. მან თანამდებობიდან სამი – ნავთობის, სოციალური უზრუნველყოფისა და მრეწველობის მინისტრები გაათავისუფლა. პრეზიდენტის განცხადებით, სამინისტროების ხელმძღვანელების გათავისუფლების გადაწყვეტილება, ქვეყნის 5-წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში მიიღეს. ის მინისტრების რიცხვის 21-დან 17-მდე შემცირებას ითვალისწინებდა. აჰმადინეჟადის საქციელს დეპუტატების მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა – „დებატები თავისუფლების ნაწილიაო”. ისლამური რევოლუციის დამფუძნებლის, აიათოლა ხომეინის ჩანაფიქრით, სახელმწიფო და რელიგიურ საქმეებში საბოლოო არბიტრი, ქვეყნის სულიერი ლიდერია. აჰმადინეჟადის ეს ნაბიჯი პირდაპირი გამოწვევაა.

2009 წლის ირანის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ხამენეი აჰმადინეჟადის ერთგულ მოკავშირედ ითვლებოდა. თუმცა ირანის პრეზიდენტის ახლანდელი ამბიციებით თუ ვიმსჯელებთ, მას ქვეყანაში სასულიერო ხელისუფლების როლის შემცირება სურს. 

აჰმადინეჟადის გუნდის წევრი, ესფანდიარ რაჰიმ მაშაეი, „ირანული” ნაციონალიზმის ხელშემწყობად განიხილება. ის სასულიერო ხელისუფლებას უთხრის ძირს. ამბობენ, რომ აჰმადინეჟადიც ამ ხედვას იზიარებს. ამას გარდა, 2012 წელს – საპარლამენტო, ხოლო 2013 წელს – საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. ნაციონალისტებისა და ფუნდამენტალისტების ბანაკები გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებიან. 

ქვეყნის პრეზიდენტსა და სულიერ ლიდერს ირანის იდენტობის შესახებაც უთანხმოება აქვთ. საქმე კულტურულ კოლიზიასთან გვაქვს. 1979 წელს,
რაც ირანის სათავეში ისლამური რეჟიმი მოვიდა, ისინი პრეისლამური წარსულის განადგურებას ცდილობენ. ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ რეგულარულად გმობენ „არაბულ ინტერვენციას”, სიამაყით იყენებენ ენას, რომელმაც არაბული ეპოქის იმპერიალიზმი გადაიტანა. ისლამური რესპუბლიკის დამაარსებელმა, აიათოლა ხომეინიმ, ტრადიციული სპარსული ზეიმები აკრძალა.

აჰმადინეჟადმა ირანული ნაციონალიზმი ხელისუფლების „ბოძად” აქცია, ის ხშირად აქებს პრეისლამური ირანის სიდიადეს. წელს პრეზიდენტმა ნავრუზი (ირანული ახალი წლის ზეიმი) დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა. აიათოლა ხამენეიმ დემონსტრაციულად უარი თქვა შეხვედროდა ნავრუზის ჩამოსულ სტუმრებს და დღესასწაულის დროს ქალაქიც კი დატოვა. 

კონსერვატორი სამღვდელოების გაღიზიანება, ლონდონის მუზეუმიდან კიროს დიდის ცილინდრის ჩამოტანამაც გამოიწვია. ისლამური რევოლუციის დროს, კიროს მეფეს „სოდომიტად” და „ებრაელ ბიჭუნად” მოიხსენიებდნენ. თავის მხრივ, აჰმადინეჟადმა, კიროს დიდის ცილინდრზე დაწერილი სიტყვები, ისტორიაში ადამიანის უფლებების პირველ დეკლარაციად გამოაცხადა. 

რა განაპირობებს აჰმადინეჟადის ირანული ნაციონალიზმის აზვირთებას? ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს მომავალი არჩევნებისათვის ერთგვარი სამზადისია. ქვეყანაში არცთუ სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობაა, ინფლაციის დონე 25%-მდე, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი 30%-მდე გაიზარდა. პარლამენტის ერთ-ერთმა გავლენიანმა წევრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ეკონომიკური მაჩვენებლების რეალურ მონაცემებს მალავს და არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

კომენტარები