სამოამ დამოუკიდებლობის დღეს რუსეთი დაამარცხა

ავჭალის სტადიონზე სამოასა და რუსეთის ნაკრების შეხვედრა პირველთა გამარჯვებით 50:14 დასრულდა. არადა პირველ ტაიმში თითქოს თანაბარი თამაში იყო და ანგარიშიც ასეთივე 18:7 კუნძულელთა სასარგებლოდ. თუმცა მეორე ტაიმში მათ მთელი სიჩქარეები ჩართეს, ძირითადი შემადგენლობის მორაგბეები შემოუშვეს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ამ თამაშის შემდეგ სამოელებმა ფინალში თამაში გაინაღდეს, რუსებს კი მეხუთე ადგილისათვის   კანადის ნაკრებთან მოუწევთ შეხვედრა. 

რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ანდრეი ჩერევიჩინის განცხადებით მისი გუნდის წაგების მთავარი მიზეზი ბევრი შეცდომები და საშინელი სიცხე იყო: „ასეთ ამინდში ჩვენთვის თამაში ძალიან ძნელია, მითუმეტეს, რომ სამოელებმა ძალიან მაღალი ტემპი შემოგვთავაზეს. რაღაც მონაკვეთი მეტნაკლებად თანაბრად ვეთამაშეთ, თუმცა შემდეგ ვეღარაფერი გამოგვივიდა, ვფიქრობ, რომ სამოელები დაუმარცხებლები ნამდვილად არ არიან, უბრალოდ უფრო მეტად თავისუფლად თამაშია საჭირო“.
 
შემდეგ პრესკონფერენციაზე სამოას ნაკრების წარმომადგენლების ჯერი დადგა. მათი მხრიდან პირველი სიტყვა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ შუსტერმა აიღო: „რთული დასაწყისი იყო ჩვენთვის, ორი ლელოს შემდეგ აგვერია თამაში და რუსებმა კარგად ითამაშეს. ჩვენ არ ველოდით მათგან ასეთი დონის თამაშს. თუმცა საბოლოოდ მაინც მოვახერხეთ დალაგება, დაცვა ავაწყვეთ და შესაბამისად თამაშიც მოვიგეთ. დღეს სამოას დამოუკიდებლობის დღეა და ეს შესაბამისად გამარჯვებისათვის მოტივაციის ნაკლებობას არ განვიცდიდით. ჩვენ შევეცდებით ფინალში შეცდომები აღარ დავუშვათ და გავიმარჯვოთ“.
 
სამოა - რუსეთი 50:14

კომენტარები