ძნელი გზა ისლამური ავტოკეფალიისაკენ

წინა კვირას, ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს შეიხულისლამმა, ალაჰშუქიურ ფაშაზადემ, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს” შექმნას „დიდი სომხეთის” გეგმა უწოდა. ფაშაზადეს თქმით, “ამ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა მიზნად მუსლიმების აზერბაიჯანისგან მოწყვეტას ისახავს”. მან საქართველოს ხელისუფლებას დასდო ბრალი.

მოგვიანებით, საქართველოში ფაშაზადეს წარმომადგენელმა, ახუნდი ალი ალიევმა განაცხადა, რომ: „ცოტა ხნის წინ საქართველოში შექმნილი მუსლიმთა კომიტეტი არასამთავრობო სტრუქტურაა და ამიტომ იმის თქმა, რომ მისი შექმნის უკან საქართველოს ხელისუფლება დგას, არ შეიძლება”.
ამიერკავკასიის ყველა მუსლიმი, კომუნისტური რეჟიმის დროს, ფაშაზადეს ექვემდებარებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ზოგიერთი თემი, მაგალითად, აჭარის ქართველ სუნიტთა სამუფთო, მას მხოლოდ ფორმალურადღა თუ ემორჩილება. თუ ქვეყანაში მუსლიმთა რეალური დამოუკიდებელი ცენტრი გაჩნდება, აზერბაიჯანში მოღვაწე ფაშაზადე, საქართველოში მცხოვრებ 400 ათასამდე აზერბაიჯანელ შიიტზე გავლენას დაკარგავს. მით უმეტეს – ისლამი, დამოუკიდებელ სახელმწიფოში ერთიანი მუსლიმური სამმართველოს შექმნისთვის, რაიმეგვარი უმაღლესი ისლამური ინსტიტუციის ნებართვის საჭიროებას არ აწესებს. ისლამში მსგავსი „კურთხევის” გარეშე, დამოუკიდებელი რელიგიური ორგანიზმის წარმოშობა, „სქიზმად” არ ითვლება. მუსლიმებისთვის მთავარი ერთიანი რწმენის ერთგულებაა. 

 სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიზანი ერთი ცენტრალური ინსტიტუციის შექმნაა, სადაც შიიტები და სუნიტები კონფესიური თავისებურებების წაშლის გარეშე გაერთიანდებიან. ორივე კონფესიამ საკუთარი ლიდერი –  შიიტებმა შეიხი, ხოლო სუნიტებმა მუფთი უნდა აირჩიონ. არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელია ორგანიზაციაში სასულიერო პირები დარეგისტრირდნენ, რომელთაგანაც საერთო კრება ჩამოყალიბდება. ეს უკანასკნელი შეიხისგან, მუფთისგან, რეგიონის წინამძღოლებისა და აღმასრულებლისგან შედგება და ორგანიზაციის უმაღლეს მმართველ ორგანოდ იქცევა. კრებებს შორის პერიოდში, სამმართველოს მუფთი უხელმძღვანელებს, თუმცა მას შიიტთა რელიგიურ საქმეებში ჩარევის უფლება არ ექნება.

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დამაარსებლებს შორის, შიიტი სახელმწიფო მოხელეებიც არიან. მაგალითად, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი აზერ სულეიმანოვი და ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე ჰუსეინ იუსუბოვი. ახალი ორგანიზაციის პრეზენტაცია დიასპორათა სამინისტრომ დააფინანსა.

 ბაქოში მოღვაწე ფაშაზადემ, ეთნიკურად აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების მიერ ორგანიზაციის დაარსების ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ „მათ ერთხელაც მოუწევთ პასუხი აგონ საკუთარი ხალხის წინაშე”. საქართველოში ბაქოელი სულიერი ლიდერის წარმომადგენლობას იურიდიული სტატუსი არ აქვს. მეჩეთები სახელმწიფოს საკუთრებაშია. შესაბამისად, ის სქიზმატ მუსლიმებს საკულტო ნაგებობათა დატოვებას ვერ აიძულებს. 
ახლად შექმნილ ორგანიზაციას მხარდაჭერას აჭარის ქართველ სუნიტთა მთავარი მუფთი, ჯემალ პაქსაძე უცხადებს. მის დაქვემდებარებაში საქართველოს 7 რაიონში მდგარი 250-ზე მეტი მეჩეთი შედის. სამუფთო აჭარაში ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღდგა, მანამდე ის უშუალოდ ფაშაზადეს ექვემდებარებოდა. დღეს სუნიტი ქართველებისთვის მთავარი მუფთი ერთგვარ უმაღლეს ადმინისტრატორს წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ რაიონის მუფთები, იმამები და ხოჯები ემორჩილებიან. მართალია, სამუფთოს აღდგენა შეთანხმებული იყო ფაშაზადეს ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოსთან, თუმცა მის წინაშე არავითარი მოვალეობები არ აუღია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უკვე სუნიტთა დამოუკიდებელი რელიგიური ინსტიტუტი არსებობს.

 ჯემალ პაქსაძემ ტიტული ორი წლის წინ მიიღო, როცა წინა მუფთი გაურკვეველი მიზეზებით გადადგა. ახალი მუფთის მიმართ ადგილობრივ იმამებსა და მუფთებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. მაგალითად, ჩვენთან საუბარში, მუფთმა, რომელმაც საკუთარი სახელის გამჟღავნება არ ისურვა, ჯემალ პაქსაძეს ბრალი ხელისუფლების უსიტყვო მორჩილებაში და ამით მუსლიმთა ინტერესების დაზარალებაში დასდო. 

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დამფუძნებელ საერო პირებს, საქართველოში მოღვაწე სუნიტური ორგანიზაციები, რომელშიც პაქსაძის დაქვემდებარებაში მყოფი სასულიერო პირებიც შედიან, უნდობლობას უცხადებენ: „ქართველ მუსლიმთა კავშირისთვის მიუღებელია ა(ა)იპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს” ჩამოყალიბების ის ფორმა, რომელიც გვაქვს სახეზე, რაც გამოიხატება აღნიშნული ორგანიზაციის დამფუძნებლების, ქართველი მუსლიმებისთვის გაურკვეველი პიროვნებებისგან დაკომპლექტებაში”. 

მუსლიმ თეოლოგთა კავშირის თავმჯდომარის, თემურ გორგაძეს თქმით, ორგანიზაციის აღმასრულებელი რესან გოგიტიძე მუსლიმი არ არის, შესაბამისად, მის მიერ დაარსებულ სამმართველოს, სულ მცირე, ამ მიზეზის გამო ვერ დაემორჩილება. ახალი ორგანიზაციის აღმასრულებელი, რესან გოგიტიძე და მთავარი მუფთი ჯემალ პაქსაძე ბრალდებას უარყოფენ. გორგაძე საქართველოში მუსლიმთა სამმართველო ცენტრის შექმნის იდეას არ ეწინააღმდეგება: „ფორმაა მიუღებელი, ეს იგივეა, საქართველოს საპატრიარქოს ავტოკეფალია, თეოლოგიაში განუსწავლელი მართლმადიდებლების მიერ შექმნილი არასამთავრობოს ბაზაზე აღდგენილიყო, ხოლო ეპისკოპოსები იქ შემდეგ გაწევრიანებულიყვნენ”.

საპირისპირო აზრზეა მთავარი მუფთი: „ეს ორგანიზაცია შეძლებს გაზარდოს მუსლიმთა ჩართულობა საქართველოს აღმშენებლობაში, გააადვილებს სახელმწიფოსთან ურთიერთობას და ადმინისტრაციულად უფრო მოქნილი იქნება”, აცხადებს ჯემალ პაქსაძე. მისი აზრით, საქართველოს მოქალაქე მუსლიმები, საზღვარგარეთიდან აღარ უნდა იმართებოდნენ. 

 საქართველოში მუსლიმთა ერთიანი სამმართველოს შექმნას, შესაძლოა, დადებითი ეფექტი ჰქონდეს. თუმცა, სანამ სახელმწიფო არ აპირებს რომელიმე ორგანიზაციას მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება გადაულოცოს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ერთ კონკურენტულ რელიგიურ ინსტიტუციად დარჩება. როგორც დავინახეთ, მუსლიმებს შორის აზრი ორად არის გაყოფილი – სუნიტთა ნაწილი ცენტრალური რელიგიური ინსტიტუტის ამ ფორმით დაარსებას ეწინააღმდეგება და ორგანიზაციაში მისი რეორგანიზაციის გარეშე შესვლას არ აპირებს. რაც შეეხება შიიტებს, უცნობია, ისურვებენ თუ არა ფაშაზადეს მიერ დაფინანსებული სასულიერო პირები, საქართველოში არსებულ მუსლიმურ სამმართველოს დაემორჩილონ. დღეს მრავალი მუსლიმი ფიქრობს, რომ სტალინის მიერ ორმოციან წლებში შექმნილი ფაშაზადეს სამმართველო, რომელსაც კომუნისტების დანიშნული სულიერი ლიდერი ხელმძღვანელობს, მათ რელიგიურ ცხოვრებას არ უნდა განაგებდეს. მეორე მხრივ, ისინი შიშობენ, რომ აჭარაში, თურქეთიდან რადიკალური, ანტისეკულარული ისლამი იმპორტირდება, რაც მუსლიმებისა თუ სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის. 
წლების წინ, საფრანგეთის სახელმწიფოც იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. შიშობდნენ, რომ ალჟირის რადიკალური ისლამი, საზღვრებს გადმოლახავდა და მის მიერ დაფინანსებულ რელიგიურ ორგანიზაციებსა და ემიგრაციაში იპოვიდა დასაყრდენს. ეჭვებს მაროკოული ემიგრაციის მიმართაც გამოთქვამდნენ. ნიკოლა სარკოზის გადაწყვეტილებით, საფრანგეთის სახელმწიფომ მუსლიმთა ნაციონალური ორგანიზაცია შექმნა, სადაც სხვადასხვა ეთნიკური და კონფესიური კუთვნილების მუსლიმები შევიდნენ. პრეზიდენტად პარიზის დიდი მეჩეთის წინამძღვარი დაინიშნა. მიიჩნეოდა, რომ ეს უკანასკნელი ისლამის ნაციონალიზებისა და შედარებით მოდერნული რელიგიის მხარდამჭერი იყო. არჩევნების ჩატარების შემდეგ გაირკვა, რომ ნაციონალურ ისლამურ ორგანიზაციაში მხარდაჭერა სწორედ მათ გამოუცხადეს, ვის გასაკონტროლებლადაც ის შეიქმნა. ერთი
ორგანიზაციის ფარგლებში, სხვადასხვა ეთნიკური და იდეოლოგიური შეხედულებების გაწევრიანებამ, შიდა დაპირისპირებები გააღრმავა. 

ახალ სამმართველოს, საკუთარ ფარგლებში კონფესიათა მშვიდობიანი ურთიერთობის უზრუნველსაყოფად, ძალისხმევის გაღება მოუწევს. მსგავს ეკუმენიზმს კი საქართველოში ალბათ მეტი პერსპექტივა აქვს. მაგალითად, ამიერკავკასიის სუნიტებისა და შიიტების უმრავლესობას კონფესიური განსხვავებების გარჩევა უჭირს. ამგვარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, საბჭოთა წარსულით არის განპირობებული. ოციოდე წლის წინ მოქმედი მეჩეთი იმდენად ცოტა იყო, რომ ხშირად სუნიტები და შიიტები ერთ საკულტო ნაგებობას იყენებდნენ და ერთმანეთის სასულიერო პირებს სთხოვდნენ რიტუალების აღსრულებას. საბჭოთა ათეიზმის ბატონობის შედეგად, აზერბაიჯანი ყველაზე საერო შიიტურ სახელმწიფოდ იქცა. თბილისის ჯუმა-მეჩეთი კი, დღემდე ორივე კონფესიისთვის იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს, სადაც მათ ერთად შეუძლიათ ლოცვის აღვლენა. 

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ”სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს” აღმასრულებელი, რესან გოგიტიძე უარყოფს  მოყვანილ ინფორმაციას მისი ორგანიზაციის პრეზენტაციის დიასპორათა სამინისტროს მიერ დაფინანსებასთან დაკავშირებით. ხოლო ბათუმის მთავარი მუფთი, ჯემალ პაქსაძე, რომელიც ამ ინფორმაციის წყაროს წარმოადგენდა, განმარტავს, რომ ვინაიდან ჯერ-ჯერობით ის არ არის ”სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს” წევრი და ჩართული არ ყოფილა ფინანსურ საქმიანობაში, შესაძლოა ინტერვიუს დროს არასწორად გადმოეცა აზრი.

კომენტარები