დღევანდელი დღის მეორე შეხვედრაში, რომელიც ავჭალის სტადიონზე გაიმართა ერთმანეთს რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
დაძაბულ შეხვედრაში, რომელიც ჯერჯერობით ყველაზე შედეგიანი თამაში გამოვიდა, გამარჯვებას რუსეთის ნაკრებმა მიაღწია. მათ მეტოქე 42:36 დაამარცხეს. ახლა მათ კიდევ ერთი შეხვედრა დარჩათ ჩასატარები, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში მათი მეტოქე სამოას ნაკრები იქნება.
მატჩის დამთავრების შემდეგ ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გუნდების წარმომადგენლებმა მიიღეს. თავდაპირველად ჟურნალისტების წინაშე აშშ-ს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და გუნდის კაპიტანი გამოცხადნენ.
სკოტ ლოურენსის, ამერიკის შეერთებული ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, მათი წაგების მთავარი მიზეზი დაცვაში სუსტი თამაში გახდა, ამას გარდა მან სხვა დეტალებზეც გაამხავილა ყურადღება: „სტატიკაში გვაჯობეს და უამრავი ჯარიმა ავიკიდეთ, ეს გახდა ჩვენი წაგების უმთავრესი მიზეზი. ამის მიუხედავად, რაღაც მომენტში დავალაგეთ თამაში და მეტოქე წნეხშიც მოვაქციეთ. თუმცა საბოლოო გამარჯვება მაინც მოწინააღმდეგეს დარჩა“.
შემდეგ კი უკვე რუსეთის ნაკრების ჯერი დადგა, ისინი მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი ჩერევიჩინმა და 8 ნომერმა, იური ვენგეროვმა წარმოადგინა.
ანდრეი ჩერევიჩინი: „ჩვენ მარტო ამ ერთი თამაშის გამო არ ჩამოვსულვართ, უბრალოდ დღეს კარგად გამოგვივიდა თამაში და გავიმარჯვეთ. ჩვენ არც სამოასთან ვაპირებთ მოედანზე წაგებისთვის გასვლას. უბრალოდ ასე გამოვიდა, რომ პირველ შეხვედრაში ბევრი შეცდომა დავუშვით და მაშინ ვერ შევძელით უკეთესი შედეგის ჩვენება“.
იური ვენგეროვმა უფრო თამაშის მიმდინარეობაზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენ არ ვიყავით ბოლომდე მზად ფსიქოლოგიურად, რომ ბოლომდე ერთნაირად გვეთამაშა. ხან კარგად ვთამაშობდით, ხან შედარებით სუსტად. ამის მიუხედავად მაინც მთელი თამაში უპირატესობაც ვფლობდით და თამაშის მიმდინარეობასაც წარვმართავდით. ეს საბოლოოდ შედეგზეც აისახა და გავიმარჯვეთ კიდეც.“
რუსეთი - აშშ 42:36




