ინტერვიუ ჯეიმს რობერტთან

  საქართველოში საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის – Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლებისა და ეკონომიკური ზრდის მკვლევარი ჯეიმს რობერტსი ჩამოვიდა. მან ეკონომიკური თავისუფლების უახლესი ინდექსის პრეზენტაცია გამართა. რობერტსის თქმით, ინდექსის შედეგებს ქვეყნების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე აქვს გავლენა, რაც მათ უფრო მოკლე დროში, კეთილდღეობის მიღწევაში ეხმარება. ამ ინდექსში საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანას შორის 29-ე, ხოლო ევროპის 43 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა. ეკონომიკური თავისუფლების 10 კომპონენტის მიხედვით, ქვეყნის ძლიერი მხარეებია შრომის, ვაჭრობის, ფისკალური და ბიზნესის თავისუფლება, ხოლო სუსტი მხარეები – საკუთრების უფლებები და კორუფციისგან თავისუფლება. წინა წელთან შედარებით, ყველაზე მეტად მონეტარული თავისუფლება გაუმჯობესდა. მთავრობის ხარჯები კი გაუარესდა. თავისუფალ უნივერსიტეტში გამართული ლექციის შემდეგ, ეკონომიკური თავისუფლების ზოგიერთ ასპექტზე, ტაბულა ჯეიმს რობერტსს გაესაუბრა.

 
 რა არის ეკონომიკური თავისუფლება?
 
ეკონომიკური თავისუფლება პირველ რიგში არის შესაძლებლობა კერძო პირებისთვის, რომ გააკეთონ რაც უნდათ, როგორც უნდათ. შემდეგ დამოუკიდებლად მოიმკან შედეგები: თუ ადამიანი აირჩევს, რომ ბევრი იმუშაოს – წარმატებას მიაღწევს, თუ აირჩევს, რომ იზარმაცოს – წარმატებას ვერ მიაღწევს. ამ ყველაფერზე მხოლოდ თვითონ იქნება პასუხისმგებელი. თუ ადამიანი ინოვაციურობას გამოამჟღავნებს, შექმნის კომპანიებს, სამუშაო ადგილებს და პროდუქციას, მაშინ მისი შემდგომი ბედი უნდა განსაზღვროს თავისუფალმა ბაზარმა და არა მთავრობამ. თუ ადამიანი ზარმაცია, მაშინ მარცხი უნდა იწვნიოს. სწორედ ეს პრინციპი არ ესმით სოციალისტებს. მათი გადმოსახედიდან ყველა მსხვერპლია: ადამიანის ცუდი გადაწყვეტილების შედეგი, მათი აზრით, მთავრობამ უნდა გამოასწოროს – უფრო პროდუქტიულს და წარმატებულს გამოართვას ფული გადასახადების სახით, რომ შემდეგ სხვის შეცდომებში გადაიხადოს. ეს არ არის ეკონომიკური თავისუფლება. ეს არც თანასწორობაა. ეკონომიკური თავისუფლება ნიშნავს ინდივიდის არჩევანის პატივისცემას და ღია კონკურენციას. მხოლოდ ამ პირობებში შეიძლება არადისკრიმინაციულობის მიღწევა.
 
რა უშლის ხელს ეკონომიკური თავისუფლების მიღწევას?
 
მთავრობის ზომა. გაბერილი სამთავრობო ხარჯებით, რეალურად, არანაირი პრობლემის გადაწყვეტა არ არის შესაძლებელი. მაგალითად, შეუძლებელია დიდი ზომის მთავრობის პირობებში, კორუფციას ეფექტიანად ებრძოლო. ასეთი მთავრობა კორუფციას კი არ ებრძვის – ქმნის. რაც უფრო ცენტრალიზებულია მთავრობა, მით უფრო კონცენტრირებულია ძალაუფლებაც და ფულიც, შესაბამისად, კორუფციის მეტი ცდუნებაც ჩნდება. დღეს ბევრი ქვეყანა დარწმუნდა, რომ ფედერალური მოწყობა უფრო მომგებიანია. ჩემი აზრით, ევროკავშირიც თავის დროზე სწორედ ამ მოდელით იყო ჩაფიქრებული. ხალხს უნდა, რომ მათი ხმა ისმოდეს, რომ მთავრობა რეალურად უსმენდეს და პასუხობდეს. რაც უფრო მეტად დაუტოვებს მთავრობა ხალხს თავისი შრომის ნაყოფს, მით უფრო მეტ წარმატებას და კეთილდღეობას მიაღწევს საზოგადოება.
 
რასაც თქვენ ამბობთ, სრულიად ლოგიკურია, თუმცა მთავრობის ზომა დღემდე მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ამ ფაქტს 2011 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსიც ზუსტად ასახავს. რატომ არის ეს ასეთი აქტუალური პრობლემა წლების განმავლობაში?
 
ცნობილი ფრაზა მახსენდება, რომელიც პრეზიდენტ ობამას ერთ-ერთ მრჩეველს ეკუთვნის. მან სრულიად გულწრფელად განაცხადა, რომ 2008 წლის კრიზისი ხელისუფლებას თავისი მიზნებისთვის უნდა გამოეყენებინა და შეშინებული ადამიანები სამთავრობო ხარჯების ზრდაში დაერწმუნებინა. იმ მოტივით, რომ მხოლოდ დიდ და ძლიერ მთავრობას შეუძლია თანაბრად გადაუნაწილოს მათ შემოსავალი. ამისთვის საკმარისია გაიზარდოს გადასახადები და ბიუჯეტში მეტი ფული შევიდეს, რასაც შემდეგ მთავრობა სწორად განკარგავს. სინამდვილეში, ფინანსური კრიზისი სწორედ დიდი ზომის მთავრობამ გამოიწვია. სახლების შესაძენად კრედიტები იმ ადამიანებმა მიიღეს, ვინც ვალს უკან ვერ დააბრუნებდა, რადგან ამისთვის არც შესაფერი საკრედიტო ისტორია და არც შემოსავალი ჰქონდათ. ეს იცოდა მთავრობამაც და იცოდნენ თვითონ ბანკებმაც. თუმცა რისკზე მაინც წავიდნენ, რადგან დიდი ქსელისა და ძალაუფლების მქონე კომპანიები – Fannie Mae და Freddie Mac  – ასე იოლად ვერ გაკოტრდებოდნენ. ისინი, რა თქმა უნდა, ისევ მთავრობამ იხსნა, კვლავაც გადასახადების გადამხდელთა ფულით. ამ შემთხვევაშიც, მთავრობამ წარმატებით გაამართლა თავისი გადაწყვეტილება, თუ რატომ გაიბერა ასე უსაშველოდ სამთავრობო ხარჯები.
 
2011 წლის ინდექსი აჩვენებს, რომ საქართველოსთვისაც წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაუარესებული სწორედ მთავრობის ზომის კომპონენტია. რა არის ამის მიზეზი?
 
საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის. მსოფლიოს ბევრმა მთავრობამ კრიზისზე პასუხად ამა თუ იმ ფორმით მაინც კეინზიანური სტიმულირების პოლიტიკა არჩია. საქართველომ, სხვა ბევრი ქვეყნის მსგავსად, როგორც ჩანს, სამთავრობო ხარჯების გაზრდის ცდუნებას ვერ გაუძლო და ეს ინდექსის ქულაზეც აისახა.
 
 ზოგადად როგორ შეაფასებდით საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების დინამიკას? 
 
ნამდვილად შთამბეჭდავია. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ცოტა დროა გასული მას შემდეგ, რაც საქართველომ საბჭოთა კომუნისტური სისტემისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. დიდი დრო სჭირდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას – რომ თავისუფალი ბაზარი მთავრობაზე უფრო ჭკვიანია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომ კანონის უზენაესობა და საკუთრების უფლებების დაცვა, ქვეყნის კეთილდღეობის გარანტია. ამ ინსტიტუტების შენებას დიდი დრო უნდა.
 
შეიძლება თუ არა, რომ ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ აქვს საქართველოს დაბალი ქულები საკუთრების უფლებებისა და კორუფციისგან თავისუფლების კომპონენტების მიხედვით?
 
ზოგადად, ამ კომპონენტებში ქვეყნების უმეტესობას უჭირს. კორუფციის კომპონენტი, მაგალითად, მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური თავისუფლების განვითარების სულ ბოლო – რეპრესირებულ – საფეხურზეა. კანონის უზენაესობა ორივე ამ კომპონენტისთვის გადამწყვეტია. გაერთიანებული სამეფოს მაგალითი რომ ავიღოთ, იქ დემოკრატიული ინსტიტუტების წარმატებული მშენებლობის ასწლოვანი ისტორია აქვთ და ჰყავთ ხალხი, რომლისთვისაც კანონია უზენაესი. ზუსტად ეს არის ყველაზე მთავარი – ინსტიტუტებთან ერთად აშენდეს სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო შეგნება, რომ კანონი კანონისთვის კი არ უნდა იყოს, არამედ იმისთვის, რომ ყველამ დაიცვას. ეს ადვილი არ არის. გაერთიანებულ სამეფომდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ეს ყველა ქვეყნისთვის ძნელია. კორუფციის თვალსაზრისით, საქართველო, სხვათა შორის, საკმაოდ ნორმალურ პოზიციაზეა – მსოფლიოს არაკორუმპირებული ქვეყნების მესამედში შედის.
 
მთავრობის ზომასთან ერთად, 2011 წლის ინდექსში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვაჭრობის თავისუფლებას. რატომ მაინცდამაინც ახლა და რატომ ვაჭრობა?
 
კრიზისის შემდეგ, განსაკუთრებით მწვავედ დადგა ხარისხიანი პროდუქციის დაბალ ფასად შეძენის აუცილებლობა. ისტორია გვაჩვენებს, რომ ბოლო 60 წლის განმავლობაში, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა დიდი მოგება მოუტანეს საკუთარ თავსაც და სავაჭრო პარტნიორებსაც – განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებს. თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავს ადგილობრივი მწარმოებლებისთვის მეტ კონკურენციას, რაც საბოლოო ჯამში აისახება პროდუქციის ფასსა და ხარისხზე – მოსახლეობას შესაძლებლობა უჩნდება, დაბალ ფასად მაღალი ხარისხის პროდუქცია შეიძინოს. ასეთი რამ დახურულ ეკონომიკურ სისტემაში უბრალოდ შეუძლებელია. ასე იყო, მაგალითად, საბჭოთა კავშირი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ისაა, რომ ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთში ვაჭრობენ, რომელთაც ერთმანეთში ინვესტიცია აქვთ ჩადებული, როგორც წესი, ერთმანეთს არ ეომებიან. 
 
მსოფლიოს რომელი რეგიონია ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი? 
 
ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, იაპონია, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნები, როგორც ცალკე ჯგუფი. ამ რეგიონების ქვეყნები ყველაზე მეტი კეთილდღეობით და ეკონომიკური თავისუფლებით გამოირჩევა. 
 
რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ ინდექსში პოზიცია გაიუმჯობესოს?
 
შეკვეცოს სამთავრობო ხარჯი. ამ შემთხვევაში ქვეყანა ინდექსში ავტომატურად წინ წაიწევს. უფრო გრძელ ვადაში სასამართლო რეფორმას და საკუთრების უფლებების დაცულობას უნდა მიხედოს. Heritage Foundation-ს იმედი აქვს, რომ საქართველო ეკონომიკური თავისუფლების იდეას ბოლომდე მიჰყვება და ინდექსშიც სულ უფრო წინ წაიწევს.

კომენტარები