მოსკოვი: თბილისი ადამიანის უფლებებს „უხეშად არღვევს“

ქართველი სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების „უხეში დარღვევაა,“ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მომხდარი ბოლოდროინდელი მოვლენები ობიექტურად შეფასდება არა მხოლოდ საერთაშორისო სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ, არამედ ყველა იმ სახელმწიფოს დედაქალაქში, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს მხარს უჭერენ,“ განაცხადა ლუკაშევიჩმა „ოპოზიციის წინააღმდეგ მისი ქმედებები, რომლებიც საერთაშორისოდ მიღებულ დემოკრატიულ ნორმებს არღვევს, საერთაშორისო დონეზე სერიოზულად უნდა იყოს გამოძიებული.“

მიხეილ სააკაშვილმა კი დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენების სცენარი „საქართველოს გარეთ“ დაიწერა. „მე მინდა კარგად გვესმოდეს,  რატომ უნდოდათ ამ ზეიმის ჩაშლა: იმისათვის, რომ საქართველომ ვერ შეძლოს  მსოფლიოს უთხრას, რატომ გვინდა ჩვენ თავისუფლება, იმისათვის რომ შური იძიონ ჩვენს ჯარზე, რომელმაც სრულიად უთანასწორო ბრძოლაში 2008 წლის აგვისტოს დღეებში გმირული წინააღმდეგობა გაუწია ასმაგად აღმატებულ  მტრს ძალებს, მიაყენა მათ უფრო დიდი ზარალი, ვიდრე მათ ათწლეულების განმავლობაში მიუღიათ რომელიმე ფრონტზე, ამიტომ იყო არჩეული საქართველოს შეიარაღებული ძალები და დღევანდელი დღე  ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის სამიზნედ,“ განაცხადა პრეზიდენტმა. 

კომენტარები