იმერული ღვინო

იმერულ ღვინოებს ჯერ კიდევ ვახუშტი ახსენებდა, განსაკუთრებით სვირულ ღვინოებს აქებდა და ამბობდა, მრავლად არის კარგი ღვინოო. ჩინებულ იმერულ ღვინოებზე ბევრი სხვა წყაროც მოგვითხრობს, თუმცა XIX საუკუნის მეორე ნახევრისთვის, ფილოქსერის საზოგადოების პირველ აღმწერლებს, ე. ნაკაშიძესა და ე. ვაწაძეს ძალზე სავალალო სურათი დახვდათ მხარეში. 80-იან წლებში იმერეთი ნაცარმა და ჭრაქმა დააზარალა, სულ მალე კი მას ფილოქსერას შემოტევა დაერთო და 90-იანი წლებისთვის იმერეთის მთელი ვენახების ნახევარზე მეტი უკვე განადგურებული იყო. იმერული ღვინო ალბათ სწორედ ჭრაქის შემოსვლის შემდეგ შეიცვალა საბოლოოდ, შეიცვალა ჯიშური შემადგენლობა, მევენახეობის წესები და, რაც მთავარია, მეღვინეობაც. 

კიდევ კარგი, ეს დაავადებები და მისი თანამდევი “იზაბელიზაცია” იმერეთს ისე არ დაეტყო, როგორც გურიას, მაგრამ აქაურობა მაინც ძალიან დაზარალდა. იმერულ ღვინოს დღემდე უჭირს და რომ არა რამდენიმე მცირე მეწარმე და ნამდვილი მეღვინე, მხარეში ძალზე არასახარბიელო სურათი დაიხატებოდა.
 
იმერეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვანი მხარეა, მისი 70% მთიანი ადგილებია, ყველგან ძალზე განსხვავებულია კლიმატური პირობები და ნიადაგური შემადგენლობა, ამიტომაც, თუკი ყველგან ღვინოს ტრადიციების დაცვით დაწურავენ და, რაც მთავარია, კარგად მოუვლიან ვენახსა და ღვინოს, ძალზე მრავალფეროვანი შედეგი შეგვიძლია მივიღოთ. 
 
იმერეთში ოდითგანვე გამოყოფდნენ რამდენიმე განთქმულ ადგილწარმოშობას. მე-19 საუკუნეში ღვინით ყველაზე სახელგანთქმული სოფლები იყო: დიმი, ობჩა, ცხენთარო, როდინაული, სვირი, კვალითი, ცხრაწყარო, ფუთი. როგორც ერთი ძველი ენოლოგი წერდა, იმერეთი განთქმულია სვირული კრახუნათი (რომელსაც ადრე, როგორც წესი, ოცხანური საფერეთიც ფერავდნენ ხოლმე), ობჩური ცოლიკოურითა და კვალითური ციცქათი. ცოლიკოურის ჯიშის ყურძენი საუკეთესო ღვინოს სოფელ ბაზალეთის, ხარაგაულის, ლაშეს ცარცულ ნიადაგებზეც იძლეოდა.
 
ბევრს დაუჯერებელი შეიძლება ეჩვენოს, მაგრამ, ენოლოგი კონსტანტინე მოდებაძე გასული საუკუნის 20-იან წლებში მიიჩნევდა, რომ ციცქა “სიძველეში მეტად სასიამოვნო, ნაზ, შინაარსიან ბუკეტს ივითარებს. ციცქას ღვინო დაახლოებით 20 წლის შემდეგ იწყებს მთელ თავის საუკეთესო თვისებათა განვითარებას. ეს არის მისი აყვავების საუკეთესო ხანა”. 
 
 ძველად იმერეთში რთველის დროის მიხედვით, სამ ძირითად ჯგუფად ჰყოფდნენ ჯიშებს. პირველ, საადრიო, ე.წ. სამაჭრე ჯიშების ჯგუფში შედიოდა: ყველაური, ჭაჭილაური, ძელშავი, მაისა, კაბისტონი, მაჩანოური. მეორე ჯგუფში იმერული ჯიშების ძირითადი სახეობები შედიოდა: ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, რკო, კუნძა და სხვა, რომლებიც სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებში შემოდიოდა მწიფობაში. მესამე ჯგუფში ხვდებოდა არგვეთული საფერე და ოცხანური საფერე, ასევე ადანასური და კამური, რომლებიც ოქტომბერში, ზოგჯერ კი ნოემბერშიც კი მწიფდებოდა.
 
თეთრი ღვინის დაწურვისას ყოველ 10 ფუთ წვენზე, ანუ 160 ლიტრ ყურძნის წვენზე 5 კილოგრამ ჭაჭას უმატებდნენ, წითლის შემთხვევაში კი ერთიდან 4 ფუთამდე ჭაჭას (ანუ 16-დან 60-70 კილოგრამამდე). ზოგიერთ სოფელში, როგორც, მაგალითად, საჩხერის რაიონის სოფელ ჩიხაში, 5-8 ფუთ ჭაჭასაც უმატებდნენ. ხშირი იყო შემთხვევები, როცა საგვიანო საფერე ჯიშების, ოცხანურისა და არგვეთულის ჭაჭას უკვე დადუღებულ წვენში ყრიდნენ და ამით ხელმეორე დუღილს იწვევდნენ ხოლმე.
 
დღეს ქართულ ბაზარზე სულ რამდენიმე კომპანიაა, რომელსაც იმერული ღვინო გამოაქვს. პირველ რიგში ეს არის „იმერული ღვინის კომპანია”, რომელიც  მეორე წელია ციცქასა და ოცხანურ საფერეს აწარმოებს, ასევე კომპანია ხარება, მისი გამორჩეული კრახუნა, ციცქა და ოცხანური საფერე უკვე კარგადაა ცნობილი ქართველი მომხმარებლისთვის. წელს გამოჩნდა ასევე გაიოზ სოფრომაძის ვანის ჩხავერის ჯიშიდან დაყენებული ღვინოები. ქართულ ბაზარზე გამოსვლას კიდევ ბევრი იმერელი მეღვინე ელოდება. 

კომენტარები